ქაშვეთის ღვთისმშობლის ფრესკა, რის გამოც ლადო გუდიაშვილს უსიამოვნებები შეხვდა

temple

1896 წლის 30 მარტს ლადო გუდიაშვილი დაიბადა.
როგორ შეიქმნა გუდიაშვილის ყველაზე მიწიერი ღვთისმშობელი.
ლადო გუდიაშვილი მოგონებების წიგნში (გამოცემულია 1979 წელს) იხსენებს, როგორ შესთავაზა კათალიკოსმა კალისტრატე ცინცაძემ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მოხატვა. აი, რას წერს დიდი მხატვარი:


"1947 წელს კათალიკოსმა კალისტრატე ცინცაძემ ჩემთვის მეტად მოულოდნელი, მაგრამ დიდად სასიხარულო წინადადება შემომთავაზა: ქაშუეთი უნდა მომეხატა!

დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული ეს საქმე, მაგრამ რაკი ნებართვა მივიღე, აღარაფრის წინაშე აღარ მსურდა უკან დახევა. მთავარი დაბრკოლება კი მაინც ის იყო, რომ იმ დროს ჩვენში ფერები არ მზადდებოდა. მე უარი ვთქვი ზეთის საღებავებზე. ქაშუეთი ენკაუსტიკის წესით უნდა მოხატულიყო. ცხელი, ადუღებული ფერებით. ეს ტექნიკა ბიზანტიელებმა გამოიგონეს. ძალიან კარგია იმ მხრივ, რომ საუკუნეებს უძლებს… 

ძებნა-ძებნით მივაკვლიეთ ძველ მღებავებს. მათი დახმარებითა და რჩევით შევაზავეთ მცენარეთა ფერები. ზოგი ფხვნილი მწერებისაგან მზადდება. ყველა ეს ფხვნილი ავურიეთ თაფლის ფიჭაში, გავალხვეთ და დავიწყეთ მუშაობა. შეგირდები არ მყოლია. მეხმარებოდა მხოლოდ ორი ადამიანი: შალვა აბრამიშვილი და მუსიკოსი არსენ ფოჩხუა…
უამრავი ესკიზი და ჩანახატი გავაკეთე. საკურთხევლის ძირითადი ფართობი, რომელიც მოხატულია, ცხრა თვეში დავამთავრე. ცხრა თვე ფანტასტიკურად მოკლე დროა ასეთი დიდი სამუშაოსათვის, მაგრამ ისეთი გატაცებით ვმუშაობდი, რომ დამცლოდა, ალბათ, სამ-ოთხ წელიწადში სულ მოვხატავდი…"

ღვთისმშობლის ღვთიურ და ამასთან მიწიერ სახეზე და კალისტრატე ცინცაძის მოციქულად გამოსახვაზე მოგონებების ამ ნაწილში საუბრობს დიდი მხატვარი

"გადავწყვიტე ღვთისმშობელი ჩვენკენ, მიწისკენ, ადამიანებისაკენ წამომეყვანა, უფრო დღევანდელი სახე მიმეცა მისთვის. არ მიმაჩნდა სწორად მკაცრი ტრადიციის დაცვა…
ღვთისმშობლის სახის ასეთმა გადაწყვეტამ მაშინ, როგორც მოველოდი, აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგი რას ამბობდა და ზოგი რას. საბოლოოდ კი, ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდიოდნენ: რომ ეს არის ქართველი ქალი, ყოვლად მიწიერი, სიცოცხლითა და სიჯანსაღით სავსე, რომლისთვისაც არაფერი ამქვეყნიური უცხო არ არის…


საერთოდ, ბევრი უსიამოვნება შემხვდა ამ სამუშაოს დროს. მაშინ ჯერ კიდევ უჩვეულოდ გამოიყურებოდა ის ფაქტი, მხატვარს რომ რელიგიურ თემაზე რაიმე ეხატა. ბევრი გაღიზიანდა კიდეც…

ერთხელ ქაშუეთში იტალიის დელეგაცია გვეწვია. მკლავზე ხელს მკიდებდნენ: ნუთუ თქვენ მართლა ხატავთ, ნუთუ საბჭოთა კავშირში რელიგიურ თემაზე ხატვის უფლება არსებობსო… ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მთელი ჩვენი მოგზაურობიდან ამ ფაქტმა მოახდინაო…
რაც შეეხება კალისტრატეს, ის დიდებული ადამიანი იყო. დიდი პატრიოტი, განათლებული, ისტორიის, საეკლესიო მხატვრობის შესანიშნავი მცოდნე! უაღრესად კაცთმოყვარე! ის ისე მომწონდა, რომ მისი სახე ფრესკაში ერთ-ერთ მოციქულად ჩავხატე. მას ეს ძალიან ესიამოვნა".