1734811316
ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე - გერმანიის მთავრობა
გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა გერმანია-საქართველოს მრავალმხრივი თამაშრომლობის გაღრმავება, უსაფრთხოების და ევროპის პოლიტიკის აქტუალური საკითხები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გლობალური შედეგები.
ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია კვლავინდებურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ კურსს და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები საჭირო რეფორმების გატარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები არის ორიენტირი კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე.
კანცლერმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მომავალი კვირების განმავლობაში ყველა ძალისხმევა მიმართოს ხსენებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე აუცილებელი ღონისძიებების დროულად და ძალზე აქტიურად გასატარებლად. უსაფრთხოების პოლიტიკაზე საუბრისას ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
ფედერალური კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც შეინარჩუნებენ ღია და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს და კვლავინდებურად ექნებათ მჭიდრო კომუნიკაცია”,- ნათქვამია გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.