1745414340
Axios: ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვა სურს და არა დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის

ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვა სურს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელების მხრიდან იმის ნიშნები ჩნდება, რომ მათ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვა სურთ, არა ტრამპის სამშვიდობო გეგმის“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
ამასთან, Axois-მა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „საბოლოო შეთავაზების“ შინაარსი გამოაქვეყნა, რომელსაც დღეს, მისი სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი ლონდონში ევროპელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს წარუდგენს.
გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპის წინადადების თანახმად რუსეთი მიიღებს: აშშ-ის მიერ ყირიმზე რუსეთის კონტროლის „დე იურე“ აღიარებას, რუსეთის მიერ ოკუპირებული თითქმის მთელი ლუგანსკის ოლქისა და დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილების „დე ფაქტო“ აღიარებას, პირობა იმისა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება, თუმცა უკრაინა შეიძლება ევროკავშირის წევრი გახდეს, 2014 წლის შემდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და სამრეწველო სექტორებში.