1792582790
4.3 მილიონი ევროს სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე პოლიციამ ევროპარლამენტში ჩხრეკა ჩაატარა
ევროპარლამენტში პოლიციამ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანების, „პატრიოტები ევროპისთვის“, თანამშრომლების სამუშაო კაბინეტები გაჩხრიკა.
გამოძიება უკავშირდება ევროპარლამენტის ყოფილი პოლიტიკური ჯგუფის, „იდენტობა და დემოკრატიის“, მიერ 2019-2024 წლებში 4.3 მილიონ ევროზე მეტის სავარაუდო არამიზნობრივ ხარჯვასა და მითვისებას.
ევროკავშირის ოფიციალური პირის ინფორმაციით, ფინანსური დარღვევები მას შემდეგ გამოვლინდა, რაც ჯგუფმა საქმიანობა დაასრულა და ფინანსური ანგარიშები დახურა. ევროპარლამენტის შიდა ფინანსურმა სამსახურმა დაადგინა, რომ წინა საპარლამენტო მოწვევის პერიოდში ჯგუფმა, სულ მცირე, 4,3 მილიონი ევრო არამიზნობრივად დახარჯა.
„იდენტობა და დემოკრატია“, რომელსაც იტალიური პარტია „ლიგა“ ხელმძღვანელობდა, 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ დაიშალა. ამის შემდეგ საფრანგეთის პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ ახალი პოლიტიკური ჯგუფი, „პატრიოტები ევროპისთვის“, შექმნა, რომელსაც ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ და ანდრეი ბაბიშის ANO-ც შეუერთდნენ.
საქმეზე გამოძიება ევროპის პროკურატურამ 2025 წლის ივლისში დაიწყო.
საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ წარმომადგენელმა, ევროპარლამენტარმა ჟან-პოლ გარომ სოციალურ ქსელ იქს-ში დაწერა, რომ სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში, დილიდან მიმდინარეობდა ყოფილი პოლიტიკური ჯგუფის თანამშრომლების კაბინეტების ჩხრეკა. გარომ საგამოძიებო მოქმედებები შევიწროებად შეაფასა და განაცხადა, რომ საფრანგეთში მიმდინარე არეულობის ფონზე ხელისუფლების პრიორიტეტი სწორედ ეს გამოძიება აღმოჩნდა.
„ეროვნული გაერთიანების“ ორმა თანამშრომელმა დაადასტურა, რომ სამართალდამცველებმა მხოლოდ საპარლამენტო პერსონალის სამუშაო ოთახები გაჩხრიკეს და არა თავად ევროპარლამენტარების კაბინეტები.
ევროპარლამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამართალდამცველ უწყებებთან თანამშრომლობს.











