1733169705
"როდესაც ჩემთან ცხოვრებადამსხვრეული ადამიანები მოდიან, მე მათ 93-ე და 36-ე ფსალმუნებს ვუკითხავ..." - ბერი პაისი თანამედროვე ადამიანზე
იცით, რომ ბერი პაისი ცნობილია თავისი ბრძნული შეგონებებითა და სწავლებანით. ათონის მთაზე მოღვაწე წმინდა მამა თანამედროვე ადამიანის შესახებ ამბობდა:
"ჩვენს ეპოქაში ადამიანთა უმრავლესობა უსულოდაა აღზრდილი. რამდენადაც მათ არ აქვთ შიში ღვთისა, მათ არ აქვთ მუხრუჭი და მიექანებიან. ამგვარი სისწრაფით დაუსრულებელ სრბოლას, ისინი უფსკრულში დაასრულებენ ხოლმე. სირთულეების გამო ადამიანები მეტად აღგზნებულნი არიან. უმეტეს წილად გამოთაყვანებამდე არიან მისულნი. მათ საკუთარი ორიენტირი დაკარგეს და თანდათანობით იქამდე მიდიან, რომ თავსაც კი ვერ აკონტროლებენ. თუ ისინი, ვინც წმინდა მთაზე მოდიან, ასეთი გახელებულნი და დაბნეულნი არიან, როგორები უნდა იყვნენ ისინი, ვინც ეკლესიისგან და ღვთისაგან შორს არიან? ყველგან ქარიშხალი და დიდი უბედურებაა. უბედური სამყარო სამოვარივით დუღს და სადაცაა გადმოვა.
ერთ ადამიანს, რომელსაც მაღალი თანამდებობა უჭირავს, ვკითხე, რატომ ყურადღებას არ აქცევთ რაც ხდება? სადამდე მივა ეს? მან მომიგო: მამაო, ადრე ბოროტება უმცირესი თოვლის მსგავსი იყო, ახლა ზვავის ტოლია. ამას სასწაული თუ უშველის. ზოგიერთი იმ საშუალებით, რომლითაც თითქოს გამოსწორება სურთ ბოროტების, ზვავს კიდევ უფრო ადიდებენ. იმის ნაცვლად, რომ განათლებასთან და აღზრდასთან დაკავშირებით კონკრეტული ზომები მიიღონ, რაიმე დადებითად შეცვალონ, ისინი უარესს აკეთებენ. ზვავის დადნობას კი არა, მის გადიდებას უწყობენ ხელს. ცოტ-ცოტაობით, ბოროტება თოვლის უდიდეს მასად იქცა, და ქვევით მიექანება. ახლა იმისთვის, რომ ბოროტების ზვავი განადგურდეს, აფეთქებაა საჭირო.
ჩვენ კიდევ არ გაგვიაზრებია ის ფაქტი, რომ ეშმაკს ღვთის ქმნილების დაღუპვა აქვს განზრახული. ის გაცოფებულია, რადგან ქვეყნიერებაზე სიკეთე ამოქმედდა, ის გაკოტრებულია, რადგან იცის, რომ სამოქმედოდ დიდი დრო აღარ დარჩენია. მარჯვნივ და მარცხნივ ყოველივეს ანადგურებს.
ქვეყნიერებას ცეცხლი უკიდია. თქვენ გესმით ეს? უდიდესი განსაცდელები აიშალნენ. ეშმაკმა ისეთი ხანძარი დაანთო, ყველა მეხანძრე რომ ერთად შეიყაროს, ჩაქრობას ვერ შეძლებენ. სულიერ ხანძარს ვერაფერი გადაურჩება. მხოლოდ ლოცვაღა დაგვრჩენია, რათა ღმერთმა შეგვიწყალოს.
მთელი სამყარო ერთისკენ მიდის, საყოველთაო ნგრევაა, სამყარო დანგრეულ სოფელს დაემსგავსა. ახლა ღმერთი შრომობს ზოგან ქანჩით, ზოგან თაფლაკვერით, რათა ყოველივე ეს გამოასწოროს.
ბოროტება მომწიფდება მაშინ, როდესაც იერიკონში, რომელსაც სინისგან გაწმენდა სჭირდება, დეზინფექცია დაიწყება.
ადამიანთა ტანჯვას დასასრული არ აქვს. საყოველთაო გახრწნილება სუფევს ოჯახებში, მოზრდილებში, ბავშვებში. ყოველდღიურად ჩემი გული სისხლით ივსება. სახლების უმრავლესობა განხეთქილებით, არეულობით, შფოთითაა სავსე. ადამიანები მხოლოდ იმ სახლებში გრძნობენ მშვიდად თავს, სადაც ღვთის ნებით ცხოვრობენ. სადღაც გაყრაა, სადღაც - გაკოტრება, ავადმყოფობა, უბედური შემთხვევები; ზოგი წამალს ეტანება, ზოგი ნარკოტიკს. საცოდავები! ზოგს ნაკლებად, ზოგს მეტად, მაგრამ ყველას ტკივილი აწუხებს. სამუშაო არ არის, ვალებია, ტანჯვაა, ბანკები ადამიანებს უკანასკნელ კაპიკებს ართმევენ, სახლებიდან ასახლებენ. ტანჯვა-წამების მთელი გროვაა.
ლოცვის დროს ხშირად ვხედავ, პატარა, უბედური ბავშვები როგორ მოდიან და ღმერთს დახმარებას სთხოვენ. მათ ოჯახში პრობლემები აქვთ. ამიტომ დედები ლოცვად აყენებენ. ისინი ამავე სიხშირეზე გადმოეწყობიან და ჩვენ ამგვარად ვუკავშირდებით მათ.
***
არც ერთ ეპოქაში არ არსებულა ასეთი უმწეობა, როგორშიც თანამედროვე ადამიანები დღეს არიან. სოფელი იღუპება და ადამიანები იძულებულნი არიან ამ სატანჯველის შუაგულში იცხოვრონ.
უმრავლესობა სიმარტოვეს და გულგრილობას გრძნობს. საყრდენი არ აქვთ. ხელის ჩასაჭიდს ეძებენ, და თუ მათ არ აქვთ რწმენა, რომელსაც დაეყრდნობიან და მათ თუ არ ირწმუნეს ღმერთი იმდენად, რომ მას სრულიად მიენდონ, მაშინ ტანჯვას ვერსად გაექცევიან.
პოლიტიკოსებმა უკვე გაიგეს, რომ თუკი ვინმეს ადამიანის დახმარება შეუძლია, ეს ეკლესიური ადამიანები არიან. ჩემთან სენაკში რამდენიმე პოლიტიკოსი მოვიდა და მითხრეს, ბერები საქადაგებლად ერში უნდა გავიდნენ და განსწავლონ ადამიანები, სხვა გამოსავალი არ არსებობს, მძიმე წლებიაო.
ზამთარში ჩემს სენაკში 17 სრულიად განსხვავებული ადამიანი მოვიდა, სტუდენტიდან დაწყებული, რეჟისორით დამთავრებული. ცრემლის ღვრით მეკითხებოდნენ, შეძლებდნენ თუ არა ღვთისმეტყველების სწავლას. ერთნი ცდილობენ ქრისტე შეშლილი მუსიკის მოსმენით იპოვონ, მეორენი ჭეშმარიტებას გასართობ ცენტრებში ეძებენ. ადამიანები შემწეობას ეძებენ, თვით ჩემისთანა უღირსთან. ვინ ვარ მე? ადამიანები კი ჩემთან სამყაროს მეორე კიდიდან მოდიან და ისიც კი არ იციან, აქ დავხვდები თუ არა.
ხმელეთიც ზღვაზე უფრო საშიშად იქცა. ადამიანები სულიერად ინთქმებიან ამ სამყაროში. როდესაც ჩემთან ცხოვრებადამსხვრეული ადამიანები მოდიან, მე მათ 93-ე და 36-ე ფსალმუნებს ვუკითხავ. ეს წმინდა სიტყვები დიდად ანუგეშებენ სულს.
უმაღლეს ხელისუფლებას ძალუძს მხოლოდ ერთი განმანათლებლური სიტყვით შეცვალოს საქმის ვითარება მთელ ქვეყანაზე, ხოლო ერთი განუსჯელი სიტყვით მთელი სახელმწიფოს დამხობა შეძლოს. კეთილი გადაწყვეტილება ქვეყანას კეთილად მოაქცევს. ცუდი კი კატასტროფაა მისთვის.
სულიერი სიდუხჭირე მეტად საშიშია. ლოცვა საჭიროა, რომ ქრისტემ ადამიანებს ცოტაოდენი შუქი მოჰფინოს.
ჩვენს დროში სიტყვები და წიგნები კი მომრავლდა, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება შემცირდა. თუ ჩვენ მცირე ღვაწლს მაინც აღვასრულებთ, უფრო მეტად დავჯილდოვდებით, ვიდრე ძველი დროის ქრისტიანები. ადრე სიკეთე უხვად იყო და ბოროტება სიკეთეში ინთქმებოდა. ცოტაოდენი უწესობა ერში თუ მონასტერში, შეუმჩნეველი იყო, ხალხს არ ვნებდა. ახლა კი რა ხდება? უხვადაა ბოროტება. ცოტაოდენი სიკეთე კი გროშადაც არ ღირს..."
სტატია მომზადებულია საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" სიუჟეტის მიხედვით.
ასევე დაგაინტერესებთ: