ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
მეფე 63 წლის გახდებოდა... მის მსგავსად თვითმყოფადი ხელოვანის და მით უფრო, მუსიკოსის გახსენება, გაგიჭირდებათ... მეამბოხე, რევოლუციონერი, ქართველიც და მსოფლიო კონტექსტის მატარებელიც. მოკლედ, ირაკლი ჩარკვიანს მამა უკეთ ახასიათებს - ასევე დაუვიწყარი გელა ჩარკვიანი.
***
გელა ჩარკვიანი: ირაკლი რომ რაიმეს წაიღიღინებდა, ჩუმად ვუსმენდი - ძალიან მინდოდა, მუსიკალური ნიჭი გამოჰყოლოდა. მამაჩემს სმენა საერთოდ არ ჰქონდა, დედაჩემს კი - ბრწყინვალე. მუსიკალური განათლება არ მიუღია, მაგრამ სწორედ მან მაზიარა ქართულ მრავალხმიანობას. როცა ირაკლი 6 წლის შესრულდა, დავწყნარდი, - მისმა სიმღერამ დამარწმუნა, რომ სმენა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა საინტერესო მუსიკას თუ დაწერდა, ვერ წარმოვიდგენდი.
ირაკლი ინტერვიუში წერდა: მამაჩემის მთელი მუსიკალური შემოქმედება, როკ-ოპერები, "ნარგიზა და ქალბატონი ნელი", ჩემ თვალწინ იწერებოდა, სრულდებოდა და აბსოლუტურად კონფრონტაციულ პროდუქტს წარმოადგენდა. იმ დროის, 1970-იანების ჰიპურ წლებში მუსიკალური კონტრკულტურის კერა ჩემი საკუთარი სახლი იყო და ჭეშმარიტი "ანდერგრაუნდი", თანამედროვე ქართული ტექსტებით ჩემს ოჯახში იშვაო. "ნარგიზა" ახლა წიგნად გამოვიდა და დისკიც მოჰყვება. როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერმა ირაკლიზე გავლენა იქონია.
***
1961 წლის 19 ნოემბერს ბიჭი შეგვეძინა, ირაკლი. მაშებით გამოიყვანეს და პარეზის გამო პირველ დღეებში ძალიან ცუდი შესახედი იყო. ფილტვების ანთებაც დაემართა და ერთხელ მაგიდიდანაც ჩამოგვივარდა. ჯერ კიდევ მშობლებთან, კამოს 4-ში ვცხოვრობდით, თუმცა მალე, ნანას დედამ 30-იანებში დახვრეტილი მეუღლის რეაბილიტაციის საფუძველზე, ვაკეში, არაყიშვილის 8-ში მიიღო ბინა და იქ გადავედით. მე არქიტექტორობას შევეშვი და სწავლა უცხო ენათა ინსტიტუტში განვაგრძე. ბავშვობაში დორას მიერ ნასწავლი ინგლისური გამომადგა, თუმცა გადავწყვიტე მისი ცოდნა, ასე ვთქვათ, სრულქმნილებამდე მიმეყვანა და დღეში 100 ახალ სიტყვას ვსწავლობდი.
მშობლები თვეში 80 მანეთს მაძლევდნენ. დამატებით ფულს მაუდ-კამვოლის კომბინატთან და რადიოქარხანასთან არსებული თვითმოქმედი ორკესტრების ხელმძღვანელობით და მათთვის პარტიტურების წერით ვაკეთებდი. ზოგჯერ ტრიკოტაჟის ქარხნის კლუბში ცეკვებზეც ვუკრავდი. თუმცა თანდათან ინგლისურის მასწავლებლობაზე გადავედი. ჩემი პირველი მოწაფეები მეზობელი ბავშვები – ირინა გორგაძე და და-ძმა გოგოტაძეები იყვნენ.
ირაკლი იზრდებოდა და მზარდი ინტერესით უსმენდა ჩემს ფორტეპიანოზე დაკრულს. ერთხელაც თვითონ მიუჯდა მოსკოვიდან ჩამოტანილ, ყოველთვის ოდნავ აშლილ Красный Октябрь-ს და გამომიცხადა, ახლა მე დაგიკრავ იკაროსის და დედალოსის ამბავსო. თავისი პირველი კომპოზიცია ირაკლიმ დაღმავალი გლისანდოთი დაამთავრა – იკაროსი ზღვაში ჩავარდა.
***
13 წლის იქნებოდა, როცა ჩანთა ჩაილაგა და ბაკურიანში მივდივარო, - გამომიცხადა. რასაკვირველია, აღვშფოთდი, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა და წავიდა. რევოლუცია აქედან იწყებოდა, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი, რა განხრით. თუ გინდა, მომავალში მთავრობას აუჯანყდე, ჯერ მშობლებს უნდა აუჯანყდე. როდესაც ირაკლის დაწერილი სიმღერა პირველად მოვისმინე, მივხვდი, რის გაკეთებას აპირებდა.
***
მას მომღერლად მოიხსენიებენ, მაგრამ მომღერალი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ხმა ჰქონდა - თავისებური და ცოტა ტრაგიკულიც. ირაკლი იყო ავტორი, ადამიანი, რომელიც კომპლექსურად ქმნიდა დიდ ნაწარმოებებს და თვითონვე ასრულებდა.
***
ყველაფერი, რასაც ირაკლი ქმნიდა, შეუცდომლად ქართული იყო, თბილისურ ფესვებზე აღმოცენებული და იმავდროულად სრულად თავსებადი დღევანდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან.
მისი პროდუქტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთდროულად რჩეულიცაა და ხალხურ-დემოკრატიულიც. აშუღი იყო… ვერელი აშუღი“ - იხსენებდა შვილს გელა ჩარკვიანი.
ირაკლი 2006 წლის 24 თებერვალს საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.