1731700612
„გადაღებული მასალა რომ ვნახე, ისეთი მსგავსებაა, რომ მეც ძალიან გამიკვირდა“ - ანზორ ერქომაიშვილის როლს მიშო ჯავახიშვილი შეასრულებს
"შავი შაშვი" - ასე ჰქვია მხატვრულ ფილმს, რომელსაც გიორგი ჭუმბურიძე იღებს. ეს არის ფილმი უდიდეს ფიგურაზე ქართულ კულტურაში, ლეგენდარულ ფოლკლორისტზე, საგუნდო დირიჟორზე, მუსიკოსზე - ანზორ ერქომაიშვილზე...
ორიოდ დღის წინ მომღერალმა მიშო ჯავახიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო, სადაც გარდასახვით საოცრად მიმსგავსებულია დიდ მაესტროს. აღმოჩნდა, რომ ამ ფილმში სწორედ ის ასრულებს დიდი ფოლკლორისტის როლს.
მიშო ჯავახიშვილს წლები აკავშირებდა ანზორ ერქომაიშვილთან. ცხადია ის, რომ თუ დღეს მიშო 46 წლიანი ისტორიის ანსამბლ "მართვეს" ხელმძღვანელია, დიდ მაესტროსთან ძვირფასი ურთიერთობის შედეგია.
აღმოჩნდა, რომ ამ ფილმში მიშოს, ჰამლეტ გონაშვილის სახე უნდა განესახიერებინა, თუმცა რეჟისორმა გადაწყვეტილება შეიცვალა და ჯავახიშვილს მთავარი როლი ანდო.
"პრაიმტაიმთან" მიშო ამ კულტურულად მნიშვნელოვან პროექტზე საუბრობს. მომღერალი ბედნიერია, რომ მას ეს გარდასახვა უწევს...
მიშო ჯავახიშვილი: ამ პროექტზე დიდი ხანია საუბარი, არ არის ადვილი ანზორ ერქომაიშვილთან დაკავშირებული ფილმის მომზადება. ზღვა მასალაა, მასშტაბურია მაესტროს ცხოვრება, რომელიც ასე ფილმის ქრონომეტრაჟით უნდა ანახვო მაყურებელს. კარგია, რომ დადგა ეს მომენტი და ვმუშაობთ ამ პროექტზე.
ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი გიორგი ჭუმბურიძეა. კინოცენტრის ჯგუფთან ერთად მიდის მუშაობა. ფილმი ეხება მთლიანად ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრებას, მისი ბავშვობიდან მოყოლებული დიდი საქმეებით დაგვირგვინებული. ფილმში ნაჩვენები იქნება იუნესკოს მხრიდან ქართული ხალხური სიმღერის არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარება, უცხოეთში საარქივო მუშაობა, რადიო-ტელევიზიის არქივთან მუშაობა. ფილმის მთავარი სათქმელი და მოცემულობაა ის, რომ ქართული ხალხური სიმღერა ანზორ ერქომაიშვილის ხელით გადარჩა.
ანზორის როლზე თავიდან ირაკლი კავსაძე მოიაზრებოდა. ის ამ ფილმისთვის ამერიკიდან ჩამოვიდა. მე ჰამლეტ გონაშვილის როლისთვის დამიძახეს. ის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ერქომაიშვილის ცხოვრებაში. როდესაც მითხრეს, რომ ჰამლეტის როლი უნდა შემესრულებინა, ეს ემოციურად ამაღელვებელი იყო ჩემთვის. ჩემთვის ორივე უმნიშვნელოვანესი ფიგურა და შემოქმედია. მაგრამ მთავარი როლის განსახიერება, დამატებით ემოციური და საპასუხისმგებლო ამბავია.
საცდელი სარეპეტიციო გავლა გვქონდა, გაკეთდა შეფასება და როლებიც გადანაცვლდა. რა თქმა უნდა, ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ანზორ ერქომაიშვილის როლი შევასრულო-მეთქი. თუმცა ჩაირთო თუ არა კამერა, პირველივე მომენტიდან გადავერთე მის სამყაროში. ეს არის დიდი სიამოვნება და ბედნიერება. ძალზე საინტერესო სამუშაო.
ანზორ ერქომაიშვილს ბავშვობიდან ვიცნობ ძალიან კარგად. მასთან უმცროს-უფროსული მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებდა. მუდამ საქმიანი, მჭიდრო და სიღრმისეული ურთიერთობა მქონდა. ბატონი ანზორის ყველა ქმედება, დამოკიდებულება, აზრი, ბუნებრიობა ჩემთან ახლოს იყო. ეს ვიცოდი და გარდასახვისას მისი შესწავლა არ დამიწყია. შემდეგ ფოტოები და ვიდეომასალა რომ ვნახე, ისეთი მსგავსებაა, რომ მართალი ვთქვა, მეც ძალიან გამიკვირდა.
ვინ შეასრულებს ჰამლეტ გონაშვილის როლს ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ანზორის მამის, დავით ერქომაიშვილს როლს ცნობილი ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე ითამაშებს, ბაბუის - არტემის როლს ირაკლი კავსაძე ასრულებს. კიდევ შემოგვემატებიან მსახიობები. გურიის კადრები გადაღებულია, შემდეგი გადაღება თბილისში იგეგმება.
ფილმში თამაშის გამოცდილება 2009 წელს დიდმა რეჟისორმა - ნანა ჯანელიძემ შემძინა. ამ ფილმში ქართული გალობის ისტორიაა მოცემული და ის პოპულარობით სარგებლობს. მე მასში წმინდა ექვთიმე აღმსარებლის როლი შევასრულე. ეს გახლავთ ფილმი ქართული საგალობლების გადამრჩენლის ცხოვრებაზე. ესტატე კერესელიძეს (შემდეგში ექვთიმე აღმსარებელს) ძალიან რთულ დროში მოუწია მოღვაწეობა. ნანა ჯანელიძის ხედვით, მე დავკავდი მის როლზე. ვიზუალური მხარის და ასევე ჩემი პროფესიული ცოდნის გათვალისწინებით, მან ეს როლი მე მანდო. როცა წმინდანი უნდა განასახიერო, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ურთულესია. თავიდან ბოლომდე მას უნდა ემსგავსო და შენსას ვერაფერს შეიტან.
ასევე ძალიან საპასუხისმგებლოა ანზორ ერქომაიშვილის როლის განსახიერება. აქაც ვერ დაუშვებ იმას, რომ თავისუფლად შეხედო ამ ყველაფერს. ძალიან სპეციფიკური პერსონაჟია თავისი მიდგომით, დამოკიდებულებით და ასე შემდეგ. კი, იყო ერთი მომენტი, თავს რომ ეუბნები, როგორ შემიძლია მე ანზორ ერქომაიშვილის როლის შესრულებაო...
კიდევ უფრო ადრე, ბავშვობაში, გოგი თოდაძესთან მიმუშავია, პატარა უფლისწულის როლს ვასრულებდი ეგზიუპერის ამავე სახელწოდების სპექტაკლში. მსახიობობა ბავშვობის გატაცება იყო...
***
მე დღეს ვხელმძღვანელობ 46 წლის წინ დაარსებულ ანსამბლს - "მართვეს". ქალბატონმა თეა წულუკიანმა ფოლკლორის ცენტრთან კონსულტაციის შემდეგ დამნიშნა "მართვეს" სამხატვრო ხელმძღვანელად. შეკითხვაზე, ამდენი დიდი საქმიდან თუ რომელი იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ბატონი ანზორი დაფიქრდა და თქვა, ეს არის "მართვეო". ჩემი ვალია, ამ ანსამბლს ისე გავუძღვე, როგორც ამას ანზორ ერქომაიშვილი ისურვებდა. ვცდილობ, პატარა დონით თუ ხარისხით მას მივუახლოვდე როგორიც იყო ბავშვებთან ურთიერთობაში, რაც გამიგია ანდა, შემსწრე ვყოფილვარ. გარდა ამისა, ვარ ანსამბლ "რუსთავის" წევრი. ქართული კულტურა ამ ანსამბლის გარეშე არ არსებობს.
მე ანზორ ერქომაიშვილის მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ეს პასუხისმგებლობა გამოიხატება ყველაფერში - საქმის მიმართ დამოკიდებულებაში.
წარმოუდგენელია ამ სიმაღლის პიროვნებას ემსგავსო, მაგრამ ამაზე ფიქრი სწორ გზაზე გაყენებს და მისი საქმის გაგრძელებაში გეხმარება.
"შავი შაშვი" ჰქვია ფილმს, ცნობილი გურული სიმღერაა, ერქომაიშვილები ასრულებენ, უნიკალური სიმღერა და ჩანაწერი არსებობს. არსებობს წიგნი, ბატონი ანზორის მონათხრობი, რომელსაც ჰქვია "ბაბუა". მასში მოთხრობილია მათი ოჯახის ისტორია. იქ შავი შაშვის თემაა. მოკლედ, ფილმის ნახვისას მიხვდებით, რატომ ჰქვია მას ეს სახელი.
ფილმის პრემიერა 2025 წლის ბოლოს შედგება.