1734207713
ონკოლოგიური პაციენტი, რომელსაც თვეების სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, სრულად განკურნეს
ქალაქ მანჩესტერში მცხოვრები, წარმოშობით ინდოელი ჟასმინ დევიდი 51 წლის იყო, როცა 2017 წელს ძუძუს მიმდებარედ კვანძი შენიშნა. მალევე, მას ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ქალმა 6-თვიანი ქიმიოთერაპია, რადიოთერაპიის 15 წყება და მასტექტომია ჩაიტარა, რის შედეგადაც დაავადებისგან დროებით გათავისუფლდა, თუმცა 2 წელში სიმსივნე მის ფილტვებში, ლიმფურ კვანძებსა და მკერდის ძვალში გავრცელდა. სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ, ექიმის თქმით, პაციენტს მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.
სწორედ ამ დროს მას კრისტის საავადმყოფოში იმუნოთერაპიასთან გაერთიანებული ექსპერიმენტული მედიკამენტით მკურნალობა შესთავაზეს. ჟასმინი დათანხმდა.
„არ მეგონა, რომ ეს ჩემზე იმოქმედებდა, მაგრამ ვიფიქრე, ამ გზით სხვებს დავეხმარებოდი და ჩემს სხეულს მომდევნო თაობების სასარგებლოდ გამოვიყენებდი", - აცხადებს ის.
2 წლის განმავლობაში ქალის ორგანიზმში ვენიდან პრეპარატი ატეზოლიზუმაბი შეჰყავდათ, რის პარალელურადაც ექსპერიმენტულ მედიკამენტს აძლევდნენ. პაციენტის განცხადებით, პირველ ეტაპზე გვერდითი მოვლენები აწუხებდა, როგორიცაა თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა და სხვა. ამის გამო ის გარკვეული პერიოდი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, თუმცა მალევე მომჯობინდა.
2021 წლის ივლისში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ჟასმინის სხეულში კიბოს უჯრედები ვეღარ გამოავლინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის განიკურნა. ამის მიუხედავად, თერაპიას ჯერ კიდევ გადის, კერძოდ, პრეპარატს 3 კვირაში ერთხელ იღებს, რაც 2023 წლის დეკემბერში დასრულდება.
ეს წარმატებული ექსპერიმენტი მნიშვნელოვანია, რადგან ძუძუს კიბოს მქონე მილიონობით ადამიანს იმედს აძლევს.