„ომი საშინელებაა... იწირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს... ოჯახის ბედნიერებას“- 17 მაისი ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დაცვის დღე

17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე

17 მაისს ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დაცვის დღე, საქართველოში, წელს უკვე მეცხრედ აღინიშნება

საქართველო ტრადიციული ქვეყანაა და როგორც სხვა ტრადიციულ ქვეყნებში, ჩვენთანაც, ოჯახის ინსტიტუტის სიძლიერეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც საზოგადოება, სიხარულით აღნიშნავს მას.

„საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

წელს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, თბილისში შემობრძანდება აწყურის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც, ტრადიციისამებრ, ოფრედან (თურქეთის რესპუბლიკა) 11 მაისს წამოაბრძანეს ჩვენმა სასულიერო პირებმა და სამშაბათს, 12:30 საათზე, დააბრძანებენ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც შესრულდება პარაკლისი, შემდეგ კი მოეწყობა ლოცვითი მსვლელობა წმინდა ხატებით სიონის დედაეკლესიისკენ.

სიონის მცირე ტაძრებში გამობრძანებული იქნება დიდი სიწმინდეები, - წმ. დავით გარეჯელის „მადლის ქვა" და დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი, და მრევლს ექნება მათთან მიახლების შესაძლებლობა.

პარაკლისი და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება, ერთი მხრივ, ოჯახის დღისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, - მშვიდობის, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ჩვენს უდიდეს გულისტკივილს იწვევს ის საბრძოლო მოქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.

ომი საშინელებაა; იგი იწირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, იწირავს ოჯახის ბედნიერებას.

ოჯახისა და მშვიდობის თემაზე, ამავე დღეს, მოეწყობა ბავშვების ნახატების გამოფენა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში.

გავერთიანდეთ ლოცვითა და მსვლელობით, გავერთიანდეთ იმ სულისკვეთებით, რომ სამშობლო ოჯახიდან იწყება და რომ მტკიცე და ძლიერი ოჯახი ქვეყნის სიმტკიცისა და ძლიერების საწინდარია!“ - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაარბიეს, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა.