1728574816
ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის საქმეს სპეციალური პროკურორი შეისწავლის
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა სპეციალური პროკურორი დანიშნა, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის ფაქტს გამოიძიებს.
„მე მჯერა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის პროცესების ფარგლებში ყველა გამოძიების კეთილსინდისიერად წარმართვა შეიძლება. თუმცა, რეგულაციების მიხედვით, საგანგებო გარემოებები მოითხოვს ამ საკითხზე სპეციალური პროკურორის დანიშვნას”, – აღნიშნა გარლანდმა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის იურისტების გუნდმა ნოემბრის დასაწყისში ბაიდენის ყოფილ ოფისში, პენ ბაიდენის ანალიტიკურ ცენტრში 10-მდე საიდუმლო ფაილი აღმოაჩინეს და ისინი დაუყოვნებლივ გადასცეს ეროვნულ არქივს.
გავრცელებული ინფორმაციით, ანალიტიკურ ცენტრში, რომელსაც ჯო ბაიდენი ოფისად იყენებდა 2017-2020 წლებში, ინახებოდა აშშ-ის სადაზვერვო ჩანაწერები, ასევე უკრაინასთან, ირანსა და დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებული ბრიფინგების მასალები.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი ვილმინგტონში, ავტოფარეხში იპოვეს. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, ადვოკატებმა საბუთებში აღმოაჩინეს ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი საიდუმლო დოკუმენტები.