შიდსის ექსპერიმენტული ვაქცინის პირველადი შედეგები დადებითია - კვლევა

აივი

აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ დადებითი ადრეული შედეგები აჩვენა - აცრილთა 97 პროცენტში აღძრა ადამიანის იმუნური პასუხის კრიტიკული კომპონენტი. 

კლინიკური ცდების პირველ ფაზაში, პატარა ცდაში გატესტეს ვაქცინა, რომელიც დამზადებულია აივ ვირუსში არსებული ცილის ინჟინრული ვერსიით. ეს ნაწილაკი იმისათვის შექმნეს, რომ სხეული მოამზადოს ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულების გამოსამუშავებლად, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია აივ ინფექციის წინააღმდეგ იმუნიტეტის წარმოსაქმნელად. კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

ფართოდ გამანეიტრალებელმა ანტისხეულებმა აივ ინფექციის მრავალი ქვეტიპი უნდა ამოიცნოს, რაც საჭიროა იმუნიტეტის წარმოსაქმნელად, რადგან აივ ვირუსი მუტაციებს ხშირად განიცდის.

ცდაში 48 ადამიანი მონაწილეობდა. ზოგს კანდიდატი ვაქცინა გაუკეთეს, ზოგს კი პლაცებო; ვაქცინამიღებული 36 ადამიანიდან 35-ს აღენიშნა ფართოდ გამანეიტრალებელ ანტისხეულთა წინამორბედების, B-ლიმფოციტების გააქტიურება, რამაც შეიძლება მოამზადოს პირველი ნაბიჯი იმუნიტეტისკენ.

„აივ ინფექციის გამონაშვერ წვეტებზე მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთია ისეთი, რომელიც იგივე ან შედარებით იგივეა სხვადასხვა იზოლატებში. ვცდილობთ, აღვძრათ ძლიერ სპეციფიკური ანტისხეულები, რომლებსაც ისეთი ძლიერ სპეციფიკური თვისებები აქვთ, რომ მათი საშუალებით ამ ზუსტ მონაკვეთებს ბოჭავენ“,- ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

კლინიკური ცდების პირველ ფაზაში, არც ერთ მონაწილეს არ აღენიშნა რაიმე სახის სერიოზული გვერდითი ეფექტი; მსუბუქი ან საშუალო იყო ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორებიცაა ნანემსარი ადგილის ტკივილი ან თავის ტკივილი, რაც ერთ ან ორ დღეში თავისით გაქრა. 

აივ ინფექციის ვაქცინის შექმნას მეცნიერები უკვე 40 წელიწადია ცდილობენ. კვლევებზე დაყრდნობით, საკუთარ ვაქცინაზე ასევე მუშაობს კომპანია Moderna. კვლევის ავტორის განცხადებით, მე-2 ფაზის დაწყებას დრო სჭირდება და არც იმის გარანტია არსებობს, რომ საბოლოოდ ვაქცინა იმუშავებს.

წყარო: