"ორ ბატს ვერ მიაბარებს კაციო" - ვაჟა ზაზაევიჩის ამ ფრაზაზე სულ მაშაყირებდნენ..." - "ცისფერი მთების" თინას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

nino

მსახიობი ნინო თუთბერიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ნინო ყველას მეხსიერებაში დარჩა ვაჟა ზაზაევიჩის მდივანი თინას როლით დაუვიწყარი "ცისფერი მთებიდან".

შარშან ინსულტის შედეგად, უკანასკნელი 22 დღე კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გაატარა. 

"ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. მშვენიერი როლი აქვს ელდართან, მდივანი ქალის. მე რომ "გზა მშვიდობისა ჯაყოს" ვიღებდი, მთელი ჯგუფი ბათუმში წავიყვანე. ძალიან პლასტიური გოგონა იყო ახალგაზრდობაში. ოსტატურად გამოსდიოდა თამაში. დასამახსოვრებელი ეპიზოდური როლები შეასრულა. მნიშვნელოვანია, მსახიობი იყოს სრულიად გულახდილი და მართლა ასრულებდეს როლს. ასეთი იყო ნინო" - გვითხრა მერაბ კოკოჩაშვილმა.

"პრაიმტაიმისთვის" მიცემულ უკანასკნელ ინტერვიუში კი, ნინო თინას როლს იხსენებდა.

ნინო თუთბერიძე: - ელდარ შენგელაია ჩვენი პედაგოგი იყო. “ცისფერ მთებზე” არაჩვეულებრივი ჯგუფი შეკრიბა. გეგონებოდა, ყველა შენი ახლობელი იყო, როგორც კამერის უკან მდგომი ადამიანები, ასევე სამსახიობო ანსამბლიდან. როლებს ისე ანაწილებდა, არასდროს ცდებოდა.

ბევრი განიხილებოდა თინას როლზე. საბოლოოდ, ელდარმა არჩევანი ჩემზე გააკეთა.

სცენარს ისეთი კარგი სუნი ასდიოდა, მაშინვე ეტყობოდა, რომ საინტერესო ფილმი უნდა გამოსულიყო.

31-32 წლის ვიყავი “ცისფერი მთების” გადაღების დროს. კოსტიუმების მხატვარს ჩემი არჩეული კოსტიუმები მივუტანე, მან შეარჩია თინას “ლუქი” და საინტერესოც გამოვიდა.

მაღალი ვარ, 177 სანტიმეტრი. თან 14 სანტიმეტრიან ქუსლზე ვიდექი, გვერდზე მოქცეული გრძელი თმის კუდიც მქონდა და ბატონი ელდარი “ლაშადკას” მეძახდა. ვიღაცამ თქვა, ნინო ისედაც მაღალია და ამხელა ქუსლები რაღად უნდაო, მაგრამ ბატონ ელდარს ასეთი მოვწონდი, არა, კარგიაო და ასეთი ვიზუალით დამტოვა.

"ორ ბატს ვერ მიაბარებს კაციო"– ვაჟა ზაზაევიჩი რომ ამბობს თინაზე, ამ ფრაზაზე სულ მაშაყირებდნენ ხოლმე. ფილმის გამოსვლის შემდეგ, სადაც არ უნდა მივსულიყავი, ყველა მცნობდა. 

ახლა სახლში ვარ. მარტო ვცხოვრობ. ერთხელ ვიყავი გათხოვილი. სამწუხაროდ, შვილი არ გამიჩნდა... დავრჩი ასე...