აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურმა დააკავა უკრაინის ორი მოქალაქე აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის არალეგალურად მიცემისთვის - კრისტი ნოემი

კრისტი ნოემი

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი აცხადებს, რომ დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის არალეგალურად მიცემისთვის. ამის შესახებ ამერიკელი მაღალჩინოსანი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მისი ცნობით, უკრაინის ორი მოქალაქე საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტთან თანამშრომლობით დააკავეს.

„მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურმა დააკავა უკრაინის ორი მოქალაქე 2024 წლის არჩევნებში ხმის არალეგალურად მიცემისთვის. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, თუ ჩვენს ქვეყანაში ჩამოხვალთ და ჩვენს კანონებს დაარღვევთ, ამას შედეგები მოჰყვება“, – წერს კრისტი ნოემი.