აშშ-ის ხაზინის მდივანი: პრეზიდენტი ტრამპი გრენლანდიას აშშ-ის სტრატეგიულ აქტივად მიიჩნევს

სკოტ ბესენტი

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა დავოსში განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან გრენლანდიის გამო ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ საპასუხო სავაჭრო ზომების მიღება „ძალიან გონივრული ნაბიჯი არ იქნება“.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას გრენლანდიაზე - დანიის ავტონომიურ ტერიტორიაზე - კონტროლის დამყარება სურს და იმ ქვეყნებს, რომლებიც ამას შეეწინააღმდეგებიან, საბაჟო ტარიფების გაზრდით დაემუქრა. ევროკავშირი კი საპასუხო ზომების მიღებას განიხილავს.

„პრეზიდენტი ტრამპი გრენლანდიას აშშ-ის სტრატეგიულ აქტივად მიიჩნევს. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენს ნახევარსფეროში უსაფრთხოების საკითხები სხვას გადავაბაროთ“, - განაცხადა სკოტ ბესენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნამდე.