ავსტრალიაში, სკოლაში დინოზავრის 200 მილიონი წლის წინანდელი ნაკვალევი იპოვეს

დინოზავრის ნაკვალევი

მეცნიერებმა ავსტრალიის ერთ-ერთი სკოლის შენობაში მტვრით დაფარული ქვის ფილა ნახეს, რომელზეც დინოზავრის ნაკვალევი აღმოჩნდა.

ქვა 20 წლის განმავლობაში ყურადღების მიღმა რჩებოდა, სანამ კვინსლენდში ბანანას საგრაფოს სკოლა პალეონტოლოგ ენტონი რომილიოს არ დაუკავშირდა. მათ ფილაზე არსებული სამთითა ნაკვალევების შესწავლა მოითხოვეს. რომილიოს თქმით, ნიმუშზე აღბეჭდილი ათეულობით ნაკვალევი ნახა, რომლებიც 200 მილიონი წლის წინანდელ იურულ პერიოდს მიეკუთვნება.

„ავსტრალიაში აქამდე აღმოჩენილ ნამარხებს შორის ეს ქვა ნაკვალევების სიუხვით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია", — ამბობს რომილიო. "ის დინოზავრების სიმრავლის, გადაადგილებისა და ქცევის შესახებ ინფორმაციის უპრეცედენტო წყაროა, თანაც იმ პერიოდისაა, საიდანაც ავსტრალიაში მათი ნამარხები დღემდე მოღწეული არაა".

„შესაძლოა, მსგავსი მნიშვნელოვანი ნამარხები წლების განმავლობაში ყველასთვის ხილულ ადგილასაც კი შეუმჩნეველი დარჩეს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი მდიდარი ისტორიული მასალა მთელი ეს დრო სკოლაში იყო", — დასძინა მეცნიერმა. 

ფილა ნახშირის მომპოვებლებმა 2002 წელს ამოთხარეს. როცა მასზე უჩვეულო ნაკვალევი შენიშნეს, ქალაქ ბილოილას სკოლას აჩუქეს, სადაც ის ფოიეში განათავსეს. ქვა სასწავლო დაწესებულებაში იქამდე დარჩა, სანამ მეცნიერებმა ამ რეგიონში დინოზავრის ნამარხების მოკვლევა არ დაიწყეს.

"ზოგიერთმა მასწავლებელმა იფიქრა, რომ ეს ქვა არა ნამდვილი ნამარხი, არამედ მხოლოდ ასლი იყო. მათ ბოლომდე არ ესმოდათ, რამდენად უნიკალური რამ ჰქონდათ. ისინი სიღრმისეულ დეტალებს ისე ვერ აღიქვამდნენ, როგორც მე, მეცნიერი", — ამბობს რომილიო.

ფილის ფართობი ერთ კვადრატულ მეტრსაც არ აღემატება, თუმცა მასზე დინოზავრის ფეხის 66 ანაბეჭდია. როგორც აღმოჩნდა, ისინი Anomoepus scambus-ის სახეობას ეკუთვნის — ბალახისმჭამელ პატარა ცხოველს, რომელიც ორ ფეხზე დადიოდა. 

„მართალია, ასეთი განამარხებული ნაკვალევი დინოზავრთა ნამარხებს შორის ყველაზე გავრცელებულია, თუმცა ბევრ მკვლევარს მაინც უყურადღებოდ რჩება. ყველაზე ხშირად აღმომჩენები ჩვეულებრივი ადამიანები არიან", — აცხადებს მეცნიერი.

რომილიოს მიერ ნამარხების ძებნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენის საფუძველი გახდა. "ქვანახშირის მაღაროს ავტოსადგომზე შესვლისას ორტონიანი ლოდი დავინახე, რომელიც გაზონს მანქანებისგან იცავდა. მასზე დინოზავრის ნამარხი მკაფიოდ ჩანდა. ამის დანახვისას თვალებს არ დავუჯერე”, — აღნიშნავს ის.