აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

ბაიდენი-ზელენსკი

აშშ უკრაინას 425 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

„დღეს პრეზიდენტმა გამოაცხადა უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ, რომელიც მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, საბრძოლო მასალას, ჯავშანტექნიკას და კრიტიკულ საბრძოლო მასალას უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“,- აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წლის ნოემბერში, პრეზიდენტი ბაიდენი უმასპინძლებს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ლიდერთა ვირტუალურ შეხვედრას, სადაც ლიდერები საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კოორდინაციას გაუწევენ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების საკითხებს.​​​​​​​​​​​​​​​​