პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმტაიმი“, გაგაცნობთ 17 წლის ნიკა ღელაღუტაშვილს, რომელსაც „ტიკ-ტოკზე“ 400 000-მდე გამომწერი ჰყავს.
ნიკა, დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწავლობს სამსახიობოზე და არაერთი შემოთავაზება აქვს უცხოეთიდან. ახლა უკვე მას ქართულ სერიალშიც იღებენ.
ის საქართველოში ერთადერთი კოლექციონერია, რომელიც დისნეის გმირების ფიგურებს აგროვებს და გინესის რეკორდებში პირველი ადგილისთვის იბრძვის.
წარმატების ფორმულაზე და სამომავლო გეგმებზე, რომელიც ამერიკაში სწავლას უკავშირდება, ნიკა ექსკლუზიურად გვესაუბრა.
„მეშვიდე წელი დაიწყო, რაც ვაგროვებ დისნეის ფიგურებს. ბავშვობიდან ვაღმერთებ დისნეის სათამაშოებს. მშობლებს დიდი წვლილი მიუძღვით, რადგან, როდესაც ჩემი ასაკის ბავშვები, უაზრო ანიმაციებს უყურებდნენ, ამ დროს ჩემი მშობლები ცდილობდნენ, რომ დისნეისკენ წასულიყვნენ და აქედან გამომდინარე, ძალიან შემიყვარდა დისნეის ანიმაციები. საყვარელი ანიმაცია არის, ალისა საოცრებათა ქვეყანაში.
დღესდღეობით, მაქვს დისნეის 8 000-მდე ფიგურა. ფიგურების შეგროვებაში დიდი წვლილი, ქართველ ემიგრანტებს მიუძღვით. გინესის რეკორდებში პირველი ადგილისთვის ვიბრძვი. ძვირი ღირს ფიგურები, 50 დოლარიდან იწყება და 1 000 დოლარამდე მერყეობს.
სახლში პატარა მუზეუმი მაქვს. საკმაოდ საინტერესო პროცედურაა ფიგურების გაწმენდა, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა „ტიკ-ტოკზე“. ფიგურების გაწმენდას დაახლოებით 2 თვე უნდა. როცა ვამთავრებ წმენდას, უკვე დამტვერილია. სჭირდება სპეციალური ხსნარები და ფუნჯები. ბოლო თეთრსაც არ დავინანებ ფიგურებისთვის. ემიგრანტებზე მინდა ვთქვა, სიკვდილის ბოლომდე ვერ გადავუხდი მათ მადლობას, კოლექციის 30% არის მათი შეძენილი.
- მოგვიყევი ოცნებაზე, რომელიც აიხდინე
- ძალიან მინდოდა დისნეილენდის მაღაზიები მომევლო. ოჯახის წევრებმა, 13 წლის ასაკში ამიხდინეს ოცნება. 1 თვის წინაც ვიყავი პარიზის დისნეილენდში. ახლა უკვე ოჯახის დახმარება აღარ მჭირდება ფინანსურად, რადგან, არსებობს „ტიკ-ტოკი“ და შემოსავალი, კომპანიებიდან გამომდინარე.
ამ წამს, ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტულია, ჩემი პროფესიის განხრით წავიდე - კინო სამსახიობო ფაკულტეტზე ვაპირებ ჩაბარებას ამერიკაში.
დღეში 500-მდე მესიჯს ვიღებ ბავშვებისგან, თუ როგორ შეუძლიათ კარიერული განხრით წინ წავიდნენ.
ერთი კვირის წინ, მომივიდა მოწვევა, დისნეის პროგრამიდან და ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევაა, გამოცდის ჩაბარება და მოცემულ პროგრამაში მოხვედრა, ასევე, ჩემი ყველაზე დიდი მიზანია გამოცდის ჩაბარება, კარგი ქულის აღება და დაფინანსების მოპოვება, რომელიც ძალიან კარგად აისახება ჩემს კარიერაზე.
სამი წელია, ვცდილობ დავიმკვიდრო ჩემი ადგილი კინო სამსახიობო განხრით. შევძელი, კარგი აგენტის დახმარებით, მოვხვედრილიყავი ჰოლივუდურ ონლაინ კასტინგზე, როგორიცაა "ნეტფლიქსი", "ამაზონ პრაიმი" და ა.შ უკვე, ორ მასიურ სცენაში მაქვს როლი ამერიკულ სერიალში.
დღეს „კავეა+“ იღებს ქართულ სერიალს „ცვალებად ნიშნებს“, სადაც ვიღებ მონაწილეობას და მაქვს საკმაოდ საინტერესო როლი. ამ სერიალს, ძალიან ელოდება ჩემი აუდიტორია, რადგან აინტერესებთ ჩემი პირველი როლი, სადაც პერსონაჟი ვიქნები.
- როგორ ახერხებ ამდენ რამეს?
- უპირველეს ყოვლისა, მინდა წარმატების ფორმულაზე გავამახვილო ყურადღება.
ძალიან დიდი შრომა სჭირდება ამ ყველაფერს. არ უსმინოთ სხვა ადამიანებს და არასოდეს დანებდეთ.
ძალიან ბევრი კრახი გამომიცდია ქართულ კასტინგებზე, უთქვამთ, საერთოდ შეეშვი ამ პროფესიას, არ გამოდისო, მაგრამ არ დავნებდი. ახლა 100-მდე კომპანიასთან ვთანამშრომლობ, მაქვს ხანგრძლივი ხელშეკრულებები და ძალიან ვამაყობ ამით, რადგან, ეს არის ჩემი მუდმივი შემოსავლის წყარო. კარანტინის დროს გადავწყვიტე „ტიკ-ტოკზე“ გააქტიურება. ვწერდი ვიდეოებს კოლექციებზე, გასართობ კონტენტს ვქმნიდი.
ამის შემდეგ, ბებიას ვიდეოს გადავუღე და ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა. ვიდეოს 400 000-მდე ნახვა ჰქონდა.
გადავწყვიტე, ბებოსთან გამეგრძელებინა ვიდეოების ჩაწერა. ძალიან მალე, ამ ყველაფერმა, სერიოზული სახე მიიღო. თავიდან ექსპრომტად ვუღებდი ვიდეოებს, შემდეგ უკვე ბევრი ბიზნესშემოთავაზება წამოვიდა. სერიოზული სახე მიიღო. მასაც ძალიან სიამოვნებს ეს პროცესი. მინდა ვთქვა, რომ თუ ადამიანი, სოციალურ ქსელს საკმაოდ სერიოზულად შეხედავს, ეს ყველაფერი ფინანსურ წყაროდ იქცევა. პატარა ოჯახური ბიზნესიც გამოდის, რომელშიც მე, ბებია და ჩემი და ვართ ჩართული.
ჩემი მთავარი მიზანი და ოცნება კინო მსახიობობაა, რომელსაც ბევრი შრომის შედეგად აუცილებლად მივაღწევ. ძალიან ბევრს ვშრომობ.
- ძალიან მხიარული ხარ „ტიკ-ტოკზე“ - როგორია რეალური ნიკა?
- ზოგადად, ძალიან სერიოზული ადამიანი ვარ, ყველაფერს სერიოზულად ვუდგები. ვფიქრობ, რომ კომიკოსების 90% ეკრანზე სხვანაირია და რეალობაში გაცილებით სერიოზულები არიან.
- რას ეტყოდი ჰეითერებს?
- ჰეითერებს ვეტყოდი, რომ პირიქით, მაძლიერებს მათი კომენტარები, ჰეითერების გარეშე არ წარმომიდგენია და ვფიქრობ, რაღაც უტოპიაა ყველას მოსწონდე.