დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მუსიკალურ პროდიუსერ სტივი ჯისა და ნუცა ბუზალაძეს შორის, შესაძლოა, თანამშრომლობა შედგეს. ამერიკული ოცნებები რა მოულოდნელადაც ხდება, კი ვიცით. სტივის ჩვენი მამაცი გოგოს გაცნობა მოუთხოვია. ეს ცოტა ამბავი სულაც არ არის. ამხელა გაქანების მუსიკალური პროდიუსერი, ამ მასშტაბის პროექტში რომ მიზანში ამოგიღებს - ეს მაგარი გოგო გამაცანითო, სულ ცოტა, სიხარულის საბაბს იძლევა. გუშინ ნუცამ, სოცქსელში გამოაქვეყნა სტივის მიმართვა, რომელიც მაყურებელს კონკურსანტისთვის ხმის მიცემას სთხოვდა.
შემდეგ რაც მოხდა, ყველამ იცის. ნუცა ამერიკულ მუსიკალურ პროექტს გამოეთიშა, თუმცა ის დარჩა ნუცად, როგორც მას ჟიურის წევრმა, ქეთი პერიმ უთხრა.
მომღერალი ცუდ განწყობაზე არ არის, პირიქით, თქვა კიდეც, რომ ამერიკაში დარჩენას აპირებს და მის უახლოეს გეგმებში, კარიერის იქ გაგრძელებაა.
ზაზა შენგელია კი, რომელიც ნუცასთვის ხმის მიცემის კამპანიით აქტიურად იყო დაკავებული, ფეისბუქზე წერს, რომ ოთხი წლის წინ, სადებიუტო ალბომის ჩაწერის დროს, ნუცამ, "ბრავო რექორდსში", ზაზას დაჟინებული თხოვნით, ჩაწერა Faith Evans-ის "Prayer". ევანსი კი სტივი ჯის მეუღლეა, იმ პროდიუსერის, რომელმაც ნუცას გაცნობა მოითხოვა. დამთხვევაც ეს არის.
ზაზა შენგელია "პრაიმტაიმთან" კომენტარს აკეთებს.
- ზაზა, მაინც რატომ სთხოვდით ნუცას დაჟინებით ამ სიმღერის ჩაწერას?
ზაზა შენგელია: ძალიან ლამაზი სიმღერაა და ამიტომ. მოუსმინეთ და განსაჯეთ. რაც შეეხება სტივი ჯის, წარმოშობით აფრო ამერიკელი პროდიუსერია, არაერთი ჰიტის ავტორია, გახლავთ გრემის მფლობელი და უმუშავია ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც ბიონსე და რიანა არიან. სწორედ მან მოინდომა ნუცას გაცნობა. ნუცა პროექტის ძლიერი კონკურსანტი გახლდათ. მას აქვს ვარსკვლავისთვის საჭირო ბევრი თვისება. ის უკვე ვარსკვლავია.
- სტივისა და ნუცას სავარაუდო თანამშრომლობაზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- ჯერჯერობით, ბუნებრივია ვერაფერს გეტყვით. ძალიან ნაადრევია იმაზე საუბარი, სამომავლოდ გაგრძელდება თუ არა მათ შორის თანამშრომლობა. თუმცა, ხომ ხედავთ რა პატარაა სამყარო და როგორი დამთხვევა მოხდა - ოდესღაც სტივის მეუღლის სიმღერა ჩაუწერია ნუცას. მეტს ვერაფერს გეტყვით, უფლება არ მაქვს.