ისტორიული გამარჯვება თუ ისტორიული მარცხი ციანიდის საქმეზე - რა დაადგინა სინამდვილეში სტრასბურგის სასამართლომ

ციანიდის საქმე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოში სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა. მსჯავრდებული გიორგი მამალაძის მხარე ამტკიცებს, რომ ეს არის დიდი გამარჯვება. თუმცა, საპირისპირო მტკიცდება გასაჯაროებული დოკუმენტით.

მამალაძის ადვოკატი, დავით ჯანდიერი ამტკიცებს, რომ ეს არის საუკუნის პროცესის მოგება.

"ბევრი რომ არ გავაგრძელო საუკუნის პროცესი - ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე. სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. სამიდან ორი საკითხი დამიკმაყოფილა. პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2)დარღვევა.

როგორც იურისტმა ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია“,- დაწერა ჯანდიერმა.

გამარჯვებას აღნიშნავს თავისთავად, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე. რომელიც ამბობს რომ ეს გამარჯვება ეკუთვნის მის ძმას, მის ოჯახს, აბსოლუტურად ყველა ადვოკატს, რომლებიც საქმისწარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩართულნი იყვნენ მამა გიორგი მამალაძის საქმეში, ჟურნალისტებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს.

„პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც გულით და გულწრფელად გაუხარდა ჩვენი დღევანდელი წარმატება!

ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემ ძმას, ჩვენს ოჯახს, აბსოლუტურად ყველა ადვოკატს, რომლებიც საქმისწარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩართულნი იყვნენ მამა გიორგი მამალაძის საქმეში, ჟურნალისტებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს.

მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად, გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან და მისცეს მას საშუალება იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და ჯანმრთელობაზე. უნდა გვესმოდეს, რომ ჩემი ძმის მდგომარეობა არის უმძიმესი! მისი პატიმრობაში დატოვებით შესაძლოა დადგეს უმძიმესი, ლეტალური შედეგიც კი! ეს კი არც სახელმწიფომ და არც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას!სხვა საკითხებთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდება მოგვიანებით“, - წერს მამალაძე.

 

რას ასაჩივრებდა მსჯავრდებულის მხარე და რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ

 

ევროპული სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა იყო უსამართლო იმის გამო, თუ როგორ მოიპოვეს მთავარი მტკიცებულება.

კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც მკვლელობის „მომზადების“ მტკიცებულებად გამოიყენეს, მას ჩემოდანში ჩაუდეს.

მიუხედავად იმისა, რომ მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების გარანტიას იძლევა, ის არ ადგენს რაიმე წესს მტკიცებულების დასაშვებობის შესახებ, რაც უპირველეს ყოვლისა ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საკითხია. სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ აღმოჩენილი ნივთიერება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობოდა განმცხადებლის განაჩენი.

კერძოდ, განმცხადებლის დამნაშავედ ცნობისას, შიდა სასამართლოები დაეყრდნენ I.M.-ს მიერ მიცემულ მტკიცებულებებს, სხვა მოწმეთა ჩვენებებს, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს და კომპიუტერულ მონაცემებს, რომლებიც მრავალმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იყო ავთენტური და სხვა მტკიცებულებები. ამ გარემოებების გათვალისწინებით ეროვნული სასამართლოების უფლებამოსილებაში იყო განეხილა, არსებობდა თუ არა საკმარისად ძლიერი მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, იყო თუ არა მომჩივანი დამნაშავე „მკვლელობის მომზადებასთან“ დაკავშირებით.

ამ გარემოებებში, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს. შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა“, - აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს განაჩენში.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებების კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-2 პუნქტის (უდანაშაულობის პრეზუმფცია) საფუძველზე, ბატონი მამალაძე ჩივის, რომ მისი სასამართლო პროცესი იყო უსამართლო საკვანძო მტკიცებულებასთან - ბერლინის რეისზე მის ჩემოდანში აღმოჩენილ ციანიდთან - დაკავშირებით და რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენებეს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მისი სასამართლო პროცესის საზოგადოებისთვის დახურვასთან დაკავშირებით არ იყო აუცილებელი და რომ საჯარო მოხელეების განცხადებები, გაუმჟღავნებლობის ვალდებულება და საქმის მასალების გავრცელება ხელს უწყობდა დამნაშავედ მის წარმოჩენას.

ასევე, სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა არანაირი საფუძველი, რომელიც ამართლებდა სისხლის სამართლის პროცესის სრულად დახურვას. კერძოდ, მას არ სურდა საკუთარი პირადი ცხოვრება საზოგადოებისგან დაფარული ყოფილიყო და საქმის მასალებში არსებული სხვა პირადი ინფორმაცია არ იყო ისეთი, რომ სასამართლო პროცესის სრული დახურვის გარანტია გამხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, არავის პირადი ცხოვრების დეტალები არ იყო განხილული სასამართლო მოსმენებზე და არ იყო წარმოდგენილი გადაწყვეტილებებში.

სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო...

მამალაძე კონვენცით მუხლების დარღვევის დადგენასთან ერთად ითხოვდა:

შემოსავლის დაკარგვის გამო, მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 376 304 ლარს და 150 000 ევროს მორალური ზიანისთვის (არ დაკმაყოფილდა);

„სასამართლო არ ადგენს რაიმე მიზეზობრივ კავშირს აღმოჩენილ დარღვევებსა და სავარაუდო მატერიალურ ზარალს შორის; ამიტომ ის უარყოფს ამ მოთხოვნას. რაც შეეხება მორალურ ზიანს, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმის“,- წერია სატრასბურგის გადაწყვეტილებაში.

ასევე მოითხოვა 6360 ლარი სასამართლოში მისი იურიდიული წარმომადგენლობისთვის და 3058 ლარი დოკუმენტების თარგმნის, საფოსტო და სხვა ხარჯებისთვის (დაკმაყოფილდა).

მან წარადგინა კონტრაქტი თავის ადვოკატთან და ყველა მოთხოვნილი ხარჯებისა და დანახარჯების გადახდის დამადასტურებელი საბუთი. მის ხელთ არსებული დოკუმენტებისა და ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს 9 418 ლარის დაფარვას, პლუს ნებისმიერი გადასახადის, რომელიც შეიძლება დაეკისროს განმცხადებელს“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ქართული მართლმსაჯულების, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფაქტი ერთი რჩება - გიორგი მამალაძე, რომელიც დამნაშავედ ცნეს ჯერ კიდევ 2017 წელს ისევ მსჯავრდებულია.

 

ციანიდის საქმის ისტორია მოკლედ

 

2017 წლის 12 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ აეროპორტში სპეცოპერაციის ჩატარების შედეგად  დააკავეს სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე. ის გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე ნაღვლის ოპერაციას იკეთებდა.

იმავე დღეს, მამალაძეს 12 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი, რომელიც გერმანიაში ახლდა ილია მეორეს, პროკურატურაში სასწრაფოდ დაიბარეს დაკითხვაზე, რამდენიმე საათში კი ისევ უკან დაბრუნდა. გერმანიაში ილია მეორის დაცვა გააძლიერა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, რომელიც აქამდე პატრიარქს არ იცავდა.

2017 წლის 13 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პრესკონფერენცია გამართა. ამ დღეს დადასტურდა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს. დაკავების მიზეზად შოთაძემ "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" დაასახელა...

ნანა ჩხაიძე