აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის მიღწეულია შეთანხმება პარტნიორობის ახალ პრიორიტეტებზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი

აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის მიღწეულია შეთანხმება პარტნიორობის ახალ პრიორიტეტებზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ასევე არსებობს თანხმობა ახალი შეთანხმების ხელმოწერისთვის მოლაპარაკებების განახლებაზე.

ბაირამოვი ამბობს, რომ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის სფეროში დადებითი დინამიკა შეინიშნება.

ამასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობებში ზოგადი დაძაბულობა იყო.

„ამის მიუხედავად, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაგრძელდა. დუშანბეში შეხვედრა ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით ეფექტური იყო“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის აღდგენის მცდელობები გაძლიერდა. ჩვენ კვლავ ერთგული დავრჩებით ორმხრივი დიალოგის მიმართ, რათა 2026 წელს სამშვიდობო პროცესი კიდევ უფრო წინ წავწიოთ. სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მარცვლეულის გაგზავნა და სომხეთის მიერ აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების შეძენა ნდობის აღდგენის პოზიტიური პროცესებია“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.