უკრაინასთან წიაღისეულის შეთანხმება არ უკავშირდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს - სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

ტემი ბრუსი

უკრაინასთან წიაღისეულის შეთანხმება არ უკავშირდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა განაცხადა.

ბრუსის თქმით, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ უკრაინასთან დადებული შეთანხმება იშვიათი წიაღისეულის შესახებ და ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ცალ-ცალკე პროცესებია.

„შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ცალკე პროცესია. ეს არის ის, რაც უდავოდ უნდა გაგრძელდეს და უზრუნველყოს მომავალში სახსრების შედინება კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკრაინის აღდგენისთვის“, – აღნიშნა ბრუსმა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმების დადება მიუთითებს უკრაინა-აშშ-ის პარტნიორობის გაძლიერებაზე.

„როგორც უკვე ვთქვით, შეერთებულ შტატებთან მეგობრობა შეუძლია, დაეხმაროს თქვენს ქვეყანას, გახადოს ის უფრო უსაფრთხო და გახსნას მომავალი ხალხისთვის“, – აღნიშნა ბრუსმა.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინის რადამ აშშ-სთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა. დოკუმენტს მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ იყო.

აშშ-მა და უკრაინამ სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივად მოპოვებისა და უკრაინის აღსადგენად საინვესტიციო ფონდის შესაქმნელად შეთანხმებას 30 აპრილს მოაწერეს ხელი.