ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
მსახიობი, პოეტი, პედაგოგი - ელდინო საღარაძე ფართო პუბლიკამ სერიალით გაიცნო, ის "ჩცდ"-ში ჩიკას ყოფილი დედამთილის როლში იყო.
ამ დახვეწილ, საინტერესოდ მოაზროვნე ქალბატონს ხშირად იწვევენ ტელევიზიები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ის "ღამის პრაიმტაიმის" სტუმარი გახლდათ, სადაც გაუფერულებულ სიყვარულზე ისაუბრა.
მსახიობმა "პრაიმტაიმთან" კი საკუთარ რუტინაზე ისაუბრა.
ელდინო საღარაძე: თვითონ არ ვიცი, როგორ ვასწრებ ამდენს. მაგრამ როგორ შევიმუშავე დღის რუტინა, გეტყვით. როცა შევატყვე, რომ ყველაფერს ვასწრებ გარდა თავის მოვლისა, გადავწყვიტე, რომ თავის მოვლა გადამეტანა სულ თავში, დღის დასაწყისში და მერე გამეგრძელებინა სხვა დანარჩენი. როცა ეკრანზე ხარ, ხალხში ხარ, მოუვლელი გამოჩენა, პუბლიკის უპატივცემულობაა.
დილით, სანამ ავდგები, მაქვს საწოლის ვარჯიშები. ეს არის ბერების ვარჯიშები და ამის შესრულების შემდეგ, საწოლიდან ისე დგები, თითქოს ენერგეტიკული მდგომარეობის ზენიტში ხარ. ამის შემდეგ გეახლებით ყავას. შემდეგ უკვე თან იოგას, ასანებს და კიდევ სხვა კომბინირებულ ვარჯიშებს ვასრულებ და თან იმაზე ვფიქრობ, რა უნდა დავწერო. ბოლო წლები წიგნზე ვმუშაობდი, რომელიც მალე უნდა ჩავუშვა. თუ კარგი რამ მოვიფიქრე, ვტოვებ ვარჯიშს და საწერ მაგიდასთან მივდივარ, რომ არ დამავიწყდეს. წლებია რაც იოგასთან ერთად ამ ვარჯიშების კომპლექსი მაქვს.
ქალები ვართ და ყველაფერს მოვლა უნდა, თან ასაკში - კანს, თმას, თვალს. ვიწვეთებ წვეთებს, თმაზე მკვებავს ვიზელ, სახეზე საცხი... თმის დავარცხნა და ვჯდები კომპიუტერთან სამუშაოდ.
მალე გამოვა ჩემი მეხუთე წიგნი "იყო და არა იყო რა", სადაც საუბარია იმ სივრცეზე, რომლიდანაც ყოველთვის ვსაუბრობ. ეს არის კოდებით წაკითხული ბიბლია. სულ სხვანაირად ხედავს ჩვენს სამყაროს. ბევრი შეცვლაა საჭირო, რომ ბოლოსდაბოლოს სწორ გზას დავადგეთ. სამყარომ იცოდა, რა კოდით დაიწერა ბიბლია. მთელი ბიბლია ალეგორიებით არის დაშიფრული.
მკითხველისთვის ამ წიგნის საინტერესოდ მიწოდება მინდა.
დილით დავდიოდი ფეხით, მაგრამ რომ ვერ ვასწრებდი ჩემს საქმეს, ეს უკვე საღამოსთვის გადავიტანე. ზოგჯერ ბაღში ღამის ათ საათზე გავდივარ, ვსეირნობ და თან ვფიქრობ.
როცა მაქვს ამის დრო ვკერავ, ვქსოვ, გადავაკეთებ. ვაკეთებ აქსესუარებს. ნაკლებად მრჩება ამისთვის დრო. ჯერჯერობით ძველებით გავდივარ იოლას. იმედია, წიგნის ჩაშვების შემდეგ პატარა "ფანჯარა" გამიჩნდება, რომ გონზე მოვიდე.
ვცხოვრობ მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად. ქალიშვილები ცალკე ცხოვრობენ. უმცროსმა ხუთი შვილიშვილით გამანებივრა. ბებიობა ძალიან კარგი რამაა. იცი, როგორ უნდა აღზარდო.
მეუღლე რამაზ საღარაძეა, ქიმიკოსი. თანაკურსელები ვიყავით. ჩვენი სიყვარული ახლა უკვე ტრანსფორმირებულია. გავიარეთ ეტაპები. ახლა ეს არის გააზრებული, საქმიანი და აუცილებლობაში გადასული ურთიერთობა. ვგრძნობთ, როგორი საჭირონი ვართ ერთმანეთისთვის. სულიერი კავშირით გამტკიცებული. უამისოდ ყველა სიყვარული იშლება. თუ თავიდან ვნებაა დომინანტი, შემდეგ მოდის ბრძნული კატეგორიები. ეს ტრანსფორმაცია ძალიან მომწონს. თუკი გიყვარს - ზრუნავ.
- სახლშიც ასეთი დახვეწილია ელდინო საღარაძე?
- ვაიმე, რომ დამინახოთ, ზოგჯერ როგორ გამოვიყურები, არც მომესალმებით (იცინის). ჩქარა-ჩქარა ქალი ვარ. ხომ წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს. რომ მეკითხებიან - ელდინო, როგორ ხარო, ჩქარა-ჩქარა-მეთქი, ვპასუხობ. სულ ასე ვარ. მიკვირს სადილს, ჭურჭელს, სარეცხს, საუთოოს - ამ ყველაფერს ჩემი საქმის პარალელურად როგორ ვასწრებ. ჩემს ოჯახში დამხმარე ქალი ჯერ არ შემოსულა. რაც შეეხება კერძებს, არაფრის მომზადება არ მიყვარს, მე მიყვარს წერა და კითხვა. ოჯახის წევრებიც მეუბნებიან, რაც სწრაფად მოსამზადებელია ის გააკეთეო. ზოგჯერ გავამზადებ პროდუქტს, მერე ისევ საქმეს მივუბრუნდები და მერე - ვწვავ.
ქალმა თავის თავზე უნდა იმუშაოს. როგორ შექმნა საკუთარი ბედნიერება, აი, ამაზე იქნება ჩემი წიგნი. ერი ხომ ინდივიდებისგან იქმნება. თუ ინდივიდებმა იციან გზა ბედნიერებისკენ, ერიც ბედნიერი გახდება. ჩვენ კი არაფერი ვიცით.