დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინეს - ახალი კვლევა

დედამიწის მსგავსი პლანეტა

ჩვენსავე გალაქტიკაში, შეიძლება, მეორე დედამიწა იმალებოდეს. ძებნა აქტიურად გრძელდება, მაგრამ ახლად აღმოჩენილი პლანეტა ის არაა, რასაც ვეძებთ.

მას დედამიწაზე 1,9-ჯერ მეტი მასა აქვს და თავის ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს ორჯერ უფრო შორი მანძილიდან, ვიდრე დედამიწა მზისგან. თუმცა, ეს ვარსკვლავი თეთრი ჯუჯაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ამ პლანეტაზე რაიმე სახის სიცოცხლე არსებობდა, ის ამ ვარსკვლავის წითელ გიგანტად გადაქცევისას, ან იქამდე განადგურდებოდა.

აღმოჩენა ამაღელვებელია, მაგრამ არის ერთი სამწუხარო მომენტი: თითქოს წინასწარ გვიჩვენებს მზის სისტემის მომავალსა და დედამიწის ბედს მას შემდეგ, რაც მზე მოკვდება და ევოლუციას თეთრი ჯუჯის სახით დაასრულებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომის, კემინგ ჟანგის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს ამ პლანეტის აღმოჩენის გზის პოტენციალს (ფენომენი, რომელსაც გრავიტაციულ მიკროლინზირებას უწოდებენ), რომ დააფიქსიროს დედამიწის მსგავსი, ძნელად საპოვნელი პლანეტები მთელ გალაქტიკაში.

თეთრი ჯუჯა არის ობიექტი, რომლადაც მზის მსგავსი ვარსკვლავები სიკვდილის შემდეგ გადაიქცევიან. სიცოცხლის ბოლო ფაზაში, მას შემდეგ, რაც ბირთვში წყალბადის საწვავს ამოწურავენ, ნაკლებად სტაბილურები ხდებიან და უზარმაზარ ზომებამდე იბერებიან. ეს წითელი გიგანტის ფაზაა.

საბოლოოდ, ვარსკვლავი მატერიის გარე ფენებს სრულად იშორებს, დარჩენილი ბირთვი კი გრავიტაციით კოლაფსირდება მკვრივ ობიექტად. მისი სინათლე უკვე აღარ გამომუშავდება ბირთვული სინთეზით და მთლიანად კოლაფსის პროცესის შედეგად ნარჩენ სითბოს წარმოადგენს. ეს ცხელი ბირთვი თეთრი ჯუჯაა და მის სრულიად, საბოლოოდ ჩაქრობას ტრილიონობით წელიწადი სჭირდება.

წითელი გიგანტის ფაზა საკმაოდ საოცარია. ვარსკვლავის გარე ატმოსფერო თავდაპირველ ზომაზე ასეულობით მეტად შეიძლება გაიზარდოს; მზის მომავლის ზოგიერთი პროგნოზით, ჩვენი ვარსკვლავის წითელი გიგანტის ფაზა დაახლოებით ხუთ მილიარდ წელიწადში დაიწყება და მზე მარსის ორბიტამდე გაფართოვდება. შესაბამისად, ამ პროცესში შთანთქავს მერკურის, ვენერასა და დედამიწას.

უცნობია, რას ნიშნავს ეს ჩვენი პლანეტისთვის. შესაძლოა, მის სრულიად განადგურებას. თუმცა, თეთრი ჯუჯის გარშემო დედამიწის მსგავსი პლანეტის ეს აღმოჩენა მიუთითებს, რომ შესაძლოა, ჩვენი პლანეტა ამ პროცესს გადაურჩეს კიდეც.

„ყველაზე მარტივი ახსნა ისაა, რომ პლანეტა დედავარსკვლავის წითელი გიგანტის ფაზას გადაურჩა“, — ამბობს ჟანგი.

სისტემის აღმოჩენა შესაძლებელი გახდა გრავიტაციული ხრიკით და კოსმოსში საგნების განლაგებით, რასაც მიკროლინზირებას უწოდებენ. თეთრი ჯუჯას სისტემა ჩვენგან დაახლოებით 4200 სინათლის წლითაა დაშორებული. დაახლოებით 26 100 სინათლის წლის იქით, დედამიწიდან ამავე ხედის გასწვრივ მოჩანს ერთი დიდი, კაშკაშა ვარსკვლავი.

რადგან ამ უფრო შორეული ვარსკვლავის სინათლე თეთრ ჯუჯას ჩაუვლის, გრავიტაციული ველი მის სინათლეს ამრუდებს და გადიდების ეფექტს წარმოქმნის.

„ამ მოვლენის დროს, თეთრი ჯუჯა ლინზა თითქმის სრულყოფილად სწორ ხაზზე იყო განლაგებული უკანა ფონურ ვარსკვლავთან, რამაც ის თითქმის 1000-ჯერ გაადიდა. ასეთ იშვიათ, ულტრამაღალი გადიდების მიკროლინზირების მოვლენაში, დედამიწის ზომის კლდოვანმა პლანეტამაც კი შეიძლება იმოქმედოს გადიდების მანერაზე და ფართო სპექტრის მასებსა და ორბიტულ დაშორებებში ჩაღრმავების საშუალება მოგვცეს“, — განმარტავს ჟანგი.

ამის წყალობით, მკვლევრებმა დედამიწის ტიპის (კლდოვანი) ამ პლანეტის არა მხოლოდ მასა და ორბიტული დაშორება განსაზღვრეს, არამედ დაადგინეს ისიც, რომ თეთრ ჯუჯას ასევე გარს უვლის ყავისფერი ჯუჯა — იუპიტერზე 30-ჯერ მასიური ობიექტი.

ყავისფერი ჯუჯა გახლავთ ობიექტის ტიპი, რომელიც პლანეტის კვალობაზე საკმაოდ დიდია, მაგრამ ვარსკვლავის კვალობაზე — პატარა. საკმარისი მასა აქვს ბირთვში ნეიტრალური წყალბადის (დეიტერიუმი) სინთეზისთვის, მაგრამ არასაკმარისი იმისათვის, რათა ვარსკვლავის მსგავსად აწარმოოს წყალბადის სინთეზი.

თეთრ ჯუჯას მზის მასის დაახლოებით ნახევარი აქვს, რაც მიუთითებს, რომ სიცოცხლეში ის საკმაოდ ახლოს უნდა ყოფილიყო მზის მასასთან. კლდოვან პლანეტასა და თეთრ ჯუჯას შორის ამჟამად არსებული მანძილი კი მიუთითებს, რომ ერთ დროს, ის ვარსკვლავისგან თითქმის იმ მანძილით უნდა ყოფილიყო დაშორებული, როგორითაც დღეს დედამიწაა მზისგან (1 ასტრონომიული ერთეული), იქამდე, ვიდრე გაფართოებული, მომაკვდავი ვარსკვლავი მას შორს გადაისვრიდა.

„პლანეტის ამჟამინდელი ორბიტა 2,1 ასტრონომიული ერთეულია, დაახლოებით ისეთი, როგორიც დედამიწის იქნება მზის თეთრ ჯუჯად გადაქცევის შემდეგ“, — ამბობს ჟანგი.

მისი განცხადებით, მოდელები ამჟამად ვერ თანხმდება, შთანთქავს თუ არა მზე ამ პროცესში დედამიწას, რადგან წითელ გიგანტ ვარსკვლავთა მასის დაკარგვის მაჩვენებელი ჯერ საკმარისად ზუსტად არ ვიცით.

„ამრიგად, ჩვენი აღმოჩენა მიუთითებს, რომ დედამიწის შთანთქმის ზოგიერთი მოდელი ზედმეტად პესიმისტურია. დასასრულს, დედამიწა შეიძლება გაფართოებულ მზეს გაექცეს, როგორც ეს ჩვენ მიერ აღმოჩენილ სისტემაში მოხდა“, — ამბობს ჟანგი.

მიუხედავად ამისა, იმ დროისათვის, სიცოცხლე დედამიწაზე ყველა ვარიანტში დიდი ხნის გამქრალი ან დრამატულად სხვანაირი იქნება. დროთა განმავლობაში, მზე სულ უფრო მეტად ცხელი და კაშკაშა ხდება, რასაც ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ახლა ვერ ვამჩნევთ, მაგრამ დაახლოებით ერთი მილიარდი წლის შემდეგ, ის იმდენად ცხელი იქნება, რომ დედამიწიდან წყალი მთლიანად აორთქლდება. ასეთი პლანეტა კი სრულიად არახელსაყრელი იქნება სიცოცხლის ჩვენთვის ნაცნობი ფორმისთვის.

თუმცა, ვინ იცის, იქნებ იმ დროისთვის უკვე სხვა მრავალ პლანეტას ვიყოთ მოდებული.

„წითელ გიგანტად გადაქცევისას, მზის სასიცოცხლო ზონა იუპიტერისა და სატურნის ორბიტებთან გადაინაცვლებს და არაა გამორიცხული, მათი ყინულოვანი მთვარეები დადნეს და ეს სხეულები ოკეანით დაფარულ პლანეტებად გადაიქცეს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, კაცობრიობას იქ გადასახლება შეეძლება“, — ამბობს ჟანგი.

წყარო