ცეცხლოვანი ესპანური საღამო და მასპინძელი ქვეყნის გემრიელი სამზარეულო - შთამბეჭდავი ფოტოები ორბელიანის მოედნიდან

ესპანური საღამო

ესპანეთი… ამ სიტყვის ხსენებისას თვალწინ წარმოგიდგებათ ცეცხლოვანი  ცეკვები და კორიდა, რომელსაც ბევრი ამ ქვეყნის სიმბოლოდაც მიიჩნევს...

პირადად მე ბავშვობიდან ძალიან მომწონ ესპანეთი. ყოველთვის მინდოდა იქ მოგზაურობა. ეს ჩემთვის დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა გამარტივებულია...

 სანამ მე ესპანეთში მოგზაურობაზე ვოცნებობდი, თვით ესპანური საღამო მომიწყვეს თბილისში. თუმცა ეს საღამოები ყველას ეძღვნება, ვინც ორბელიანის მოედანზე გაისეირნებს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: საქართველოში “ევროპის დღეები” მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება და ორბელიანის მოედანზე უკვე მეორე დღეა სრული ანშლაგია..

„ევროპის დღეების“ ფარგლებში, 6 მაისს “ესპანური დღე” გაიმართა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა და ინსტალაციები დახვდათ. 

მოეწყო ტრადიციული სამოსის გამოფენა, ყვავილების გამოფენა და ფოტოკუთხე. “ესპანურ დღეზე” მოსულ სტუმრებს ასევე შეეძლოთ ესპანური სამზარეულოს დაგემოვნება. “ესპანური დღეები” ცნობილი ესპანელი მოცეკვავის ანტონიო გადესის დასის თეატრალური წარმოდგენით დასრულდა.

ესპანეთში ეროვნულ ცეკვად ფლამენგო ითვლება. ფლამენგო, ეს არის ანდალიზიური ბოშების მუსიკა და ცეკვა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხალხური სიმღერა გიტარის თანხლებით. ცეკვას თან ახლავს შეძახილები, ტაში, თითების ტკაცუნი. მამაკაცები ცეკვას ასრულებენ ფეხების ძლიერი რიტმული მოძრაობით, ქალები კი ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი მოძრაობით. 

ესპანურ ცეცხლოვან ცეკვებს ქართველი მოცეკვავეებიც შეუერთდნენ და სტუმარ-მასპინძლის ერთობლივმა საღამომ ნამდვილი ფურორი და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იქ მყოფ საზოგადოებაზე.

 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ ღონისძიების სტუმრებს „ევროპის დღე“ მიულოცა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

„დღეს „ევროპის დღეა“. მინდა ეს დღე მოგილოცოთ. „ევროპის დღე“ ჩვენი ყოველწლიური ღონისძიებების სიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და იკავებს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს აღებული კურსი ევროკავშირის წევრი გახდეს. ძალიან მეიმედება, რომ ეს დღე დადგება. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველას გვიფიქრია, არის - რატომ გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ყველას ჩვენ-ჩვენი პასუხი შეიძლება გვქონდეს ამ კითხვაზე. მეც მაქვს ასეთი, მაგრამ დღეს მხოლოდ ერთზე და არა ერთადერთზე გავამახვილებ ყურადღებას, ერთ-ერთ მნიშვნელოვანზე. ეს არის საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ძალიან მჭიდრო კულტურული ურთიერთობების განვითარება.

ჩვენ წელს ძალიან გაგვიმართლა, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ არაჩვეულებრივი ქვეყნების, ასევე არაჩვეულებრივ დასებს. ვფიქრობ, რომ არცერთი ადამიანი, ვინც დღეს აქ მობრძანდით, გულგრილი აქედან არ წახვალთ. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ, მობრძანებისთვის, დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს. იმედი მაქვს, არაერთხელ გვექნება საზეიმო დღეები და განსაკუთრებით იმედი მაქვს, მალე ვიზეიმებთ კანდიდატის სტატუსს”, - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ. 

ესპანეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში მარკოს გრანდოს გომესმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობას ევროპის დღეების კარგი ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

“დიდი პატივია, როგორც ესპანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, მოგესალმოთ ამ განსაკუთრებულ ღონისძიებაზე. ნება მომეცით, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, რომელმაც შესანიშნავი ორგანიზება გაუწია ამ ღონისძიებას. ეს დღე ორმაგად აღინიშნება. ერთი, როგორც ევროპის დღე და მეორე, როგორც ესპანეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე”, - განაცხადა ესპანეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა.