Bloomberg: სამხრეთ კორეა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო შეიარაღების გადასროლის შესახებ აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰუნ ჩონის განცხადებით, ოფიციალური სეული და ვაშინგტონი აწარმოებენ მოლაპარაკებებს სამხედრო შეიარაღების, მათ შორის Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ახლო აღმოსავლეთში გადასროლის შესახებ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ირანზე თავდასხმის შემდეგ აშშ-ის მოთხოვნა ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებსა და დამრტყმელ ჭურვებზე მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ვაშინგტონმა საკვანძო ბაზებისა და მოკავშირეების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა გააძლიერა.

როგორც Bloomberg-ი წერს, სამხრეთ კორეიდან სამხედრო ტექნიკის გადასროლა ხაზს უსვამს ვაშინგტონის მცდელობას მონახოს ბალანსი ჩრდილოეთ კორეის შეკავებასა და ახლო აღმოსავლეთში თავდაცვის გაძლიერებას შორის.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო მოსმენის დროს განაცხადა, რომ აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედროები მჭიდროდ თანამშრომლობენ, თუმცა დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, სამხედროებისა და სამხედრო შეიარაღების განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით მოხდება.

Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს სამხრეთ კორეაში 27 ათასი სამხედრო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რამდენიმე სისტემა აქვს განლაგებული, მათ შორისაა Patriot-ის ტიპის რამდენიმე ბატარეა.

გამოცემის მტკიცებით, მოლაპარაკებები აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის სამხედრო ძალების დისლოკაციის ადგილის შეცვლის შესახებ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ირანთან კონფლიქტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არსენალს ამცირებს.