ასტრონავტებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში 8 თვის წინ დაკარგული პომიდორი იპოვეს

კოსმოსი

NASA-ს ასტრონავტის,  ფრენკ რუბიოს მიერ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ჯერ კიდევ მარტში „დაკარგული" პომიდორი 8 თვის შემდეგ იპოვეს. ამის შესახებ დედამიწის ორბიტაზე მოძრავი ლაბორატორიის ახლანდელმა ეკიპაჟმა 6 დეკემბერს განაცხადა.

„ჩვენს კარგ მეგობარ ფრანკ რუბიოს, რომელიც უკვე სახლისკენ გაემართა, დიდი ხანი აბრალებდნენ, რომ პომიდორი შეჭამა, მაგრამ ამ ბრალდებისგან ვათავისუფლებთ, რადგან პომიდორი ვიპოვეთ", - თქვა ასტრონავტმა ჟასმინ მოგბელიმ ISS-დან პირდაპირი ჩართვისას. ტრანსლაცია სადგურის 25-ე იუბილეს ეძღვნებოდა.

ეს მცირე ინციდენტი ასტრონავტთა შიდა ხუმრობად იქცა, რომლებიც ფრენკ რუბიოს 2.5 სანტიმეტრი ზომის ჩერი პომიდვრის შეჭმას "აბრალებდნენ". ის სადგურზე განხორციელებული ექსპერიმენტის Veg-05 შედეგად მიღებული ბოლო მოსავლის ნაწილი იყო. ამ მცენარეთა გაზრდაში კი თავად რუბიო აქტიურად მონაწილეობდა.

როდესაც მან სპეციალური პარკი გახსნა, რომელშიც მისთვის განკუთვნილი ნაყოფები ეწყო, ერთი მათგანი მიკროგრავიტაციის პირობებში პარკიდან გასხლტა. პომიდორი მანამ დაიკარგა, სანამ ფრენკი მის ჩაკბეჩას მოასწრებდა.

„მას ძალიან დიდხანს ვეძებდი. დარწმუნებული ვარ, უკვე გამომშრალი პომიდორი ოდესმე, თუნდაც რამდენიმე წელში, გამოჩნდება და გამამართლებს", - ასე გამოეხმაურა რუბიო ამ კომიკურ ამბავს სექტემბერში, როცა მის მიერ სადგურზე გატარებულ რეკორდულ დროს, 1 წელს, განიხილავდა.

რაც შეეხება პომიდვრის გასხლტომას, მსგავსი რამ საერთაშორისო სადგურზე მოსალოდნელია. ვინაიდან იქ მიკროგრავიტაციაა, ყველაფერი უბრალოდ დალივლივებს, თავად ასტრონავტებიც.

ასევე ნახეთ:

აკრძალული საახალწლო საჩუქრები, რამაც შეიძლება პრობლემები შეუქმნას ადრესატის ცხოვრებას

18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი ჩამოსულია, დეკემბრის ბოლომდე კი ჯამში, 50 ერთეული იქნება თბილისში - კახა კალაძე