ავიაკატასტროფა, რომელმაც 29 ადამიანი შეიწირა, გადარჩენილები კი კანიბალებად აქცია - 16 ადამიანის მძიმე 72 დღე

ავიაკატასტროფა

1972 წლის 13 ოქტომბერს ანდებში ავიაკატასტროფა მოხდა. კატასტროფას 16 ადამიანი გადაურჩა. ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილებმა 72 ჯოჯოხეთური დღე ანდებში გაატარეს. 

ერთ-ერთმა გადარჩენილმა, რობერტო კანესამ, 1995 წელს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არსებობდა ბედისწერის განსაკუთრებული ნიშნები, რომლებიც მიანიშნებდა, რომ ფრენა უნდა გადაედოთ. თუმცა, არავის უფიქრია, რომ თავს ამხელა უბედურება დაატყდებოდათ... 

თვითმფრინავი 45-ადგილიანი იყო. ამხანაგურ მატჩზე მორაგბეთა 35-კაციანი გუნდი მიემგზავრებოდა. რაკი ადგილები იყო, მათ თან 2 გოგონა და 8 მეგობარი წაიყვანეს.

თუმცა, ფრენის დღეს უამინდობა იყო. შტორმის ფონზე კი ეკიპაჟის წევრებს არგენტინაში დაშვება მოუწიათ. ერთი ღამე იქ გაათიეს, თუმცა ქარი ჩადგომას არ აპირებდა. პილოტი მგზავრებს მოუწოდებდა, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ და სიცოცხლის რისკის ფასად მატჩში მონაწილეობა არ იყო ასეთი აუცილებელი. როგორც მოგვიანებით გადარჩენილებმა გაიხსენეს, პილოტთან 19 წლის რობერტო კანესა მივიდა, რომელმაც ირონიულად იკითხა: "თქვენ რა, მშიშრები ხართ?" პილოტმა, 40 წლის ხულიო ფერალასმა კი ბიჭებს უპასუხა: "ახალგაზრდებო, გინდათ ხვალ თქვენმა მშობლებმა გაზეთებში წაიკითხონ, რომ 45-კაციანი თვითმფრინავი უამინდობის გამო ჩამოვარდა?" კანესას ეს სიტყვები შემდეგ სამუდამოდ დაამახსოვრდა... 

ეკიპაჟის მოთხოვნით, პილოტმა ფრენა განაგრძო. ფრენის პირველი საათი გეგმის მიხედვით წარიმართა, შემდეგ კი თვითმფრინავმა მოულოდნელად რყევა დაიწყო. ის ციკლონში მოხვდა. პილოტების სიმარჯვის გამო, თვითმფრინავი მთის მწვერვალს პირდაპირ არ შესჯახებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ადგილზე დაიღუპებოდა. ფრთა ციცაბო კლეს გამოედო, პილოტებმა კონტროლი დაკარგეს და თვითმფრინავი ჩამოვარდა. 10-ზე მეტი მგზავრი მაშინვე გარდაიცვალა. დანარჩენებმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს.

დაჭრილებს არც საკვები ჰქონდათ, არც მედიკამენტები, ტემპერატურა კი სულ უფრო მეტად ეცემოდა. ამავდროულად, გადარჩენილებმა გაიგეს, რომ მათ ეძებდნენ, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, მეორე პილოტმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე კოორდინატები არასწორად გადასცა და მათ სხვა მხარეს ეძებდნენ.

მესამე დღეს ჰორიზონტზე მაშველი თვითმფრინავი გამოჩნდა. თუმცა, თვითმფრინავის ნარჩენები თოვლით იყო დაფარული და ვერ შენიშნეს. გადარჩენილებს ერთმანეთზე ჩახუტებულებს ეძინათ, მაგრამ დილით ხელები და ფეხები მაინც მოყინული ჰქონდათ.

7 დღის შემდეგ ისედაც მწირი საკვები ამოიწურა... რადიო, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობდა, აცხადებდა, რომ თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები დასრულდა, რადგან მის კვალს ვერ მიაკვლიეს. მე-13 დღეს ერთ-ერთმა გადარჩენილმა ჩურჩულით თქვა, რომ მიცვალებულების ცხედრების შეჭმა მოუწევდათ.

„ადამიანების ხორცის ჭამა ადვილი არ არის. გონება უნდა აიძულო, რომ ეს გააკეთო. ჯერ პირის გაღება, შემდეგ კი გადაყლაპვა იყო ძალიან რთული“, - გაიხსენა ხოსე ლუისინსიარტემ. 

მე-14 დღეს გადარჩენილები შეთანხმდნენ, რომ ვინც უახლოეს მომავალში გარდაიცვლებოდა, მას აირჩევდნენ მსხვერპლად. მე-15 დღეს ზვავი ჩამოწვა და რთული მდგომარეობა, კიდევ უფრო გაართულა. 

12 დეკემბერს ნანდო პარადომ, ანტონიო ვისინტინიმ და რობერტო კანესამ გადაწყვიტეს, ჩილესკენ ფეხით დაძრულიყვნენ. მე-10 დღეს ისინი მწყემსს, სერხიო კატალანს შეხვდნენ, რომელმაც დაკარგულების შესახებ ადგილობრივებს აცნობა. 22 დეკემბერს მათ გადასარჩენად თვითმფრინავი გაუშვეს. მაშველები რომ მივიდნენ, ადგილზე ლამის ჩონჩხად ქცეული ადამიანები დაინახეს. თვითმფრინავს ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ სწორედ ორმა გადარჩენილმა შეატყობინა. ავიაკატასტროფას 45 მგზავრიდან საბოლოოდ 16 გადაურჩა.

2012 წელს ურუგვაის ნაკრების გადარჩენილი წევრები სანტიაგოში სათამაშოდ ჩავიდნენ და Old Boys-ის კლუბთან შეხვედრა გამართეს. მატჩი 0:0 დასრულდა.

ასევე ნახეთ:

კავკასიის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის ნაწილს დღეს დენი გაეთიშება - სია

ნახეთ, როგორი ამინდი იქნება ზამთრის პირველ დღეს საქართველოში