"ყურებამდე ვარ შეყვარებული... უფრო დიდი სტიმული მომეცა " - ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკა ღელაღუტაშვილთან

ნიკა

„ცვალებადი ნიშნები“, ახალი ქართული სერიალია, რომელიც სტუდენტების ცხოვრებასა და მათ თავგადასავლებზე გვიყვება. სერიალი ,,კავეა პლუსისა" და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ,,გაუს" თანამშრომლობით შეიქმნა. 

როგორც ჩანს, სერიალში საინტერესო და ჩახლართული ამბები გველოდება. სტუდენტური ცხოვრება, მეგობრობა, კონფლიქტები, მშობლებთან ურთიერთობა, სექსი, თავისუფლება — ეს იმ თემათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ახალ სერიალში მაყურებელს წინ ელოდება.

„პრაიმტაიმს“ სერიალის ერთ-ერთი გმირი, ნიკა ღელაღუტაშვილი (სერიალში მათე) ესაუბრება. 

მისი თქმით, „ცვალებადი ნიშნები“, ერთი დიდი უზარმაზარი ოჯახია. 

ნიკა გვიყვება, როგორ მიიღო, ერთ-ერთი საინტერესო როლი სერიალში. 

„სოციალურ  ქსელების რექვესთებს, არც თუ ისე სისტემატურად ვამოწმებ ხოლმე. საღამოს საათებში, გადავხედე შეტყობინებებს და დამხვდა სერიალის ერთ-ერთი მთავარი პროდიუსერის, მაიკო სიხარულიძის შეტყობინება.

მთავაზობდნენ, სერიალის სოცქსელების მართვას და არსებობდა შანსი, რომ სერიალში როლიც მიმეღო. ძალიან დავინტერესდი ამ ყველაფრით და მალევე გავიაზრე, რომ წინ დიდი ამბები მელოდა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაიკო, „ცვალებადი ნიშნების“ ოჯახის გასაღების მოპოვებაში დამეხმარა. აქტიურად გავდიოდი გასაუბრებებს, როგორც სერიალის რეჟისორთან, ასევე გუნდის სხვა წევრებთანაც.

თავდაპირველად, გავიარე სხვა პერსონაჟების ქასთინგები და საბოლოოდ მითხრეს, რომ პირადად ჩემზე აიწყო ახალი ძალიან საინტერესო პერსონაჟი - მათე.

ძალიან გამიხარდა, პატივია, როცა შენი პიროვნული მე იმდენად მოსწონთ, ახალ პერსონაჟს ამატებენ სერიალში.

ხუთი წლიდან გადავწყვიტე, რომ სამსახიობო კარიერას მივყვებოდი და დღემდე ამისთვის ვიბრძვი.

უამრავ ქართულ ქასთინგზე მიმიღია მონაწილეობა აქამდე, თითქმის ყველაფერი კრახითა და უარყოფითი შეფასებებით სრულდებოდა. ამ სერიალის შემდეგ კი თვითშეფასება ამიმაღლდა და უფრო დიდი სტიმული მომეცა სამომავლო გეგმების განსახორციელებლად.

„ცვალებადი ნიშნები“ ერთი დიდი უზარმაზარი ოჯახია, რომელსაც რეჟისორი, იოსებ სოსო ბლიაძე მიუძღვება. სოსო ძალიან ნიჭიერი, მეგობრული და უბრალოდ ძალიან ჯიგარი ადამიანია. მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია და პროფესიულად ძალიან მზრდის.

მათე და შაკო სერიალში, ცალკე ხაზი და ძალიან საინტერესო სთორილაინია. ჩემი გადმოსახედიდან ეს ორი პერსონაჟი სერიალის ფოიერვერკია და კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, ამ სერიალს უნდა უყურონ.

შაკოს როლს, ასრულებს მსახიობი სანდრო სამხარაძე. სანდრო იმდენად ნიჭიერი და წრფელია, მომენტებში მიმიკებზე მუშაობაც კი არ მჭირდება, იმდენად დახვეწილია მისი სამსახიობო თამაში. ეს ჩემთვის პირველი სრულფასოვანი როლია, რომელზეც უკვე ყურებამდე ვარ შეყვარებული.

ეს არის ზუსტად ის საქმე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს, მომწონს და სრულფასოვან ადამიანად მაგრძნობინებს თავს. მათე, ცვალებადი ნიშნებიდან არის საკმაოდ დიდი სიტყვა ჩემს პორტფოლიოში, რასაც უკვე საკმაოდ დადებითად აფასებენ წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტები. მე კი ის შემიძლია ვთქვა, რომ მათესა და შაკოსგან  წარმოუდგენლად მაგარ სცენებსა და სთორილაინს უნდა ელოდოს მაყურებელი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს შეუყვარდება“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ნიკა.

ასევე ნახეთ:

როგორ ვიშოვოთ „ტიკ-ტოკით“ ფული - ცნობილი „ტიკტოკერი“ რჩევებს გვიზიარებს

,,100-მდე კომპანიასთან ვთანამშრომლობ... ამერიკულ სერიალშიც ვითამაშე... - 17 წლის ნიკას წარმატების ფორმულა და გზა ჰოლივუდამდე