აფეთქებების სერია ოკუპირებულ ყირიმში - რა ვითარებაა უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილებში

okupirebuli yirimi

ომის 168-ე დღე. საოკუპაციო ძალები აღმოსავლეთის ფრონტზე პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობენ. ოკუპანტებმა წინ წაწევა სცადეს ბახმუტის, და ზაიცევის მიმართულებით, თუმცა, უკრაინული მხარის მტკიცებით, მტრის ყველა იერიში მოგერიებულია.

ოკუპანტებს უკან დახევა მოუხდათ პესკოვის, ავდეევკისა და კრასნო გოროვკის რაიონებიდანაც. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი აღმოსავლეთ ფრონტზე მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის.

ამერიკელმა ანალიტიკოსებმა დაასახელეს მიზეზი, თუ რატომ არ დაადანაშაულებს კრემლი უკრაინას ყირიმში მომხდარ აფეთქებებში.

„კრემლისთვის საზიანო დარტყმებში უკრაინას დადანაშაულების მიზეზი მცირეა, რადგან ასეთი დარტყმები რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების არაეფექტურობის დემონსტრირებას ახდენს“, - ნათქვამია ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მოხსენებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ISW-ს აფეთქებების ზუსტი მიზეზის შეფასების საფუძველი ჯერ არ აქვს.

„ორ განსხვავებულ ადგილზე აფეთქებების ერთდროულობა, ალბათ, გამორიცხავს შემთხვევითი ცეცხლის ოფიციალურ რუსულ ვერსიას, მაგრამ არ გამორიცხავს არც დივერსიას და არც შორი დისტანციის სარაკეტო შეტევას“, - აღნიშნავს ISW.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინამ, შესაძლოა, შეცვალა თავისი ნეპტუნის რაკეტები სახმელეთო სამიზნეების დასარტყმელად, მაგრამ ამჟამად ამ ჰიპოთეზის მხარდასაჭერად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ცნობისთვის, გუშინ ყირიმში, ნოვოფედორივკაში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქება რუსეთის საჰაერო ძალების საკის ავიაბაზაზე მოხდა, რომელიც უახლესი ფრონტის ხაზიდან 200 კმ-ზეა განთავსებული.  ბაზაზე განლაგებულია Su-24,Su-25, su-30-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები. 

გუშინვე, ჩერნიგოვის რაიონში რუსული არმიის საბრძოლო მასალის საცავი აღმოაჩინეს.

„ხის ყუთში აღმოჩენილია 1 600-ზე მეტი ტყვია საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა, ქვედა ლულის ყუმბარმტყორცნი და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი დანგრევის მუშაკებით“, - ნათქვამია სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებაში.

გარდა ამისა, სარდაფში აღმოჩნდა რუსული არმიის სამხედროების ტანსაცმელი. იარაღისა და საბრძოლო მასალის შემოწმების შემდეგ ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცემათ.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე გასული დღის მიმოხილვას გვიზიარებს და ამბობს, რომ

- ყირიმის ნოვოფედოროვკასთან მდებარე საკის აეროპორტი უკრაინის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი შავი ლაქა იყო.

2014 წელს, რუსეთის ანექსიის შემდეგ, მათ აეროპორტის ევაკუაცია ისე განახორციელეს, რომ ტყვია არ გავარდნილა. შვეულმფრენები და მოიერიშეები აფრინდნენ, რუსები კი საფრენ ბილიკთან იდგნენ და უკრაინელებს ცინიკურად აცილებდნენ. ამის შემდეგ რუსებმა აეროპორტის ძალიან სწრაფი მილიტარიზაცია დაიწყეს და ზედ სუ-24 მოიერიშეები და სუ-30 გამანადგურებლები განათავსეს. როგორც ჩანს ომის წინ სარაკეტო სისტემებიც დამონტაჟდა მიკოლაივისა და ოდესის დასაბომბად.

დღეს დილით თანამგზავრულმა ფოტოებმა დააფიქსირა, რომ რუსული სამხედრო ავიაცია თავის სატვირთო ნაწილებთან ერთად აეროპორტში იმყოფებოდა (ფოტოს უკრაინის რადიო თავისუფლება ავრცელებს). შემდგომ კი საბრძოლო მოქმედების ყველაზე ახლო არეალიდან 250 კილომეტრში მდებარე აეროპორტზე აფეთქებების სერია დაიწყო. მინიმუმ 15 სხვადასხვა აფეთქება მოხდა, რასაც შემდგომი დეტონაციაც მოჰყვა. რეალურად, საკის აეროპორტი სრულად გამოეთიშა საბრძოლო მოქმედებებს.

რუსების მუქარა, რომ თუკი ყირიმს დაბომბავდა უკრაინა მწარედ უპასუხებდნენ ცხადია რომ თავიდანვე ფუჭი იყო და სინამდვილეში არც არანაირი დამატებითი პასუხის საშუალება აღარ აქვს რუსეთს - ამიტომ, როგორც "კეთილი ნებით" დაიხიეს უკან უკრაინული ქალაქებიდან ასეთივე "შემთხვევას" აბრალებენ ნოვოფედოროვკას აეროპორტის განადგურებაც. სხვათა შორის "მოსკოვის" ჩაძირვისასაც ზუსტად ამავეს საუბრობდნენ კრემლში.

თუმცა ახლა მთავარი ის კი არ არის რას ისაუბრებს რუსული პროპაგანდა, არამედ ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე შემტევი პოტენციალის მქონე სამხედრო აეროპორტი აღარ არსებობს, ხოლო მისი საწყობები, რომლებიც ერთმანეთისაგან საკმაო მანძილითაა დაშორებული და შემთხვევას ყველა მათგანის აფეთქება არ შეეძლო (არადა როგორც ჩანს აღარცერთი მათგანი აღარ არსებობს).


ზუსტად რისი მეშვეობით მოხდა აეროპორტის განადგურება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თავისი სიზუსტიდან და სიშორიდან გამომდინარე თუკი მართლაც გარედან მოხდა მისი განადგურება მაშინ არაა გამორიცხული ATACMS ტიპის რაკეტები უკვე ადგილზეც კი იყოს. თუმცა შეიძლება ATACMS-ის ნაცვლად ისეთი რაკეტებიც იყოს გამოყენებული, როგორიცაა Грім, რაც უკრაინულ შეიარაღებაში 2019 წლიდან ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არსებობს. თუმცა დაშვების დონეზე იმის შანსიც არსებობს რომ ბომბდამშენიდან გასროლილი ფრთოსანი რაკეტებს ჩაეღწიათ ყირიმამდე (თუკი მათ შეიარაღებაში ისე მიიღეს ისინი - თუნდაც დაშლილ მდგომარეობაში - რომ საჯაროდ არსად თქმულა).


ამჟამად კრიტიკული სიტუაციაა ყირიმში. რუსები მასობრივად გარბიან ნახევარკუნძულიდან. რუსეთისაკენ მიმავალ გზაზე საცობებია. პანიკაა სევასტოპოლშიც, რადგან შემდგომი სამიზნე ლოგიკურად სწორედ სამხედრო-საზღვაო შტაბები იქნება ამ მიმართულებით.


- დღესვე დაიბომბა რუსეთის მიერ ოკუპირებული ჰენიჩესკის სამხედრო საწყობები ზაპორიჟიას რაიონში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საწყობები 150 კილომეტრითაა დაშორებული ფრონტის ხაზიდან და ზედ ყირიმის ნახევარკუნძულს ემიჯნება. შესაბამისად, რისი საშუალებითაც განადგურდა რუსული პოზიციები ჰენიჩესკში მას შეეძლო და შეუძლია მისწვდეს ყირიმსაც.


- დონეცკის რაიონში რუსებმა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სოლედარში, გარეუბნისაკენ შეღწევა მოახერხეს. რუსულ რეგულარულ ნაწილებთან ერთად აქტიურად მუშაობს "ვაგნერიც", რომელიც ომის დანაშაულებითაა ცნობილი. აქვე არიან ჩრდილოკავკასიური ნაწილებიც. ქალაქს სიმაღლეებიდან ურტყამს არტილერია და მძიმე ტექნიკაც. როგორც ჩანს ქალაქში დიდი ურბანული ბრძოლები წარიმართება თუკი მისი ევაკუაცია არ განახორციელეს უკრაინელებმა. აღსანიშნავია, რომ ევროპის კონტინენტზე მარილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბადოები სწორედ სოლედარშია. ქალაქში ომამდე 11 ათასი მოსახლე ცხოვრობდა.


- ხარკივის რაიონში უკრაინული არტილერია ინტენსიურ იერიშზეა გადასული. ერთდროულად იბომბება იზიუმი-დოლინა-სლავიანსკის გზა და ქალაქი ხარკივი-რუსეთის საზღვრის ტერიტორია, საიდანაც რუსები ქალაქზე იერიშებს ცდილობენ. უკრაინელებმა ჩართეს მოდერნიზებული БМ-27 Ураган, რომლითაც რუსული პოზიციები განმეორებითა იბომბება. 93-ე ბრიგადამ დიდი დარტყმა მიაყენა რუსულ ნაწილებს.

- კვლავ აქტიურია ჰაიმარსები ხერსონის რაიონში. ნოვა კახოვკა და ქალაქი ხერსონის შემოგარენი უკრაინელთა აქტიური სამიზნეს წარმოადგენს. ისინი არამხოლოდ ხიდებსა და რკინიგზას, არამედ დროებით ყაზარმებსა და შტაბებსაც ბომბავენ.