"ნიკას ველოდი, მაგრამ რომ დავინახე, მაინც მძიმედ იმოქმედა ჩემზე. მას სხვა ხარისხის ტკივილი აქვს" - ტარიელ ხარხელაური ნიკა წულუკიძესთან შეხვედრაზე

tarieli

"სამყარო ხილულ სამყაროს მიღმა" - ტარიელ ხარხელაურის ახალი კრებულია, რომელსაც პოეტი თავის მკითხველს პირადად აცნობს. ამჯერად ლექსების კრებული მკითხველს ტყიბულში წარუდგინა. ბოლო წლებში დაგროვილ ლექსებს კი, მალე, საგარეჯოში წაიკითხავს.

ტარიელ ხარხელაური: ხალხი სიყვარულის დასადასტურებლად მოდის და უბედნიერესი ჟამია ჩემთვის. როცა ხალხის ასეთი სიყვარული დაგდევს წუთისოფელში, არანაირი წუწუნის უფლება არ გაქვს. მადლობა უნდა გადაუხადო უფალს და მკითხველს, რომ ასე გაგათამამეს. მგონია, რომ მე იმაზე მეტ სიყვარულს ვიღებ, ვიდრე გავცემ...

ცოტა ხნის წინ, თიანეთში, სოფელ სიმონიანთხევში 76 წლის პოეტს ნიკა წულუკიძემ ჩააკითხა. ნუგეშის მისაღებად.

"მე ველოდი ნიკას, ჩემთან უნდა ჩამოსულიყო. მაგრამ რომ დავინახე, მაინც ძალიან მძიმედ იმოქმედა ჩემზე. ნიკას სხვა ხარისხის ტკივილი აქვს. მის ბუნებას ამ ტკივილთან შეგუება გაუჭირდება. მე ფურცელზე გადამაქვს ჩემი სატკივარი. ნიკას სჭირდება სცენა და სივრცე. ნიკა მჭირდება მე ისეთი, როგორიც ის ადრე იყო. ნიკა სჭირდება ქვეყანას. მან ყველას სიყვარული უნდა მოუტანოს. ამიტომაც ვუთხარი, ჩვენი ტკივილი გულებში შევინახოთ, ცალ-ცალკე კუთხე გამოვუყოთ, ჩვენთან უნდა იყოს-მეთქი. აუცილებელია მოერიოს ტკივილს. სამწუხაროდ, ის ამ დღეში, არც პირველია და არც უკანასკნელი" - გვითხრა ტარიელ ხარხელაურმა.