პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო დაკავებულია 6 პირი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმსა და ხელვაჩაურში ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის "მეთადონი" და "ალფა-პვპ".

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.