გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე, დიდი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის გარდაცვალებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„გარდაიცვალა თემურ ჩხეიძე. უდიდესი დანაკლისი ქართული კულტურისთვის, მთელი საქართველოსთვის.
ბოლო ხანს ტელეფონით ვურთიერთობდით, ვსაუბრობდით ყველაფერზე, მათ შორის - ჩემ ბოლო წიგნზე, საერთოდ სიცოცხლეზე. მე ეს საუბრებიც ძალიან დამაკლდება.
თემური არ იყო უბრალოდ ძალიან კარგი რეჟისორი, ვინც თავისი სტილი დაამკვიდრა ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში. ის კიდევ რაღაცას - ძალიან მნიშვნელოვანს - გამოხატავდა.
იყო სიმბოლო. განასახიერებდა ყველაფერს, რაც ძირეულია დღეს ასე ხშირად განქიქებულ ცნებაში - ინტელიგენტი.
ანუ იყო დიდი პროფესიონალი, მოაზროვნე, ჭეშმარიტად განათლებული, პრინციპული და ამავე დროს - უკიდურესად თავმდაბალი, მოკრძალებული...
სხვისი გამგები და მისი ტკივილის გამზიარებელი...
ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული. ამას ადასტურებს ის გზნება და ენთუზიაზმი, რომელთაც ის ახალგაზრდების აღზრდაში აქსოვდა.
ცხოვრობდა იმავე პრინციპებით, რომელთაც ამტკიცებდა თავისი სპექტაკლებით. რაც ნიშნავს, რომ იყო მართალი და გულწრფელი ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც...
მე მას უკანასკნელ მოჰიკანს დავარქმევდი.
და ახლაც თვალწინ მიდგას მისი მზერა: - ღიმილიანი, ხშირად სკეპტიკური, ფიქრისა და ეჭვისადმი მიდრეკილი, კეთილი კაცის მზერა. ქართულ ინტელექტუალურ და შემოქმედებით სივრცეში თემურმა დატოვა სიცარიელე, რომელსაც ვერაფერი ვერ ამოავსებს“ - წერს ღოღობერიძე.