1728574816
ადრეულ დემენციასთან დაკავშირებული 15 ფაქტორი გამოავლინეს - კვლევა
მიუხედავად იმისა, რომ დემენცია უფრო გავრცელებული ხანდაზმულებშია, ყოველწლიურად ასობით ათას ადამიანს უსვამენ ადრეული დემენციის (YOD) დიაგნოზს. ამის მიზეზს გარკვეულ ნათელს ჰფენს ახალი, საკმაოდ ვრცელი კვლევა.
ამ სფეროში ჩატარებული კვლევების უმეტესობა თაობებს შორის გადაცემულ გენეტიკას სწავლობს, მაგრამ ამ ამჯერად, მკვლევართა ჯგუფმა ასევე გამოავლინა ცხოვრების სტილისა და ჯანმრთელობის 15 სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც ადრეული დემენციის რისკთან არის დაკავშირებული.
„ეს გახლავთ ყველაზე დიდი და მტკიცე კვლევა ამ მიმართულებით ჩატარებულთა შორის. საინტერესოა, რომ პირველი კვლევაა, რომელიც ცხადყოფს, რომ გარკვეული ქმედებებით შეგვიძლია შევამციროთ ამ დაავადების რისკი, თუკი მიზანში ამოვიღებთ სხვადასხვა ფაქტორს“, — ამბობს ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი დევიდ ლეველინი.
მკვლევართა ჯგუფმა 65 წელს ქვემოთ მყოფი 356 052 ბრიტანელის მონაცემები შეისწავლა. დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსი, სოციალური იზოლაცია, სმენის დაქვეითება, ინსულტი, დიაბეტი, გულის დაავადებები და დეპრესია — ეს ყველაფერი ადრეული დემენციის მაღალ რისკთან აღმოჩნდა დაკავშირებული.
მაღალ რისკს ასევე განაპირობებდა D ვიტამინის დეფიციტი და C-რეაქტიული ცილის (წარმოქმნის ღვიძლი ანთების საპასუხოდ) მაღალი დონე და ApoE4 ε4 გენის ორი ვარიანტის ქონა (გენეტიკური სცენარი, რომელიც უკვე დაკავშირებულია ალცჰაიმერის დაავადებასთანაც).
ადრეულ დემენციასა და ალკოჰოლს შორის კავშირს მკვლევრები აღწერენ, როგორც „კომპლექსურს“. მაშინ, როცა ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებამ რისკი შეიძლება გაზარდოს, საშუალოდან მძიმე დონემდე სმა შეიძლება მცირე რისკთან შეიძლება იყოს დაკავშირებული — სავარაუდოდ იმიტომ, რომ ამ ჯგუფში მყოფი ადამიანები, როგორც წესი, ზოგადად უფრო ჯანმრთელები არიან (გასათვალისწინებელია, რომ ისინი, ვინც ალკოჰოლისგან თავს იკავებენ, ამას ხშირად სამედიცინო მიზეზებით აკეთებენ).
ადრეული დემენციის დაბალ რისკთან ასევე დაკავშირებული აღმოჩნდა ფორმალური განათლების მაღალი დონე და ნაკლები ფიზიკური სისუსტე. ეს ყველაფერი ადრეული დემენციის შესახებ არსებული ცოდნის დეფიციტის შევსებაში გვეხმარება.
„იმ ადამიანებისგან, ვისაც დემენცია ხანდაზმულ ასაკში განუვითარდათ, უკვე ვიცით, რომ არსებობს მთელი რიგი რისკფაქტორები, რომელთა შეცვლაც შეიძლება. ფიზიკური ფაქტორების გარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური ფაქტორებიც, მათ შორის ქრონიკული სტრესის, მარტოსულობისა და დეპრესიის თავიდან აცილება“, — ამბობს ნიდერლანდების მაასტრიხტის უნივერსიტეტის ნეიროეპიდემიოლოგი სებასტიან კოჰლერი.
მართალია, ამ კვლევის შედეგები არ ამტკიცებს, რომ დემენცია ამ ფაქტორებით არის გამოწვეული, ნამდვილად გვეხმარება უფრო სრულყოფილი სურათის დახატვაში. როგორც ყველა სხვა ამ სახის კვლევაში, მიზეზის შესახებ უფრო მეტის ცოდნა უკეთესი სამკურნალო საშუალებებისა და პრევენციული ზომების შექმნაში გვეხმარება.
მრავალი ეს ფაქტორი შეცვლას ექვემდებარება, რაც უფრო მეტ იმედს აძლევს მათ, ვინც დემენციის დამარცხებაზე და არა უბრალოდ მის მართვაზე მუშაობს. საბოლოო ჯამში, შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ დემენციის რისკი შევამციროთ უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესით.
„ადრეულ დემენციას ძალიან სერიოზული გავლენა აქვს, რადგან ადამიანებს, რომლებსაც ის ემართებათ, აქვთ სამსახური, დატვირთული ცხოვრება და ჰყავთ ბავშვები“, — ამბობს მაასტრიხტის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი სტევი ჰენდრიკსი.
მისი განცხადებით, მიზეზად ხშირად გენეტიკას მიიჩნევენ, მაგრამ მრავალი ადამიანის შემთხვევაში, ზუსტი მიზეზი უცნობია. სწორედ ამიტომ სურდათ მათ, ამ კვლევაში შეესწავლათ სხვა რისკფაქტორებიც.