1737285948
8-საათიანი იზოლაცია, 8-საათი საჭმლის გარეშე ყოფნას უდრის - კვლევა
ადამიანები სოციალური არსებები ვართ და სხვებთან კომუნიკაცია ზუსტად ისევე გვჭირდება, როგორც წყალი, ჰაერი და საკვები. ადრე ჩატარებულმა კვლევებმაც აჩვენა, რომ იზოლაცია ფიზიკური ზიანის რისკის ქვეშ გვამყოფებს, იმაზე უფრო ფართო მასშტაბითაც კი, ვიდრე ჩვენ გვგონია. ამჯერად ვენისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ 8-საათიან მარტოობას ჩვენი ენერგიის შთანთქმა შეუძლია - ზოგიერთი ჩვენგანისთვის ეს 8-საათიან შიმშილს უდრის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გუნდის ლაბორატორიული ცდებისა და საველე ექსპერიმენტების თანახმად, მეტად სავარაუდო იყო, რომ ადამიანებზე, რომლებიც მარტო ცხოვრობდნენ და რომლებსაც სიამოვნებდათ სოციალური ინტერაქციები, კომპანიონის გარეშე ყოფნა ნეგატიურად ზემოქმედებდა.
„ლაბორატორიულ კვლევაში გამაოგნებელი მსგავსებები გამოიკვეთა სოციალურ იზოლაციასა და მშიერი ყოფნას შორის. ორივე მდგომარეობა დაბალ ენერგიასა და, შესაბამისად, მაღალ დაღლილობის მაჩვენებელს გვაძლევს. გასაოცარი კი ის არის, რომ საკვების შემთხვევაში ეს ბუნებრივია, რასაც ვერ ვიტყვით სოციალურ იზოლაციაზე…“, - აცხადებენ მკვლევრები.
ლაბორატორიულ კვლევაში 30 ქალი იღებდა მონაწილეობას, რომელთაც 3 დღე 8-8 საათით აკვირდებოდნენ: ერთ დღეს მათ სოციალური კონტაქტი არ ჰქონდათ, მეორე დღეს საკვები, მესამე დღეს კი არცერთი. რაც შეეხება საველე ექსპერიმენტს, მასში ჩართული იყო 87 მონაწილე და მან პანდემიის „ლოქდაუნიდან“ 1-თვიანი პერიოდი მოიცვა. ეს ადამიანები სულ მცირე 8 საათს ატარებდნენ იზოლაციაში და სთხოვეს, კითხვებზე სმარტფონის აპლიკაციის დახმარებით ეპასუხათ. ორივე შემთხვევაში კითხვები სტრესის, განწყობისა და გადაღლილობის საკითხებს მოიცავდა.
მართალია, საველე ექსპერიმენტი კვებას არ მოიცავდა, მაგრამ მისი შედეგები ლაბორატორიის პასუხებს დაემთხვა - იზოლაციის შემდეგ ენერგიის დაბალი დონე. საინტერესოა ისიც, რომ რეალურ ცხოვრებაში ჩატარებულმა კვლევამაც იგივე შედეგი აჩვენა.
„ჩვენ ამ ეფექტს სოციალური იზოლაციის მცირე პერიოდის შემდეგ ვხედავთ, რაც გვაფიქრებინებს, რომ დაბალი ენერგია, შესაძლოა, „სოციალური ჰომეოსტატური“ ადაპტაციური პასუხი იყოს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შეუსაბამო გახდება“, - აცხადებს ჯორჯია სილანი, ფსიქოლოგი.
ამგვარად, რაც უფრო მეტ დროს დაყოფთ იზოლაციაში, მით უფრო გაუარესდება მისი შედეგი. თანაც, წინა კვლევებმა მარტოობა ჭარბწონიანობას დაუკავშირა. თუმცა ზოგიერთი კვლევა იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ადამიანთა კონკრეტული ჯგუფისთვის მარტოობა მათივე კეთილდღეობაზე დადებითად ზემოქმედებს… ამიტომ, მკვლევრები ამ საკითხის შესწავლას მომავალში კიდევ უფრო სიღრმისეულად აპირებენ.