აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღმოჩენილია მილიონზე მეტი დოკუმენტი, რომლებიც, შესაძლოა, ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან იყოს დაკავშირებული

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტ

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღმოჩენილია მილიონზე მეტი დოკუმენტი, რომლებიც, შესაძლოა, ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან იყოს დაკავშირებული. აღნიშნულის შესახებ მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, ამის გამო დოკუმენტების სრული გამოქვეყნება რამდენიმე კვირით გადაიდო.

„ადვოკატები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა განიხილონ და კანონით გათვალისწინებული რედაქტირება შეიტანონ მსხვერპლთა დასაცავად. დოკუმენტებს რაც შეიძლება მალე გამოვაქვეყნებთ“, – ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმის მორიგი მასალები 19 და 23 დეკემბერს გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ფოტოებში ფიგურირებენ ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ, მომღერალი მიკ ჯაგერი, მსახიობი კევინ სპეისი, ამერიკელი მომღერალი მაიკლ ჯექსონი, მომღერალი, მსახიობი დაიანა როსი და ბიზნესმენი რიჩარდ ბრენსონი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი.

ამასთან, საქმის მორიგი მასალების გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი ეპშტეინს იმაზე ხშირად სტუმრობდა, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. კერძოდ, 1993-1996 წლებში ტრამპი ეპშტეინს კერძო თვითმფრინავით, სულ მცირე, რვაჯერ ესტუმრა. ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.