ბრიტანელმა არტისტმა მიკროქანდაკება ნემსის ყუნწში შექმნა

მიკროქანდაკება

ბრიტანელმა არტისტმა და მოქანდაკემ უილარდ უიგანმა მიკროქანდაკება ნემსის ყუნწში შექმნა. უიგანმა ყუნწში აღმოსავლელი მოგვების ბიბლიური სცენა ასახა.

ნამუშევარს "სამი პატარა მეფე" ეწოდა. როგორც თავად ამბობს, აქლემებისა და მეფეების გამოსახულებები ნეილონისგან დამზადდა, მეფეთა გვირგვინები კი 24-კარატიანი ოქროთი. უიგანი BBC-სთან განმარტავს, რომ მიკროქანდაკებაზე ის 4 კვირის განმავლობაში მუშაობდა - დღეში 16 საათი.

უიგანი ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ მიკროსკოპში ფუნჯის ყოველი გადასმა გულისცემის შუალედში უნდა მოხდეს, რადგან პულსაციამაც კი შესაძლოა მთელი ნაშრომი გააფუჭოს. უიგანი მრავალი პრესტიჟული სახელოვნებო ჯილდოს მფლობელია. გარდა იმისა, რომ უიგანის არტისტული ხელწერა და ინტერესი უნიკალურია, იგი არაერთი ადამიანისთვის შთაგონების წყაროსაც წარმოადგენს - მოქანდაკე აუტისტური სპექტრის მქონეა.