ქართული საახალწლო ტრადიციები - ნახეთ, რომელი კუთხე როგორ ხვდებოდა შობა-ახალ წელს

საახალწლო სუფრა

ახალი წელი მსოფლიოში განსაკუთრებული დღესასწაულია. საქართველოში საახალწლო ტრადიციები დიდი ხნის წინ დამკვიდრდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ჩვენთან ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. IV საუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX საუკუნის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან –მარტიდან იწყება. იანვარში კი ახალი წლის აღნიშვნა ჯერ კიდევ X საუკუნეში დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. სწორედ ამ პერიოდში დაწესდა ძალიან ბევრი საახალწლო წეს-ჩვეულება და რიტუალი.

ნახეთ, როგორ ხვდებოდნენ და ახლა როგორ ეგებებიან ახალ წელს საქართველოს კუთხეებში:

ქართლ-კახეთი

ქართლსა და კახეთში ახალი წლისთვის ჩამიჩიან პურებს, იგივე ნაზუქებს აცხობენ. ოჯახის ყოველს წევრს თითო ჩამიჩიანი პური უნდა შეხვდეს. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ტეხს. ახალი წლის ღამეს  ჩურჩხელებს, ჩირს,  ღორის თავს ჩამიჩიან პურებთან ერთად ხახალაზე აწყობენ და თან არაყსა და ღვინოსაც მიუდგამენ გვერდით. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადის და სახლს სამჯერ შემოუვლის. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავს და საგანგებოდ მომზადებული ჯამიდან ყველას თითო ლუკმა პურს უდებს პირში.

ქართლი

ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე “დასაბერებლად” თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში,,აბრამიანს” უწოდებენ.

თუშეთი
თუშეთში, ზამთრის სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა, რომელსაც თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებენ. ამიტომ,  თუშებიც თავიანთ „წელწდობას“ მოწიწებით ეგებებიან.

საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს „ქრისტეს საგძალს“, კაცზე „ბაცუკაცს“ და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ხარისას რქები აქვს, ძროხისას – ძუძუები, ცხვრისას – დუმა, ცხენისა კი ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და „კერის კვერს.“

საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და იტყვის: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!“

ფშავი

მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად (საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან „ნაყრს“ – ყველს და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: „წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო.“ ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას სახელს შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლს და ხილს შეაჭმევს, „დააბერებს“ და ერთმანეთს ეტყვიან: „ეგრემც ტკბილად დამიბერდიო“. გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი უცდის წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების გამობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოჰკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგებიან.

ხევსურეთი

ხევსურები ახალ წელს „წელწადს“ უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს: თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნებაო.

რაჭა

საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს "კერია-ბერიას", რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას "მაკვრიელი" ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით: "შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის",  შემდეგ წყლის მოსატანად წავა.  მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს "კერია-ბერიას" უნაწილებენ.

რაჭაში თუ წინა წლის მეკვლეს ოჯახი კარგად დასცდიდა, მას კიდევ სამი წლით ირჩევდნენ. ამ სამი წლის განმავლობაში მეკვლე ოჯახს ახალი წლის დადგომას ღვინის დოქით, მოხარშული ლორით, შემწვარი წიწილით, ვაშლში ჩარჭობილი ხურდა ფულით, ჩიჩილაკითა და სანთლით ხელში პირველი ულოცავდა.

რაჭულ საახალწლო სუფრას ლობიანები, ღვინო, ლორი, თაფლი, კაკალი, ტყლაპი, ჩირი და ვაშლი ამშვენებს.

ლეჩხუმი

ლეჩხუმში ახალ წელს, ნაშუადღევს, ოჯახის უფროსი მამაკაცი ზურგზე მოიკიდებდა მეორე მამაკაცს და ვენახისკენ გასწევდა. თან მიჰქონდა ტაბლა, რომელზდაც ეწყო ღვინიანი ჭიქა, ღორის შემწვარი ხორცი, ანთებული სანთელი და ხორბლის ერთ-ერთი ჯიშის – ზანდურის თავთავების კონა. 

ამის შემდეგ კაცს ჩამოსვამდა, თავთავების კონას სარზე ჩამოაცვამდა, ტაბლას წაღმა შეატრიალებდა, მერე ღვინით დაილოცებოდნენ და მიტანილ სანოვაგეს შეექცეოდნენ.

სვანეთი

სვანეთში ახალი წლის ღამეს ყველიან პურს აცხობენ, რომელთაგან ერთი სხვებთან შედარებით დიდია და შუაში ჯვარი აქვს გამოსახული. 

მეკვლე კარებზე დააკაკუნებს სიტყვებით: კარი გააღეთ, ღვთის წყალობა მომაქვს, სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ფულს, ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.

რაც შეეხება მეკვლეს, ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩააწყობენ თაფლს, ყველს, ხორცსა და სხვა სანოვაგეს და სახლის კარზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. 

იმერეთი

საახალწლოდ რამდენიმე ჩიჩილაკი მზადდებოდა. ერთ-ერთი მარნისთვის იყო განკუთვნილი. ახალი წლის დილას შინაური მეკვლე წყაროდან წყალს მოიტანდა. ოჯახის წევრები პირს დაიბანდნენ და ისევ მეკვლის წინამძღოლობით მარნისკენ წავიდოდნენ. მიჰქონდათ სანოვაგით სავსე გობი, ორშიმო და ჩიჩილაკი. მეკვლე ჩიჩილაკს საახალწლო ჭურის გვერდით დაასობდა. მარანს ახალ წელს მიულოცავდა, შემდეგ საახალწლო ჭურს მოხდიდა, ღვინოს გასინჯავდნენ და დოქებს აავსებდნენ. ამ ტრადიციიდან, დღეს ცოტა თუა შემორჩენილი.

სამეგრელო

სამეგრელოში ახალი წლის ღამეს ყოველი ოჯახიდან რამდენიმეჯერ თოფს ისვრიან. გათენებისას ოჯახის უფროსი ხელში ჩიჩილაკს იღებს და გარეთ გადის.

მეგრულ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა (ღომი, ელარჯი, საცივი და სხვა) აუცილებლად კეთდება რაიმე უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს აძლევს.

ადრე, სამეგრელოში ახალი წლის წინა ღამეს ჩიჩილაკი მზადდებოდა, მისალოციდან ყველაფერი იდებოდა გობზე. ტკბილეულთან ერთად ეს იყო სუროს ტოტები და თხილის ხვიხვილის თაიგული. რიტუალი იწყებოდა მთვარის ამოსვლასთან ერთად, რადგან ძველად დიდი ყურადღება ექცეოდა მთვარეზე მკითხაობას.

გურია

გურიაში, ისევე როგორც სამეგრელოში, შობა-ახალ წელს კალანდობას უწოდებენ. ახალ წელს აუცილებლად იკვლება ღორი, ცხვება გურული კვერები ყველითა და კვერცხით, ნაზუქები, მზადდება კუპატი, საცივი. კალანდობის მთავარი ატრიბუტი  ჩიჩილაკია, რომელიც აუცილებლად უნდა მოირთას. გურიაში ახალი წელს ოჯახის უფროსი ულოცავს ოჯახს. ახალი წლის დადგომისთანავე იგი ჯერ მარანსა და საბძელს მოინახულებს, შემდეგ შევა სახლში, წითელი ღვინით და დალოცავს ქვეყანასა და ოჯახს. ახალი წლის ღამეს გურიაში მეალილოეები დადიან და მღერიან, აგროვებენ ტკბილეულს, ფულსა და ხილს.

სამცხე-ჯავახეთი

31 დეკემბერს მზის ჩასვლისას ოჯახის უფროსი მამაკაცი ხელში რკინის ჯოხით სახლს სამჯერ შემოუვლიდა და ფუძის ანგელოზს სთხოვდა, მისი ოჯახი ეშმაკის გზიდან აეცდინა.

საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას.

ამის შემდეგ სახლის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა.

მამლის ყივილისას ამ ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით; „ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლშვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმინდა ბასილას მადლი.“

აჭარა

აჭარაში საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია აჩმა და ბაქლავა. მარცვლეული და, განსაკუთრებით, ხორბალი. ხორბალი მთელ საქართველოში  ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ, აჭარაშიც ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან ილოცებიან.

ახალგაზრდები თითქმის გათენებამდე დადიოდნენ სოფელში და ყველა ოჯახს ახალი წლის დადგომას სიმღერით ულოცავდნენ:

„შემოვდგი ფეხი, გილოცავთ,
გწყალობდეთ წმინდა ბასილი,
იმისი მადლით იყავით
პურით და ღვინით ავსილი.“
მასპინძლები საჩუქრებს აძლევდნენ მომლოცველებს.

ძველად, აჭარაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ფერხვას (იგივე მეკვლეობა). უპირატესობა ენიჭებოდა ბავშვის, უფრო კი ბიჭი ბავშვის მეკვლეობას.

აფხაზეთი

აფხაზეთში ახალ წელს განსაკუთრებულად არა 31 დეკემბერს, არამედ 13 იანვარს ხვდებიან. ამ დღეს „განახლებას", ანუ „სამყაროს შექმნას" უწოდენ. აჯირნიხუა ანუ ხეჩხუამა - ასე უწოდებენ ძველ ახალ წელს, რომელიც აფხაზეთში ოფიციალურადაა აღიარებული არასამუშაო დღედ.