„ეს იყო პრემიერის მორიგი საერთაშორისო ვიზიტი, სადაც ღირსეულად წარდგა როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი“ - როგორ აფასებენ ირაკლი ღარიბაშვილის კიშინიოვში შეხვედრებს

პრემიერის მთავარი გზავნილები

საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხები მთავარი პრიორიტეტია - სწორედ ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, კიშინიოვში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმზე.

სამიტი ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში პირველად ჩატარდა. მოლდოვას დედაქალაქში შეკრებილმა 47-ი ქვეყნისა და ევროპული ორგანიზაციების პირველმა პირებმა ევროპის ენერგეტიკულ სტაბილურობასა და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე იმსჯელეს.

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაშიც, რომლის სახელწოდება "უსაფრთხოება" იყო.

თემატური დისკუსია ორი ქვეყნის - გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

ლიდერებმა ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადასადგმელ ნაბიჯებსა და ძალისხმევაზე ისაუბრეს.

დისკუსიის ფარგლებში ასევე აქტუალური იყო საქართველოს საკითხი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

მოლდოვაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო მორიგი საერთაშორისო ვიზიტი, სადაც ღირსეულად წარდგა როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი - ასე შეაფასა თეა წულუაკინმა ქვეყნის მეთაურის შეხვდერა ევროპელ ლიდერებთან.

ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი საერთაშორისო ვიზიტი, სადაც ღირსეულად წარდგა როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი. ეს არის ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური პოზიცია, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სისხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობა გვაქვს. გვაქვს სუვერენული სახელმწიფო და ვისწრაფვით განუხრელად ევროპული ევროპის კავშირში გაერთიანებისკენ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

სამხედრო ექსპერტის, ამირან სალუქვაძის შეფასებით, ეს იყო იდეალური შესაძლებლობა, ცრუ განცხადებების ფონზე, რომელიც პრემიერმა ძალიან კარგად გამოიყენა და ევროპელ ლიდერებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის ურყევი ევროპულ გზაზე.

პრემიერის ეს ვიზიტი იყო საქართველოსთვის ორი მიმართულებით მნიშვნელოვანი:

პირველი ის, რომ მან ისაუბრა უსაფრთხოების გარემოსა და გარანტიებზე, როგორც ევროპაში, ასევე ჩვენს რეგიონში. ისაუბრა ასევე ჩვენს გამოცდილებაზე, რომელიც უკვე გამოიარა საქართველომ 90-იანი წლებიდან 2008 წლის ომის ჩათვლით.

მეორე რაც მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოში გატარებულ რეფორმებზე. 12 პუნქტის შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე. ქვეყნის მეთაურმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველო ადგას ევროპის გზას და აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ მხარდაჭერა, რომელიც გაჟღერდა სიტყვით, დადასტურდება საქმით და ამ მხრივ ჩვენი, ქართველების მოლოდინი არის მხოლოდ ის, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს წელს, რაც ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში უნდა მომხდარიყო. მაშინაც იყო პოზიტიური განცხადებები, მაგრამ საბოლოოდ ვნახეთ შედეგი -სტატუსი არ მოგვცეს, რაც იყო ძალიან დიდი შეცდომა.

გარდა ამისა,  ქვეყნის საწინააღმდეგოდ მომუშავე ოპოზიციური პარტიების ყალბი ინფორმაციების ფონზე, პრემიერის მხრიდან ურყევი კურსის დადასტურება ევროპელი ლიდერების წინაშე იყო მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ქვეყნის ხელისუფლება, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაქსიმალურად აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანა წაიყვანოს ევროინტეგრაციის სწორ გზაზე.

ჩვენ ვნახეთ ასევე ევროპელი ლიდერების მკაფიო განცხადებები რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ვერც ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რატომ არ უნდა მოგვენიჭოს სტატუსი.

მე ვისურვებდი, რომ ჩვენი ქვეყნის ოპოზიციამ, რომელიც მხოლოდ ცრუ განცხადებებით არის დაკავებული, ხელები დაიკაპიწოს და იმუშაოს ხელისუფლებასთან ერთად ამ სტატუსის მისაღებად. თუ მივიღებთ სტატუსს - გაგვიხარდება. თუ არა - გავაგრძელებთ ცხოვრებას... ომი რომ არ ყოფილიყო უკრაინაში, განაცხადის შეტანა 2024 წელს გვიწევდა და ამის შემდეგ როდის მივიღებდით სტატუსს, არავინ იცის. იმედი მაქვს, შარშან დაშვებულ შეცდომას ევროპელი ლიდერები გამოასწორებენ და წელს მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც სამართლიანად იმსახურებს ჩვენი ქვეყანა,- ამბობს ამირან სალუქვაძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კარგი შესაძლებლობაა, როდესაც პრემიერ-მინისტრს უშუალოდ ევროპელ ლიდერებთან აქვს კომუნიკაცია და ყველა საკითხთან დაკავშირებით იქნება ცხადი მკაფიო პოზიცია.

სარჯველაძის თქმით, აქ რა თქმა უნდა, უფასურდება ოპოზიციის ის ყალბი ნარატივი, თითქოს აქ რაღაც საგარეო ვექტორები იცვლება.

„კარგი შესაძლებლობაა, როდესაც პრემიერ-მინისტრი უშუალოდ ევროპელ ლიდერებთან იქონიებს კომუნიკაციას და შესაბამისად, ყველა საკითხთან დაკავშირებით იქნება ცხადი, მკაფიო პოზიცია. იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრი ჩადის და ასეთი მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ საუბრობს იმასთან აკავშირებდათ, რომ საქართველოს არჩევანი კვლავ არის ევროპისკენ მიმართული, ბუნებრივია რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. აქ რა თქმა უნდა უფასურდება ოპოზიციის ის ყალბი ნარატივი, რომელსაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში ავითარებენ, თითქოს იმ ილუზიის შესაქმნელად ევროპელებისთვის, რომ აქ რაღაც საგარეო ვექტორები იცვლება", - განაცხადა სარჯველაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდამჭერი გზავნილები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები იღებენ ევროპელი პარტნიორი პოლიტიკოსების მხრიდან.

„მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ინტენსიური კამპანია აქვს წარმართული როგორც მთავრობას, ისე პარლამენტს, იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებს დავანახოთ ის პროგრესი, რომელიც გვაქვს რეფორმების შესრულების კუთხით. ძალიან ბევრი იმედისმომცემი ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ წლის ბოლოს და შესაბამისად, დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, მოლდოვიდან მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ეხება.

„პრემიერ-მინისტრი უმნიშვნელოვანეს ფორუმებს იყენებს ყველგან იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს კიდევ უფრო კარგად აუხსნას და ხაზი გაუსვას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის აუცილებლობას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, მრგვალი მაგიდის დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პიოტრ ფიალა,  ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ლუდოვიტ ობორი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი  ულფ კრისტერსონი.