1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
80-იანი წლების ყველაზე პოპულარული და დღემდე ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი, თითქმის 26 წელია გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს… პანდემიის დროს, შექმნა პროექტი – “რეზოს მუსიკალური სამზარეულო”, სადაც უცხოელებს, ქართული სამზარეულოს კერძებს სთავაზობს. ქართველ საზოგადოებას კარგად ახსოვს 80-იანი წლები, როცა მსახიობს „ქართველ ალენ დელონად“ მოიხსენიებენ. ბ-ნი რეზო „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ რაც თმა შეუთხელდა, ჯეკ ნიკოლსონს ამსგავსებენ.
– ვინ არის არის სილვია – თქვენი პროექტის მონაწილე?
სილვა (სილვია ვაისკოფვი), ჩემი თეატრის „გრილოს სახელობის სახელმწიფო თეატრის“ წამყვანი, ნიჭიერი მსახიობი და ამავე დროს, კარგი კოლეგაა, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა ჩემ შემოთავაზებას – მონაწილეობა მიეღო პროექტში, „რეზოს მუსიკალური სამზარეულო”. მისი სრული სახელი და გვარია – სილვია ვაისკოფვი.
– პირველად მონაწილეობს თქვენ პროექტში?
არა, პირველად 9 წლის წინ, ჩემთან ერთად ერთ-ერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა, სადაც ორი ქართული სიმღერა ჩავწერეთ. იმდენად კარგად ისწავლა, დღესაც ზეპირად ახსოვს.
– ჩანს, რომ აღფრთოვანებულია ქართული სამზარეულოთი…
კი, ძალიან პატივს სცემს, უყვარს საქართველო და ქართული კულტურა.
– ისევ გეგმავთ ახალ პროექტებს სამომავლოდ?
კიდევ ერთ პროექტზე ვფიქრობ, მაგრამ უკვე ჩვენი თეატრი, სიმბოლურად ვიწყებთ მუშაობას, ამ თვეში, მაყურებელს ვთავაზობთ ორ ან სამ სპექტაკლს, გადაკეთებულ დარბაზში, სადაც 450 კაცის ნაცვლად, სკამების შორის დაცილებასა და დისტანციის გამო, დაახლოებით, 60 – 70 მაყურებელი დაეტევა. ეს შეიძლება, ერთი შეხედვით უცნაური და სევდიანი იყოს, მაგრამ ასე სჯობს! ამიტომ ეს პროექტი -„დარჩით სახლში”-„რეზოს მუსიკალური სამზარეულო”- ამ ეტაპზე გავაჩერე. განახლდება მუშაობა ისევ თეატრში, დიდ სცენაზე. რა თქმა უნდა, თუ ყველაფერი კარგად განვითარდა და ისევ სახლებში არ შეგვაბრუნეს.
ასევე, რამდენიმე ხნის წინ, ცნობილმა კომპოზიტორმა დავით არჩვაძემ, თავისი ერთ-ერთი სიმღერის „იავნანას“ მელოდია (7 იავნანას ავტორია) გამომიგზავნა, რომელსაც „მამის იავნანა“ ჰქვია. უნდოდა, რომ ეს სიმღერა, გერმანულად ამემღერებინა. გერმანული ტექსტი, ჩემმა მეგობარმა რობერტ სმაიგერტმა დამიწერა და „იავნანა“ გერმანულად გავაჟღერე, რამაც დიდი მოწონება გამოიწვია აქაურ მსმენელებში (რა თქმა უნდა სამეგობროში).
– პანდემიამ, ბევრ ადამიანს წონის პრობლემები შეუქმნა, თქვენ როგორ ინარჩუნებთ…
ჩემთვისაც ძნელია წონის კონტროლი, მაგრამ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ჯანმრთელ კვებას და სპორტს – ყოველ დილით, უზმოზე, რამდენიმე ჭიქა თბილი წყალი, ვარჯიში – ცოტა იოგა და ამის შემდეგ, დაახლოებით, 12.00 საათზე საუზმე (რა თქმა უნდა, ახლა დრო მქონდა ასეთი რეჟიმისთვის), შემდეგი, მეორე კვება – 18.00 – 19.00 საათზე. ამის შემდეგ, მეორე დღის საუზმემდე – დილის 12.00–მდე გამოდის 16-17 საათის სხვაობა. როცა არაფერს არ მივირთმევ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ გერმანული დისციპლინით, რაღაცნაირად ვახერხებ. სამი კილო დავიკელი და კიდევ მინდა დავიკლო.
– როგორც ჩანს, გარეგნობას და წონის კორექციასაც აკონტროლებთ. თქვენი მეუღლე როგორ გამოიყურება…
რაც შეეხება ჩვენს გარეგნობას, ჩემი მეუღლე, დღესაც შესანიშნავად გამოიყურება. ისე, ჩვენ გამოვირჩევით გერმანელებისგან, როგორც ყოველთვის, კარგი განწყობის მატარებლები, სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი ქართული ოჯახი და ეს დადებითი განწყობა და პოზიტივი, ასევე კარგი სადღეგრძელოები წვეულებებზე, გერმანულად, ქართული ხასიათი და მენტალობა – ყოველთვის აღაფრთოვანებს გერმანულ საზოგადოებას, რაც სიყვარულით განაწყობს ქართველების და საქართველოს მიმართ.
„დღეს ჩემი უფროსი ბიჭის – სანდროს დაბადების დღეა, ჩამოვიდა სპეციალურად შტუტგარდიდან (იქ ცხოვრობს და მუშაობს თავის მომავალ მეუღლესთან ერთად). 34 წლის გახდა და ახლა აღვნიშნავთ, ოჯახის წევრებთან ერთად.“
– ახალგაზრდობაში „ქართველ ალენ დელონად“ მოგიხსენიებდნენ…
მადლობა, მაგრამ მას მერე, რაც თმები შემითხელდა, ჯეკ ნიკოლსონს მამსგავსებენ (იცინის).
– და რატომ ნიკოლსონი?…
რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთში, ნორმანდიაში ვიყავი. ერთ ადგილას პლიაჟთან, კინომუზეუმი იყო, სადაც იმ ცნობილი ვარსკვლავების სახელები ეწერა, ვინც ნამყოფები იყვნენ. მივუჯექი ნიკოლსონის წარწერას და შევეცადე მისი გამომეტყველება მიმეღო.
პროექტში -„რეზოს მუსიკალური სამზარეულო”, მსახიობი, ერთ ერთ გერმანელ კოლეგასთან, სილვიასთან ერთად მონაწილეობს და ონლაინ რეჟიმში უცხოელ ხალხს ქართული სამზარეულოს რეცეპტებს სთავაზობს.
„ჩემს მუსიკალურ სამზარეულოში, კერძის მომზადებასთან ერთად, კარგი განწყობისთვის, როგორც „საკმაზი“, მაყურებელს, კარგ მელოდიას ვთავაზობ, რომელსაც, ზოგჯერ წავიმღერებ და მუსიკალურად ვაფორმებ,“ – ამბობს მსახიობი ინტერვიუში.
ვიდეოში, სილვიამ, ხაჭაპური (რომლის სახელსაც ვერ გამოთქვამს და „რაციაპუცით“ მოიხსენიებს) დააგემოვნა და ამბობს, რომ ისე მოეწონა, ყოველ დღე მიირთმევს, რის გამოც წონაში, საგრძნობლად მიმატა და ამიტომ, რეზოს, „მსუბუქი“ კერძის რეცეპტს სთხოვს:
„ასე ნუ მიცქერ რეზო, ძნელია, ხაჭაპურზე უარის თქმა, ჭამით ვერ ვძღები, ვერ ვჩერდები, ახლაც ხაჭაპურს მივირთმევ. და მგონი ცოტა მოვიმატე. იქნებ რაიმე მსუბუქი კერძი მირჩიო“, -ამბობს სილვია.
– სილვიას მსახიობმა, ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძი – ნიგვზიანი ბადრიჯნის საუკეთესო რეცეპტი შესთავაზა:
– „სილვი, ვის გაუგია დღე და ღამე ხაჭაპურის ჭამა? ახლა გადავიდეთ ნიგვზიან ბადრიჯანზე. ამისთვის გვჭირდება: ერთი კილო ბადრიჯანი, ერთი ან ორი კბილი ნიორი, ერთი თავი ხახვი, 300 გრამი ნიგოზი, ცოტა ქინძი, ცოტა ოხრახუში, ზაფრანა, წითელი წიწაკა, მარილი გემოვნებით, ერთი სუფრის კოვზი ძმარი.
დავჭრათ ბადრიჯანი თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ დაახლოებით 30 წუთი. შემდეგ კარგად გავწუროთ და შევწვათ ორივე მხრიდან. ახალა გავამზადოთ საკმაზი: ეს ყველაფერი, გადავიტანოთ ერთ ჯამში, დავაქუცმაცოთ, სანამ არ მივიღებთ ერთიან ნიგვზიან მასას. შემდეგ, შემწვარ ბადრიჯანს წავუსვათ ნიგვზიანი მასა, გადავკეცოთ შუაზე, მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და ჩვენ მივიღებთ საუკეთესო ქართულ კერძს.
ნახეთ ვიდეო