პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული ა.ა. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ფონიჭალაში 1983 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ა.ა. მიმდინარე წლის 21 აპრილს, ბრალდებულსა და ვ.კ.-ს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ვ.კ.-მ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 151-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში