შეხვედრა კანცლერის კანცელარიაში, მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაგრძელება - როგორია თბილისი-ბერლინის შეფასებები

პრემიერი გერმანიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.


შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.


შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოსთვის წევრი ქვეყნების როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის.


მთავრობის მეთაურის თქმით, ფედერალური კანცლერი საქართველოს ევროინტეგრაციას ყოველთვის ღიად უჭერს მხარს, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მადლობა გადაუხადა.


შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს.

ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან. საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. მიგვაჩნია, რომ ეს ურთიერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გამო, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დასრულების შემდეგ, გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისმა ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

კანცლერის კანცელარის იუწყება, რომ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა.

შეხვედრის თემას წარმოადგენდა გერმანია-საქართველოს მრავალმხრივი თამაშრომლობის გაღრმავება, უსაფრთხოების და ევროპის პოლიტიკის აქტუალური საკითხები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გლობალური შედეგები.

ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია კვლავინდებურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ კურსს და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები საჭირო რეფორმების გატარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები არის ორიენტირი კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე.

უსაფრთხოების პოლიტიკაზე საუბრისას ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ფედერალური კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც შეინარჩუნებენ ღია და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს და კვლავინდებურად ექნებათ მჭიდრო კომუნიკაცია”, - ნათქვამია გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრას კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა.

„ხედავთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას. აუცილებელია ასეთი მაღალი დონის შეხვედრები იმისთვის, რომ ჩვენს მეგობრებს, საზოგადოებას ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია და რამდენად რთულია ამ გზის გავლა, რაშიც ჩვენს ხალხს სჭირდება თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე უკვე განახორციელა უმნიშვნელოვანესი რეფორმები.

ნანა ჩხაიძე