არ შეიძლება, ქვეყანა გიყვარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც იმარჯვებ - ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი

ჩვენ ვართ დემოკრატიაში, სადაც ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„200 წელზე მეტია, ამერიკა ატარებს მსოფლიოს ისტორიაში თვითმმართველობის უდიდეს ექსპერიმენტს. ეს არ არის ჰიპერბოლა. ეს არის ფაქტი, სადაც ხალხი ხმას აძლევს და ირჩევს საკუთარ ლიდერს და ამას აკეთებენ მშვიდობიანად. ჩვენ ვართ დემოკრატიაში, სადაც ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს. გუშინ მე ვესაუბრე არჩეულ  პრეზიდენტ ტრამპს. მივულოცე მას გამარჯვება და დავარწმუნე ის, რომ მთელ ჩემს ადმინისტრაციას მივმართავ, რომ იმუშავონ მის გუნდთან ერთად ძალაუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაბარების უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რასაც ამერიკელი ხალხი იმსახურებს. გუშინ მე ასევე ვესაუბრე  ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს. ის იყო პარტნიორი და სახელმწიფო მსახური. მან აწარმოა შთამაგონებელი კამპანია და ყველამ დაინახა ის, რასაც მე ასე ძალიან ვცემ პატივს, მისი ხასიათი. მას აქვს მტკიცე ხერხემალი და შესანიშნავი, ნამდვილი ხასიათი.  მან ჩადო მთელი გული და ძალისხმევა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კამალა ჰარისი და მთელი მისი გუნდი უნდა ამაყობდნენ წარმოებული კამპანიით.

„მე ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ეს არის გამარჯვების დრო, ზოგისთვის კი – მარცხის დრო. კამპანია არის კონკურენტული ხედვების შეჯიბრი. ქვეყანა ირჩევს ერთს ან მეორეს. ჩვენ ვიღებთ არჩევანს, რომელსაც ქვეყანა აკეთებს. მე მრავალჯერ მითქვამს, რომ არ შეიძლება, გიყვარდეს ქვეყანა მხოლოდ მაშინ, როდესაც იმარჯვებ; არ შეიძლება, გიყვარდეს მეზობელი მხოლოდ მაშინ, როდესაც ეთანხმები. ვფიქრობ, რაც შეიძლება გააკეთოთ, ვისთვისაც არ უნდა მიგეცათ ხმა, არის ის, რომ დაინახოთ ერთმანეთში არა მეტოქეები, არამედ თანამემამულე ამერიკელები, დაუწიოთ ტემპერატურას. ასევე, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავასრულოთ საკითხი ამერიკული საარჩევნო სისტემის სამართლიანობასთან დაკავშირებით. ის არის პატიოსანი, სამართლიანი და გამჭვირვალე. მისი ნდობა შეიძლება, განურჩევლად იმისა, დამარცხდი თუ გაიმარჯვე. ასევე, ჩვენ უნდა აღვადგინოთ პატივისცემა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის მიმართ. ჩვენ მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. მადლობა გადავუხადოთ საარჩევნო უბნებზე მუშაობისთვის, ხმების დათვლისთვის, არჩევნების სამართლიანობის დაცვისთვის. ბევრი მათგანი მოხალისეა, რომელმაც ეს საქმე მხოლოდ ქვეყნის სიყვარულის გამო შეასრულა. მათ შეასრულეს საკუთარი ვალდებულებები, როგორც მოქალაქეებმა. მე შევასრლებ ჩემს ვალდებულებას, როგორც პრეზიდენტი. მე შევასრულებ ჩემს ფიცს. მე პატივს ვცემ კონსტიტუციას. 20 იანვარს ჩვენ გვექნება ამერიკაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მან ასევე ისაუბრა თავისი პრეზიდენტობის ვადაზე და შესრულებულ სამუშაოზე. ბაიდენმა აღნიშნა, რომ დაწყებული პროექტებისა და საკანონმდებლო ინიცატივების შედეგები საგრძნობი იქნება მომავალი ათი წლის განმავლობაში.

„არ დაივიწყოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ. ეს იყო ისტორიული პრეზიდენტობა“,  – აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, მისი ადმინისტრაცია ტოვებს მსფლიოში უძლიერეს ეკონომიკას.

„ახლა ჩვენ გვაქვს 74 დღე ჩვენი ვადის დასასრულებლად. მოდით, ყოველი დღე მნიშვნელოვანი გავხადოთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგბელობა ამერიკელი ხალხის წინაშე. გახსოვდეთ, მარცხი არ ნიშნავს, რომ დავმარცხდით. ჩვენ წავაგეთ ამ ბრძოლაში. თქვენი ოცნებების ამერიკა მოგიწოდებთ თქვენ ადგომისკენ. ასე არის ამერიკის ისტორია 200 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ბაიდენმა.