ჯეიმს ვების ტელესკოპმა იუპიტერის ფოტოებიც გადაიღო! - იხილეთ, შთამბეჭდავი კადრები

ჯეიმს ვები

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი კვლავ განაგრძობს მსოფლიოს გაოცებას, ამჯერად ტელესკოპის ობიექტივში იუპიტერი მოხვდა, რომლის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ფოტოები მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ანგარიშშია გამოქვეყნებული და მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის ტესტირებისასაა დაფიქსირებული. 

 

 ამ გამოსახულებებზე მზის სისტემის აირის გიგანტად წოდებულ ციურ სხეულს, მის რგოლებსა და ბუნებრივ თანამგზავრებს — ევროპას, თებესა და მეტიდას ვხედავთ. პირველ მათგანში, მარცხენა მხარეს, ევროპის ჩრდილი პლანეტის დიდ წითელ ლაქასთან ახლოს ეცემა. მარცხენა ფოტო ტელესკოპის ახლო ინფრაწითელმა კამერამ NIRCam მოკლე ტალღების ფილტრით გადაიღო, მეორეში კი გრძელი ტალღების ფილტრია გამოყენებული.

ტესტირების მიზანი იმის დადგენა იყო, შეძლებდა თუ არა აპარატი სწრაფად მოძრავი ობიექტების დაფიქსირებას, რის ფარგლებშიც ის 9 სამიზნეზე კონცენტრირდა. იუპიტერი მათგან ყველაზე ნელი იყო. ცდით დადგინდა, რომ ვებს კაშკაშა ციური სხეულების ისეთი დეტალების "დანახვა" შეუძლია, როგორიც მაგალითად, მკრთალი რგოლებია. ამას ობსერვატორია ახლომდებარე ვარსკვლავების "გიდის" ფუნქციით გამოყენების გზით ახერხებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჯეიმს ვების ტელესკოპის მეშვეობით დედამიწასთან ახლოს მოძრავ ასტეროიდებსა და კომეტებს თვალს მარტივად მივადევნებთ. მეცნიერები ამბობენ, რომ ის იმაზე ბევრად უკეთ მუშაობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რის გამოც წინ მრავალი აღმოჩენა გველის.

წყარო: on.ge