ავსტრალიის პოლიცია შემზარავ მკვლელობას იძიებს - გადაგდებულ დივანში ადამიანის ცხედრის ნაწილები აღმოაჩინეს, მამაკაცი დნმ-ის ანალიზით ამოიცნეს

ბბბ

ავსტრალიაში, სიდნეის ჩრდილოეთ ნაწილში, ადგილობრივებმა მიტოვებულ დივანში ადამიანის ცხედრის ნაწილები აღმოაჩინეს. შემზარავი აღმოჩენა ტყიან ტერიტორიაზე, საცხოვრებელი უბნის სიახლოვეს მოხდა. მოგვიანებით დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ნეშტი 48 წლის მამაკაცს ეკუთვნოდა.

როგორც უცხოური მედია წერს, პოლიციას შემთხვევის შესახებ 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:30 საათზე შეატყობინეს. სამართალდამცველებმა შეტყობინება საეჭვო ნივთისა და ტერიტორიაზე გავრცელებული მძაფრი სუნის გამო მიიღეს.

პოლიცია Avian Crescent-ის მიმდებარე ტყიან ტერიტორიაზე მივიდა, სადაც გადაგდებული დივანი აღმოაჩინა. მისი სათავსოს დათვალიერებისას სამართალდამცველებმა ადამიანის ტორსი იპოვეს. ცხედარს თავი, ხელები და ფეხები არ ჰქონდა.

თავდაპირველი შეფასებით, ნეშტი ზრდასრულ მამაკაცს ეკუთვნოდა და აღნიშნულ ადგილას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები, პოლიციის სპეციალური დანაყოფები, სამძებრო ძაღლები და მკვლელობის საქმეთა განყოფილების გამომძიებლები მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიის დეტალური დათვალიერება დაიწყეს, რადგან ვარაუდობდნენ, რომ მამაკაცის სხეულის სხვა ნაწილებიც შესაძლოა იქვე ყოფილიყო გადამალული.

მოგვიანებით, დნმ-ის ანალიზის შედეგად, გარდაცვლილის ვინაობა დადგინდა. ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, ის 48 წლის მამაკაცი იყო, რომელიც დასავლეთ სიდნეიში ცხოვრობდა. ამასთან, გავრცელებული ცნობებით, ის გაუჩინარებულად ოფიციალურად გამოცხადებული არ ყოფილა.

ამ ეტაპზე უცნობია, რა ვითარებაში და როდის გარდაიცვალა მამაკაცი, ასევე ვინ დატოვა მისი ცხედარი ტყიან ტერიტორიაზე.

გამოძიება გრძელდება. პოლიცია გარდაცვალების გარემოებების დადგენასა და ცხედრის სხვა ნაწილების მოძიებას ცდილობს.

✕