1737486440
ბაიდენ-ბლინკენის ადმინისტრაციის დროს შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება გამოიჩინა - ალიევი
ბაიდენ-ბლინკენის ადმინისტრაციის დროს შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება გამოიჩინა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, დავოსში, აშშ-ის ქრისტიანი ლიდერების კონფერენციის ხელმძღვანელთან, ჯონი მურთან შეხვედრის დროს განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონის მიდგომას ორმხრივ ურთიერთობებში კრიზისი მოჰყვა.
აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ილჰამ ალიევმა 907-ე შესწორების აღდგენა ბაიდენ-ბლინკენის ადმინისტრაციის უმადურობის გამოვლინებად მიიჩნია.
ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლების მხარდაჭერის აქტის 907-ე მუხლი კრძალავს შეერთებული შტატების ნებისმიერი სახის პირდაპირ დახმარებას აზერბაიჯანის მთავრობისთვის.