„სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე...“ - მეგასკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1772569424
მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად სვამს ყავას და ბევრისთვის ფინჯანი ყავა დილის განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა, რადგან ყოველდღიური ჩვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, სპეციალისტები ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ყავა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
გამოცემა Parade-ის ცნობით, კარდიოლოგების თქმით, ყავის გავლენა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, როგორ და რა რაოდენობით ვსვამთ მას.
როდესაც საქმე შავ ყავას დანამატების გარეშე ეხება, სამეცნიერო კვლევები ერთმანეთისგან განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს. როგორც კარდიოლოგები განმარტავენ, ყავამ შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში გაზარდოს არტერიული წნევა და გამოიწვიოს არტერიების გამაგრება, რაც გულის ჯანმრთელობისთვის არასასურველია. თუმცა არსებობს კვლევებიც, რომლებიც მიუთითებს, რომ ყავის ზომიერი მოხმარება შესაძლოა ჰიპერტენზიისა და სხვა გულ-სისხლძარღვთა რისკფაქტორების შემცირებასაც უკავშირდებოდეს.
სპეციალისტების რეკომენდაციით, საუკეთესო გამოსავალი ზომიერებაა. კარდიოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ დღეში დაახლოებით ერთი ფინჯანი ყავა ოპტიმალურ რაოდენობად შეიძლება ჩაითვალოს.
კვლევები ასევე აჩვენებს, რომ დღეში ერთი-ორი ფინჯანი შავი ყავა შესაძლოა სასარგებლოც იყოს. ის აუმჯობესებს სისხლძარღვთა ფუნქციას, ამცირებს გულის უკმარისობის განვითარების რისკს და დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე, რაც დიდწილად ყავის ანტიოქსიდანტურ თვისებებს უკავშირდება.
მიუხედავად ამისა, კოფეინის ჭარბმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულისცემა და არტერიული წნევა, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებიც კოფეინის მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან.
კარდიოლოგები ყურადღებას ამახვილებენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე - როგორ ვამზადებთ ყავას.
მათი თქმით, ყავა დიდი რაოდენობით შაქართან ერთად გულის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მაგალითად, კარამელის მაკიატო, ფრაპუჩინო და მსგავსი სასმელები ხშირად ასობით კალორიას და დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, რაც ყავის შესაძლო სასარგებლო ეფექტს ამცირებს.
სპეციალისტების განმარტებით, შაქრის ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა დააზიანოს სისხლძარღვები, გამოიწვიოს არტერიებში ნადების დაგროვება და გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ისეთი რისკფაქტორების განვითარებასაც, როგორიცაა დიაბეტი და ჰიპერტენზია.
კარდიოლოგების რეკომენდაცია მარტივია: თუ ყავის დალევა გიყვართ, უმჯობესია ზომიერად მიირთვათ და შეძლებისდაგვარად შაქრის გარეშე. ასე შესაძლებელია მისი სასარგებლო თვისებების შენარჩუნება და გულის ჯანმრთელობის დაცვაც.