დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღეს ნუგზარ ჯუღელის დაბადების დღეა. ქართველი სპორტული კომენტატორი, ტელე დიქტორი და მსახიობი 85 წლის გახდებოდა.
ნუგზარ ჯუღელი საქართველოს ტელევიზიაში 1968 წლიდან, 36 წლის განმავლობაში მუშაობდა.
წლების განმავლობაში მიჰყავდა საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“, აღიარება და პუოპულარობა მოიპოვა, როგორც სპორტული გადაცემების წამყვანმა და პირდაპირი რეპორტაჟების კომენტატორმა.
1955 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე -19 საშუალო სკოლა. 1955-1959 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინოსა და დრამის ფაკულტეტზე (კუკური პატარიძის ჯგუფი). 1959-1971 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი.
1968 -2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, მიჰყავდა საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“.
გადაღებულია მხატვრულ ფილბებში: „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (1959), „ალავერდობა“ (1962).
ქართველი მაყურებელი და სპორტის ქომაგები, ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებენ, დღემდე პოპულარულია მისი სახალისო ფრაზები, რომლებზეც ინტერვიუებსა და პირად საუბრებში თავადაც ბევრს ხუმრობდა, სპორტულ წრეებში დღემდე პოპულარულია.
იუმორის საოცარი გრძნობა ჰქონდა, არაერთი ფრაზა ასოცირდება ცნობილ ტელეწამყვან და სპორტულ კომენტატორთან.
ნუგზარ ჯუღელის რეპორტაჟების დროს ნათქვამი უამრავი ფრაზა, დღემდე ანეკდოტად არის ქცეული, თუმცა, თავად არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ხშირად სხვის წარმოთქმულ ფრაზებს, მას მიაწერდნენ.
მას სიცოცხლის ბოლომდე, თბილისელი კოლორიტი ადამიანების გვერდით, ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
„მოამბის“ წამყვანი ქეთი მითაიშვილი იხსენებდა: ვერაფრით ვერ ვთქვი „წყალკანალტრესტი“, ავტირდი, პირდაპირ ეთერში „წყანალკანალტრესტი“ რომ წამომცდა; ნუგზარმა დამამშვიდა, ნუ ნერვიულობ, ხალხი მაინც მე დამაბრალებსო.
ფრაზები, რომლებიც ყველასთვის ცნობილ ტელე წამყვანთან და სპორტულ კომენტატორთან ასოცირდება:
კალათბურთის მატჩი მიმდინარეობს. სსრკ პირველობაზე „დინამო“ უგებს „ცსკ“-ს. „დინამოში“ თამაშობდა გვარად ოპოშნიანი, რომელიც ფართო ხედით ჩანს ეკრანზე და ღრმად სუნთქავს. ჯუღელი ამბობს: „ისუნთქე ოპოშნიან, დღეს ეს შენ დაიმსახურე“.
„შენგელია ახტა… ალბათ დახტება, ასეც მოიქცა“.
„მართალია, სულაქველიძე ამ ბოლო დროს ცოტა გასუქდა, მაგრამ რა კარგად აზროვნებს“.
„გოგონი, თქვენ რა გქვიათ? – მაია, თქვენ? – მეც მაია, – როგორ, დები ხართ?!“
„დარტყმა, არიის, გოოოლ!.. გოოოლ!.. მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა, თუმცა, რა უნდა ჩაეთვალა, არც გასულა“.
ნუგზარ ჯუღელი წყალში მხტომელ ლიანა ცოტაძესთან ინტერვიუს იწერდა: „ლიანა, თქვენ ცურავთ?“
„თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში დღეს ორი ოთარი თამაშობს: ოთარ გაბელია და... ნუკრი კაკილაშვილი“.
„კაპუსტინი ახტა, მაგრამ ტკაჩენკოსთან ვერაფერი გააწყო და იძულებული იყო ისევ, ჩამომხტარიყო"
„მოედანზეა სანაქებო ქართველ კალათბურთელთა შემდეგი ხუთეული - მილოვიდოვი, ბოროდაჩევი, დერიუგინი, კაპუსტინი, დარსაძე“.
„გუშინ სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში, თბილისელთა გუნდის მთავარ ბანაკში მთელი ღამე ენთო შუქი – ალიოშა კოტრიკაძე ფიქრობდა დღევანდელ მატჩზე!"
„ბურთი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა აუტში მოიგერია, რომელსაც დინამოელები თავიანთი ნახევრიდან მოაწვდიან. მოაწოდეს, პასი წინ, ისევ აუტი. განაახლეს თამაში გვერდითი ხაზიდან, მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ და... ისევ აუტი. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ დინამოელები აუტ-აუტ მიიწევენ წინ.."
„მეტოქის საჯარიმო მოედანზე ჩვენი ხუთი ფეხბურთელი და მოწინააღმდეგეთა გუნდის ექვსი მცველი იმყოფება. პლუს მეკარე, რა თქმა უნდა. ეს, დაახლოებით ოცდაოთხი ფეხია."
„დარტყმა! არის! არის! ულამაზესი გოლი და აი, თქვენ ხედავთ, რომ სტადიონზე ბურთი ღელავს, ხალხი ბადეშია!..“
„თბილისის სპორტის სასახლეში ნამდვილი საკალათბურთო ამინდია. "
ერთხელ ჰკითხეს: „ბათუმი, სოხუმი, ფოთუმი მართლა თქვითო? კიო, უპასუხა, ოღონდ ჯერ დამაბრალეს და შემდეგ შეგნებულად ვთქვიო“.
2019 წელს მსახიობ და ტელედიქტორ ნუგზარ ჯუღელის უკანასკნელ წერილს, მწერალი და დრამატურგი თამარ ბართაია, სოციალურ ქსელში ავრცელებს:
“მე წავედი უსასრულობაში… უმორჩილესად გთხოვთ, არ დაიბნეთ, რადგან ყოველთვის მზად ვიყავი ამისათვის.
მიხარია, რომ ვიყავი ქართველი და ჩემს ერს აქვს სიტყვა გარდაცვალება, ე.ი. ოდნავ შევიცვალე, ჩემი სული კი განაგრძობს თავის სვლას ულევ სამყაროში…
ძალიან გთხოვთ, სიკვდილს შეხედეთ ჩემი თვალებით, როგორც გარდაქმნას და გარდაცვალებას.
ჩემი გული ეკუთვნის საქართველოს, ვერ მოვესწარი თავისუფლებას, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას, დადგება დღე, როცა ჩემი კოპწია ქვეყანა, ბედნიერი, თავისუფალი იქნება. ჩემი შვილიშვილები მოესწრებიან ამას!
ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის!
მე წავედი იქ, სადაც ბევრი, ძალიან ბევრი ჩემნაირია, აქ ხომ ძალზედ ცოტანი დარჩით.”
2014 წლის 30 დეკემბერს მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძასთან, საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის წამყვანებს ვარსკვლავი გაუხსნეს, მათ შორის ნუგზარ ჯუღელის სახელობის ვარსკვლავიცაა.
2019 წლის 1 სექტემბერს ნუგზარ ჯუღელი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტელევარსკვლავი კუკიის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.