1739302478
Bloomberg: აშშ-ის ხაზინის მდივანი უკრაინას ეწვევა, რათა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულის საკითხზე მოლაპარაკებები გამართოს
![სკოტ ბესენტი სკოტ ბესენტი](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/11/111803/skot-besenti_w_h.jpeg)
მიმდინარე კვირაში უკრაინას აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ეწვევა, რათა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულის საკითხზე მოლაპარაკებები გამართოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ბესენტის ვიზიტი ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიგეგმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია დაინტერესებულია უკრაინასთან შეთანხმების გაფორმებით, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინულ რესურსებზე წვდომას მისცემს, უსაფრთხოების სფეროში დახმარების სანაცვლოდ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ იგი გეგმავს შეხვედრას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე, რომელიც 14 თებერვალს გაიმართება.
ზელენსკიმ ასევე გამოხატა მზადყოფნა, განიხილოს შეთანხმება, რომელიც უკრაინას აშშ-ისგან დამატებით მხარდაჭერას მოუტანს, ხოლო სანაცვლოდ გარკვეული სასარგებლო წიაღისეული იქნება ჩართული ამ ხელშეკრულებაში.
უკრაინა მდიდარია სხვადასხვა სტრატეგიული მინერალებით, მათ შორის ურანით, ტიტანით, ლითიუმით და გრაფიტით, რომელთა ღირებულება, უკრაინული მთავრობის შეფასებით, ტრილიონ დოლარს აღემატება.
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა ფაქტობრივად დათანხმდა 500 მილიარდი დოლარის ღირებულების წიაღისეულის გადაცემას ვაშინგტონის მიერ გაწეული სამხედრო დახმარების სანაცვლოდ.