„ეს ძალიან საჭირო ფილმია! შეძრული ვარ!“ - როგორ გადაარჩინა განადგურებას ედუარდ შევარდნაძემ „მონანიება“

monanieba

15 მაისი ქართული კინოს დღეა. 1908 წელი ქართული კინოს ისტორიის დასაწყისად ოფიციალურადაა მიჩნეული. 1912 წელს ქუთაისში, კინოთეატრ „რადიუმში“ ვასილ ამაშუკელის ფილმის - „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ პრემიერა შედგა. ეს იყო პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული დოკუმენტური ფილმი.

1916 წელს, გერმანე გოგიტიძის თაოსნობით, რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი - „ქრისტინე” გადაიღო. 1918 წელს ბელგიური კინოფირმა „ფილმეს“ მეშვეობით, თბილისში დაარსდა პირველი კინოსტუდია. 1951 წლიდან თბილისის კინოსტუდიამ ფერადი ფილმების წარმოება დაიწყო. 1953 წელს თბილისის კინოსტუდიას ეწოდა „ქართული ფილმი“.

მას შემდეგ მოდის და ვითარდება ქართული კინო. თუმცა მისი აღმავლობის ხანა მაინც მეოცე საუკუნის 70-80-იანი წლებია...

ფილმებს, დიდ ეკრანზე გამოსვლამდე, ჯერ მოსკოვში უყურებდნენ, აფასებდნენ... საბჭოთა ცენზურა ფილმებს ჭრიდა, როცა იქ მისთვის "საეჭვო" რამეს ნახულობდა. თუმცა საბჭოეთის ამ დიდ მაკრატელს ბევრი ქართული კინოშედევრი გადაურჩა, მათ შორისაა, "მონანიება." ამაში ლომის წვლილი კი ედუარდ შევარდნაძეს, იმ დროინდელი ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს მიუძღვის.

ამდენად, ვინც შევარდნაძეს, როგორც პოლიტიკოსს კიცხავს, იქვე მადლობა უთხრას იმისთვის, რომ დღეს ეს შედევრი გვაქვს. აბა, წარმოიდგინეთ ჩვენი ფილმების პალიტრა "მონანიების" გარეშე.

ფილმის გარშემო შესანიშნავად ჰყვება აბულაძის რძალი, კინო რეჟისორი ნანა ჯანელიძე. ის თავის წიგნში "თენგიზ აბულაძე - ანარეკლები" იშვიათ ფაქტებს გვიმხელს. მოკალათდით, წინ სიამოვნება გელით.

"ნატვრის ხის" გამოსვლის შემდეგ, თენგიზ აბულაძე მძიმე ავარიაში მოჰყვა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა, რეჟისორი სასწაულებრივად გადარჩენილა. მას გაუჩნდა რწმენა, რომ გადარჩა იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა შექმნას.

ქუჩაში შეხვდა აკაკი ბაქრაძე. მას უთხრა, რომ ახალი ფილმისთვის სცენარს ეძებდა. აკაკიმ გაიხსენა ამბავი, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოხდა: ვიღაცას წარსული ცოდვებისთვის ამოუთხრია მიცვალებული და ჭირისუფალს ჭიშკართან მიუყუდა. ისიც დაუმატა, რომ ამ თემაზე მწერალი ნოდარ წულეისკირი მუშაობდა.

ნანა ჯანელიძე: 1937 წელს მაღალჩინოსან ჩეკისტს ბუღალტრის ლამაზი ცოლი მოეწონა. ჩეკისტმა ბუღალტერი გულაგში (შრომა გასწორებითი კოლონია ციმბირში) გაგზავნა, ცოლი კი საყვარლად გაიხადა. ქალმა თავი ჩამოიხრჩო. გავიდა წლები, ჩეკისტი გარდაიცვალა და შურისძიება შეუძლებელი გახდა. მაშინ მსხვერპლის ვაჟმა საზარელი სასჯელი მოიფიქრა - მიცვალებული ამოთხარა და პატრონს სახლთან მიუგდო.

ეს ზუსტად ის იყო, რასაც აბულაძე ეძებდა. ეს ფაბულა იქცა მისი მომავალი ფილმის კვანძად. სცენარს "აფთარი" დაარქვა.

იმ დროს სტალინური რეპრესიები ჯერ კიდევ აკრძალული თემა იყო, მით უფრო მასზე ფილმის გადაღება. სცენარსა და ფილმს მკაცრი ცენზურა უნდა გაევლო, საქართველოსა და მოსკოვში, ამიტომ ეს ჩანაფიქრი განუხორციელებელი ჩანდა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მთავარია კარგი სცენარი დაიწეროს, შემდეგ კი განგება თავად განკარგავს ფილმის ბედს.

რასაკვირველია, თენგიზ აბულაძე ასე მარტივად არ უყურებდა ამ ყველაფერს. მან გადაწყვიტა, რომ ათგვერდიანი სინოფსისი ეჩვენებინა ედუარდ შევარდნაძისთვის. სინოფსისის ავტორი ნოდარ წულეისკირი იყო. შემდეგ სცენარზე მუშაობისას ის ჯგუფს გამოეთიშა. მუშაობის პროცესში კი სცენარი სრულიად გადასხვაფერდა.

შევარდნაძე, როგორც ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, ათი წელი მართავდა უკვე საქართველოს. ის ჩართული იყო ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში და გულწრფელად სცემდა პატივს შემოქმედებას, პირადად იცნობდა საქართველოს ინტელიგენციის ბევრ წარმომადგენელს, თენგიზთანაც ურთიერთსიმპათია აკავშირებდა. 

მე დღემდე არ ვიცი, რა პოლიტიკური ხედვა და წინათგრძნობა ჰქონდა შევარდნაძეს, მაგრამ ფაქტია, სცენარზე მუშაობის უფლება მოგვცა. მან თქვა, ჩემი მეუღლის ოჯახი რეპრესირებული იყო, ამის გამო ცოლის დას, ფსიქიკა შეერყა და 37 წელი დღემდე თავს მახსენებსო.

ჩვენთვის მწვანე შუქი აინთო, დავიწყეთ მუშაობა. რადგან ერთ ოჯახში ვცხოვრობდით, კამათი და დისკუსია დღე და ღამე გრძელდებოდა. იგი არასდროს გვახვევდა საკუთარ აზრსა და იდეას. გვისმენდა და დაუფიქრებელ დასკვნას არ აკეთებდა. შემდეგ, მოსმენილს მარტოობაში გადახარშავდა და ასე თანდათან იკვეთებოდა მისთვის მთავარი. 

მახსოვს, პირველად ფილმის კონცეფციაზე შევთანხმდით. ბანალური სიუჟეტი ჩეკისტზე, რომელმაც ქალი გააუპატიურა, არ მოგვწონდა. საჭირო იყო ამ ამბის განზოგადება, ბოროტების ხატის შექმნა ნიჭით დაჯილდოებული არტისტული ცინიკოსის დახატვა, ყველას რომ ეთამაშება, მახეს უგებს, ხიბლავს და აცდუნებს. მას თავისუფალი პიროვნება უნდა დაპირისპირებოდა, შემოქმედი, რომელიც ამ ორომტრიალში მონაწილეობას არ იღებს და ურჩევნია მსხვერპლი გახდეს, ვიდრე ბილწს შეეკრას ზავით.

იყო ერთი პრინციპული საკითხი: სტალინის ეპოქა დასრულებული იყო, რეპრესირებულთა რეაბილიტაციაც მოხდა და როგორც პასტერნაკი ამბობდა, "გარეთ სხვა ათასწლეული იდგა"... და ამ მოვლენებზე ფილმის გადაღება დასრულებულ ჩხუბზე მუშტების ქნევას ჰგავდა. საჭირო იყო მკაფიოდ მოგვეკვეთა თაობათა ურთიერთობის თემა - მამა, შვილი, შვილიშვილი... ასე გაჩნდა სცენარში თორნიკე არავიძე. აბელმა ასე თუ ისე განაგრძო ვარლამის საქმე, მამას ამართლებს, თორნიკე კი აღმოჩნდა არა ბაბუის, არამედ სანდრო ბარათელის სულიერი მემკვიდრე. წარსულის ცოდვა დაღუპავს მომავალ თაობას, უდანაშაულო ახალგაზრდათა სულებს.

როდესაც ხმა დაირხა, აბულაძე 30-იან წლებზე ფილმს იღებსო, უამრავი გულაგგამოვლილი ადამიანი გვირეკავდა. უმთავრესად ხანდაზმული ქალები, "ხალხის მტრების" მეუღლეები. მამაკაცები ძირითადად დახვრიტეს. ერთ-ერთი შთამბეჭდავი იყო მორების ეპიზოდი. ქეთი ბარათელის პროტოტიპი ევგენი მიქელაძის მეუღლე, ქეთუსია ორახელაშვილი გახდა. სანდრო ბარათელის ფრაზა -"არა, მე მაგათ ვერ ვუკმევ!" - მიხეილ ჯავახიშვილს ეკუთვნის.

შევარდნაძემ თენგიზს აუდიენცია დაუნიშნა, შეხვედრა ბორჯომში უნდა შემდგარიყო. მან უთხრა, რომ სცენარმა შეძრა და თვეების განმავლობაში ფიქრობდა, როგორ გადაეღოთ ფილმი მოსკოვის გვერდის ავლით. გამოსავალი მოიძებნა. საქართველოს ტელევიზიას წელიწადში ერთხელ ჰქონდა უფლება წელიწადში გადაეღო ორი საათის მასალა, რომელსაც მოსკოვი არ აკონტროლებდა. გადაწყდა ეს ორი საათი ამ ფილმისთვის გამოეყენებინათ და საქართველოს თვითონ დაეფინანსებინა.

მხატვარმა ჯემალ ლოლუამ პერსონაჟების უზუსტესი პორტრეტები შექმნა. მაგრამ მას არ შეეძლო ფილმზე მუშაობა და ფილმის დამდგმელი მხატვარი გოგი მიქელაძე გახდა.

"ვარლამის დრო" იმდენად აბსურდული იყო, რომ მისი ეკრანზე ჩვენება გროტესკის და სიურრეალიზმის საშუალებით იყო შესაძლებელი. 

თავდაპირველად შურისმაძიებელი მამაკაცი იყო. მაგრამ უცებ, გადაღების დროს, აბულაძემ გამოაცხადა - ამომთხრელი ქალი იქნებაო! მთელ ჯგუფს თავზარი დაეცა. მაგრამ თენგიზი შეუვალი გახდა.

ბათუმში გადაღებაზე ზეიკო ბოცვაძე გამოიძახეს, ჯერ მხოლოდ გასაუბრებისთვის. ზეიკო დილით ჩაფრინდა და პირდაპირ გადაღებაზე მოვიდა თვალისმომჭრელად ლამაზი, სამკაულებით, ბეწვის ქურქში, მხიარული და თავის თავში დარწმუნებული. ჩვენ სანდრო ბარათელის "ჯვარცმას" ვიღებდით. ამიტომ ზეიკოსთვის არავის ეცალა.

სამი დღე ცდილობდა ფორმაში ყოფილიყო. ეს საკმაოდ რთული იყო, ბათუმის სასტუმროში წყალი არ მოდიოდა. მშვენიერი და ელეგანტური, გადაღებას ესწრებოდა, მაგრამ საქმეზე არავინ ელაპარაკებოდა.

მეოთხე დღეს ზეიკო დროსტარებას მიეცა, მთელი ღამე იქეიფა, ილოთა, დილით კი აბულაძემ სერიოზული საუბრისთვის დაიბარა. როგორც ზეიკო ამბობდა, რეჟისორთან შეხვედრაზე ქუჩაში გადაგდებული კნუტივით ყალყზე დამდგარი თმით, გაუბედურებული მივიდა.

ის, რაც თენგიზმა შესთავაზა, იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მეტყველების უნარი დაკარგა. ფილმის თემის, როლის მასშტაბმა შეაშინა. აბულაძემ "დაამშვიდა", მაგრამ გააფრთხილა, ერთადერთი დაბრკოლება ნანა ჯანელიძეაო. "ის ვინღაა", გაუკვირდა ზეიკოს. და გადაწყვიტა იერიში ჩემზე მოეტანა.

მეორე დღეს გადაღების შემდეგ, როდესაც სასტუმროში დავბრუნდით, საწყალი თვალებით შემომხედა და "გამომიტყდა" - ღამით ნომერში მარტო დარჩენის მეშინიაო. ნათელი იყო ზეიკო ჩემს დამუშავებას აპირებდა. თუმცა გამიკვირდა, ამაზე დროს და ენერგიას რომ კარგავდა. იძულებული ვიყავი ღამის გათენება ჩემს ნომერში შემეთავაზებინა.

ნომერში ერთი ბოთლი სასმელი მქონდა, მთელი ღამე თვალი არ მოგვიხუჭავს, სადღეგრძელოებს ვამბობდით. სასმელი რომ დამთავრდა, სადღეგრძელოები ყავით გავაგრძელეთ, შემდეგ - წყლით. თანაც სულ ფილმზე ვლაპარაკობდით, შურისმაძიებლის როლზე.

"წარმოგიდგენია, ქეთი ბარათელი ციხეში როგორ იჯდება?" - მკითხა და ფეხი მოირთხა. თვალებანთებულ საზარელ ობობას დაემსგავსა.

"ეს ამოთხრის. მხოლოდ ქალი!" - გავიფიქრე შეძრწუნებულმა. ჩემი წინააღმდეგობა გატყდა.

თენდებოდა. აივნის თავზე ცისკრის ვარსკვლავი აინთო. "ეს კი ნიშანია. ზეიკო დიდებული იქნება, ფილმი კი გამაოგნებელი".

მართლაც, "მონანიებამ" ზეიკოს უდიდესი აღიარება მოუტანა. მას მოსკოვის, ლენინგრადის, ვარშავის ქუჩებში ცნობდნენ და აჩერებდნენ. ვარშავაში "ქალბატონ მონანიებას" ეძახდნენ. სამწუხაროდ, ყველასთვის მოულოდნელად ეს ამაყი, უდრეკი და ნიჭიერი ქალი, თენგიზის გარდაცვალების შემდეგ, მალევე გარდაიცვალა. 

იყო ფირის, გადაღებული მასალის წუნის უსიამოვნო მომენტები... ამას დაერთო ერთი შემაძრწუნებელი ამბავი: თორნიკე არავიძის როლის შემსრულებელმა, გეგა კობახიძემ ცოლი შეირთო და ქორწილის მაყრიონთან ერთად, ბათუმს გამოფრინდა. თვითმფრინავის გატაცების მცდელობისთვის კი ყველა დააპატიმრეს, მათ შორის, გეგა კობახიძეც. მთავარი როლის შემსრულებელი არ გვყავდა. ბათუმის სცენები თავიდან უნდა გადაგვეღო...

კაგებემ გეგას სახლში ნახა ფილმის სცენარი. ცხადად დაინახეს, რა ფილმს იღებდა აბულაძე. უშიშროების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ინაურმა გამოიყენა თვითმფრინავის გატაცების მცდელობა და გასცა ბრძანება - დაიწვას სცენარი, გადაღებული მასალა განადგურდესო!..

სტუდიაში მივიდა ორი თანამშრომელი და თენგიზი დაკითხეს. გვირჩევდნენ ფილმზე ხმაც არ ამოგვეღო.

მოახლოვდა თენგიზის იუბილე, 31 იანვარს 60 წლის გახდა. უამრავი მილოცვა და სტუმარი მოვიდა. მივიღეთ ედუარდ შევარდნაძის თბილი მილოცვა. ეს იყო იმის ნიშანი, რომ ფილმს არ აპატიმრებენ.

შემდეგ უკვე ფილმის დახურული ჩვენება მოეწყო. ჩვენება რომ დასრულდა, სამარისებური სიჩუმე იდგა, ერთმანეთს უყურებდნენ. ყველა ელოდა, რას იტყოდა შევარდნაძე.  ის ჩუმად იჯდა.

"ეს ძალიან საჭირო ფილმია! შეძრული ვარ!" - თქვა შევარდნაძემ. მიუახლოვდა აბულაძეს და გადაეხვია.

1986 წელს ნოემბერში ფილმი "მონანიება" საკავშირო ეკრანებზე გავიდა. მერე იყო კანის ფესტივალი, უამრავი ჯილდო და აღიარება.

ფილმი იმ ცვლილებების სიმბოლო გახდა, რაც საბჭოთა კავშირში განხორციელდა. 

 

ასევე დაგაინტერესებთ:  ,,ბაბუს მონატრება ხასიათში ემჩნევა... გიგას მერე დამძიმებული და დეპრესიულია. ზის და თავისთვის წერს... იხსენებს" - შვილიშვილი ქეთევან კიკნაძეზე

მითხრეს, სიყვარულის გამო გაგიჟდაო...“ - რეალურად ვინ იყო ქალი, რომელმაც სოფიკოს ფუფალა შეაქმნევინა

"ზეიკო ბოცვაძე თურმე ფუფალას როლზე ოცნებობდა, მე კიდევ პირიქით, "მონანიების" ქეთი ბარათელზე..." - სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა