"მხარზე მეჯდა ეშმაკი. იცით, რამდენი ხელის შეშლა გვქონდა?" - ბრძოლა და სასწაულები, რაც ბიბლიის აუდიოჩაწერას ახლდა

gogi

გოგი ხარაბაძემ 14 წლის წინ „ბიბლიის“ პირველი სრული აუდიო ვერსია ჩაწერა, დაბადებიდან – აპოკალიფსის ჩათვლით. პატრიარქმა ორწლიანი ნაშრომი 2009 წლის 1 მაისს ჩაიბარა და მას საუკუნის პროექტი უწოდა. პროექტის პროდიუსერები მერაბ სანოძე, გიორგი ხარაბაძე (უმცროსი) და თამარ ცაგარეიშვილი გახლდნენ. ბუნებრივია, „ბიბლია“ პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და წინამძღვრობით ჩაიწერა. გოგი ხარაბაძე თითქმის ყოველ კვირა დადიოდა პატრიარქთან, ხშირად ესაუბრებოდა უწმინდესს, ლოცვა-კურთხევას იღებდა. მაქსიმალურად ემზადებოდა ამ პროექტისთვის. უზარმაზარი შრომა ჩადო, რომ მაღალ დონეზე შესრულებულიყო.

პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ თამარ ცაგარეიშვილს და გიორგი ხარაბაძეს, თეოლოგი გიორგი გვასალია მიამაგრა, რომ „ბიბლიაზე“ ემუშავათ. ტექსტზე მუშაობამ 11 თვე წაიღო.

თამარ ცაგარეიშვილი: – გოგი ხარაბაძემ, ადამიდან ქრისტეს აღდგომამდე, ყველა წინასწარმეტყველი და გმირი გააცოცხლა. ჩემთვის ეს დიდი პერფორმანსის ყურება იყო, მისი ჩაწერა - ჯადოსნური რამ. შაბათს სანოს სტუდიაში 12 საათზე შედიოდა და ჩაწერა გაუჩერებლად ორი-სამი საათი გრძელდებოდა. შედიოდა თანამედროვე ადამიანი და ჩაწერის დროს მისტიფიკაცია ხდებოდა. უცებ ძველ აღთქმაში ხვდებოდი…

ჭაბუა ამირეჯიბმა ამ პროექტს „ხმა მომავალში“ უწოდა. ისეთი სიღრმის ტექსტი და სათქმელია ამეტყველებული, რომ ყველა დროს გაუძლებს. ასე მგონია, ამის მომრევი ნაკლებად გამოჩნდება. ეს არ არის მსახიობის ჩაწერილი, ეს ღვაწლია. მისი ენერგეტიკის, შემართების, ჟინის და ნიჭის ადამიანები – მოღვაწეობენ. 

აუდიო ვერსია 48 საათიანი ჩანაწერია. ორი წლის ნაშრომი ერთ პატარა ყუთში ჩაეტია. სულ 51 კომპაქტ-დისკია. ამ მოვლენას დაბრკოლებების გარეშე არ ჩაუვლია. სასწაულებზე თავად მოქმედი გმირები ჰყვებიან.

გოგი ხარაბაძე: – როგორც ზვავი, ისე ჩამოწვა „აპოკალიფსი“. ჰო, ქვეშ მომიყოლა. საიდან არ მივუდექი. ძვრა ვერ ვუყავი.
კონსულტანტები ჰყავს ბიბლიის აუდიო-ვერსიას, განსწავლული, ღრმა ხალხი. იმათ მივაკითხე. დამამშვიდეს, არ შეშინდეთ, ბატონო გოგი, „გამოცხადება“ ყველაზე ამოუცნობი, მიუწვდომელი მასალააო.

მისი დასტური მჭირდებოდა. უცხოსავით ვიჯექი ოთახში, სადაც ხშირად მმასპინძლობს. ვღელავდი? უფრო მეტი… ბავშვივით მიფანცქალებდა გული. არ ვიცოდი, რით დამეწყო, ყელში მებჯინებოდა სათქმელი, თან თითქოს სიტყვები დამკარგვოდა და ჯიქურ გამომივიდა:

– უწმინდესო, „აპოკალიფსის“ ჩაწერას არ ვაპირებ.

– რათა? - მკითხა ჩვეული სიმშვიდით.

– ასჯერ მაინც წავიკითხე… მე არაფერი მესმის და სხვას რას გავაგებინებ…

– მამაო დავით, მოიტანეთ „ბიბლია“.

იქვე ჩამოვსხედით, სავარძლებზე.

– დაიწყეთ! – იყო ბრძანება.

როგორია?! აბა, დაუჯექით პირისპირ საქართველოს პატრიარქს, თანაც ასეთს და წაუკითხეთ „ბიბლია“.

„ხომ იცით, „აპოკალიფსი“ – გამოცხადებას ნიშნავს. ღმერთი თავის რჩეულ შვილებს უცხადებს საიდუმლოს, რომელიც მომავალს ეხება, ახლა დაიწყეთ… – კიდევ გამიმეორა.
დავიწყე. ვკითხულობდი, მაჩერებდა, მიხსნიდა, შეფარვით მამხნევებდა კიდეც… “აი, ხომ ხედავთ, უკვე სხვანაირად კითხულობთ… განაგრძეთ”…

ფილადელფიის ეკლესიის ანგელოსს რომ მივადექით, პირჯვარი გადაიწერა და მითხრა: ეს საქართველოზეა, ხომ იცით? სამების ტაძარში საკურთხევლის კარზე, შიგნიდან არის ამოტვიფრული ეს მონაკვეთი, განაგრძეთ…
სული მეკუმშებოდა, ალბათ, ნეტარებისგან. ვფიქრობდი, სულ ნურაფერი გამოვა, პარტიარქს „ბიბლიას“ ხომ ვუკითხავ-მეთქი.

წინადადება-წინადადება ამიხსნა ყოველი თავი, შუაღამე გადასული იყო, რომ დავტოვე, ყურებში მისი ხმა ჩამესმოდა: „ღმერთი თავის რჩეულ შვილებს უცხადებს საიდუმლოს, რომელიც ძირითადად მომავალს ეხება…”

მერაბ სანოძე: – როცა გოგი წერს, მისი ყურება და სმენა ერთი სიამოვნებაა, ცალკე სპექტაკლია. უნდა გენახათ, თეთრ პერანგში, თეთრი წვერით, თეთრი თმით… ჩაწერის დროს ნელ-ნელა შედიოდა ემოციებში და ბოლოს ირეოდა, ყალყზე დგებოდა ეს თმაც, პერანგიც და მთლიანად ეს კაციც. ყურებას რომ დავიწყებდი, ვეღარ ვუძლებდი, ვგიჟდებოდი და გარეთ გამოვდიოდი. ძალიან დიდი ენერგიის პატრონია, არანორმალურია. ის საქმე, რაც მან ასწია, ბარე ორ ახალგაზრდას გაუჭირდება. მოხვიდე, წაიკითხო – ასე არ არის. მომზადებული უნდა იყო ამისთვის. მოკლედ, ეს უნდა გაკეთებულიყო. ოღონდ არ ვიცი, ამის შემდეგ, ამაზე დიდი რა უნდა გავაკეთო.

მთლიანად შევიცვალე. როგორც ჩემი მეუღლე და მეგობრები ამბობენ, რაღაც სხვანაირი ვარ. იცით, რამდენი ხელის შეშლა გვქონდა? ვაიმეეე… სულ აი, აქ, მხარზე მეჯდა ეშმაკი. პროექტი რომ დამთავრდა და მისი გაწმენდა გვინდოდა (პოსტპროდუქციის კეთების დროს), აღმოვაჩინეთ, რომ ფაილი საერთოდ გაქრა. ეს ხმის რეჟისორმა, დიმა თეიმურაზოვმა მითხრა. პროექტი არსად იყო! დიმას „ჰარდ დისკზე“ ჰქონდა კოპიო და შევამოწმეთ და იქაც აღარ იყო. მოვკვდით, ვერ ვეუბნებოდით პარტნიორებს. 20 დღე ვერ ვეკარებოდი, არც ირთვებოდა. მერე ვიტყუებოდი, მოდი, ხომ არ გადავდოთ დამუშავება-მეთქი…

„ჰარდ დისკი“ გასაკეთებლად რომ მივიტანე, შანსი არ არის, არაფერი აღდგებაო, მითხრეს. ერთხელაც, ღამით შევიარე სტუდიაში, ჩავრთე და ჩაირთო! ათი კოპია გავაკეთე და სეიფში შევინახე. მერე ფაილები შიგადაშიგ იკარგებოდა, ზოგი ისე არ ჟღერდა, როგორც უნდა აჟღერებულიყო. ამის თავიდან ჩაწერა წარმოუდგენელი იყო. არა მგონია, გოგის ეს თავიდან ჩაეწერა. რომ დაკარგულიყო, ალბათ, მე ამ ქვეყანაში არ გავჩერდებოდი, ან საერთოდ მარტო ვიქნებოდი მთელი ცხოვრება. ამ პროექტს რომ ვაკეთებდით, ძალიან დიდი კურთხევა მივიღეთ. როდესაც პატრიარქს ხვდები, თავზე ხელს დაგადებს, სხვაგან ხარ… სასწაული აურა აქვს და უდიდესი სითბო მოდის მისგან. ახლა ლაღად ვყვები, თორემ იმ დროს მოვკვდი, ამ ქვეყანაზე არ ვიყავი.

ჩვენ ქარხანა გვაქვს, სადაც დისკზე მოხატვა მიდის. ყველაფერს ხატავდა და საქმე ბიბლიის დისკების მოხატვაზე რომ მიდგა, საღებავი არ ედებოდა. მერე დისკების ჩასადები ყუთები ვერა და ვერ დამზადდა. ბოლოს ხის ყუთები გადავწყვიტეთ. უზუსტეს დაზგაზე იჭრებოდა, მაგრამ იმ 500-დან ორი ერთნაირი ყუთი ვერ ვნახეთ. ან მილიმეტრით დიდი იყო, ან – პატარა. პერსონალი თვითონ გიჟდებოდა. ამ ყუთს ახლა ბოლნური ჯვარი აქვს ზემოთ გამოსახული. მაინც არ გავტყდით და საქმე ბოლომდე მივიყვანეთ.

ნოდარ მამისაშვილი: – მუსიკას უფრო მალე დავწერდი, რომ არა უარყოფითი ძალის წინაღობა. როდესაც განსაკუთრებულ საიდუმლოს უნდა ეზიაროს ადამიანი, მას ყოველთვის ეშლება ხელი. თავსხმა წვიმაში ტროტუარზე მანქანა შემოვარდა, დამარტყა და გავფრინდი. სულ დავილეწე. ბეწვზე გადავრჩი. მარჯვენა ხელი ორ ადგილას მქონდა მოტეხილი, მარცხენაზე კი ცერი. მანქანა გაიქცა… ავარიაზე თვითონ წავედი. იმ ადგილას არ უნდა მივსულიყავი ტრანსპორტისთვის და რატომ მივედი, მართლა არ ვიცი.

მერე აბაზანაში ავზი ამიფეთქდა და ხელი დავიწვი, მესამე ხარისხის დამწვრობა მქონდა, ხელი ძლივს გადამირჩინეს. ველოდი, მესამე რა უნდა ყოფილიყო. ერთ მშვენიერ დღეს, კომპიუტერთან დავჯექი. რომ უნდა შეერთდეს ხმები, ამ ხმების შეერთების ნაცვლად, უცებ გაისმა ერთი რაღაცა უბედურება. გავჩერდი, ისიც გაჩერდა, ჩავრთე, ისიც აჰყვა და მღერის. ვიფიქრე, ჩემი საქმე კარგად არ არის, გავრეკე-მეთქი. დავიწყე გაანალიზება, რა ცოდვები მიმიძღვის ისეთი, რომ მესამე სასჯელი გამომიგზავნა უფალმა. ასპროცენტიანი ჰალუცინაცია მეგონა. გამოვრთე კომპიუტერი, შუქი და ისევ გაისმა. ხმა უჯრიდან მოდიოდა. გამოვაღე და სანოს ტელეფონი იდო. ჩემთან დარჩენოდა და ზარად ჯგუფ „ფაიას“ რაღაც სიმღერა ჰქონდა დაყენებული. ამიტყდა სიცილი, მაგრამ ორი დღე მუსიკა ვეღარ დავწერე. იმის გამო, რომ ღვთის შვილები ვიყავით, მაინც ვაჯობეთ უარყოფითი ენერგეტიკის შემოსვლას და ხელშეშლას. ის მაინც შესრულდა!